ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანელი ჯარისკაცები ამერიკელების თავდასხმის მოლოდინში არიან, რათა მათ საპასუხოდ ცეცხლი გაუხსნან. ამავდროულად, ამერიკული მედიის ცნობით, პენტაგონი ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, დაამტკიცებს თუ არა ამ გეგმას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი ირანის ხელმძღვანელობის ცოცხალ წევრთა შორის, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. პირვანდელი ინფორმაციით, ღალიბაფი აშშ-სთან ომის დასრულების შესახებ გარკვეულ კონტაქტს ინარჩუნებდა, თუმცა თავად ღალიბაფმა საჯაროდ უარყო ეს ინფორმაცია: "მტერი საჯაროდ აცხადებს, რომ მზადაა მოსალაპარაკებლად, ფარულად კი სახმელეთო შეტევისთვის ემზადება. ირანის ძალები ამერიკელი ჯარისკაცების ირანის მიწაზე ფეხის დადგმას ელოდებიან, რათა ცეცხლის წვიმაში გახვიონ",- თქვა ღალიბაფმა.

მანამდე, აშშ-მ რეგიონში დაახლოებით 3 500 ჯარისკაცის ჩასვლის შესახებ გამოაცხადა, რაც Washington Post-ის ინფორმაციით, სახმელეთო ოპერაციისთვის მზადების ნაწილია, რომელიც, შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.
ამის მიუხედავად, კვლავ უცნობი რჩება ტრამპის გეგმები: "არსად არ ვგზავნი ჯარებს, და რომც გავგზავნო, ნამდვილად არ გეტყოდით ამის შესახებ", - განაცხადა მან თვის დასაწყისში მიცემულ ინტერვიუში.
პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კი განაცხადა, რომ აშშ-ს ირანში მიზნების მიღწევა სახმელეთო ჯარების გამოყენების გარეშეც შეუძლია.

პარალელურად კი ისრაელმა თეირანზე თავდასხმა განახორციელა. მათი განცხადებით, დარტყმის სამიზნე დროებითი სამეთაურო პუნქტები და იარაღის წარმოების ობიექტები იყო. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანის რეჟიმმა მობილიზება გაუკეთა რამდენიმე სამეთაურო პუნქტს მას შემდეგ, რაც წინა ობიექტებს დარტყმა მიაყენეს. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ რამდენიმე მათგანი ამჟამად განადგურებულია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდასხმა საუდის არაბეთზეც განხორციელდა. სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებმა, მათ შორის არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და ქუვეითმაც განაცხადეს, რომ ღამით მათ ტერიტორიაზე საჰაერო შეტევა განხორციელდა.
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ამჟამად მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან. კვირას, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისლამაბადში ეგვიპტის, პაკისტანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეუერთდება და როგორც ვარაუდობენ, მათი მოლაპარაკებები ორ დღეს გასტანს.
წყარო: bbc.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
იხილეთ ასევე: