კენიის რიფტ ველის წყნარი სასოფლო-სამეურნეო ქალაქი, არალეგალური ვაჭრობის ცენტრად იქცა.
გაზაფხულის წვიმიან ამინდებში, შეჯვარების რიტუალის დროს ფრთოსანი მამრები და დედოფალი ჭიანჭველები ბუდეებიდან გამოდიან. ეს ყველაზე მოსახელთებელ სიტუაციას ქმნის კონტრაბანდისტებისთვის დედოფალი ჭიანჭველების დასაჭერად და გასაყიდად, რომლებიც მზარდი გლობალური შავი ბაზრით სარგებლობენ. ჭიანჭველებით დაინტერესებული ადამიანები შეძენილ მწერს გამჭვირვალე აკვარიუმებში (ფორმაკარიუმში) სვამენ, რომლებიც მათზე დასაკვირვებლადაა შექმნილი და უყურებენ, თუ როგორ ქმნიან დედოფლები კოლონიებს.
ჭიანჭველების კოლექციონერები ყველაზე ძვირად აფასებენ გიგანტურ აფრიკულ ჭიანჭველა დედოფლებს, რომლებიც დიდი ზომისაა და წითლადა არიან შეფერილი. შავ ბაზარზე, რომელიც, როგორც წესი, ონლაინ რეჟიმში მუშაობს, ერთი ჭიანჭველას ფასი 220 აშშ დოლარამდე მერყეობს. ამასთან, ერთი ორსულ დედოფალ ჭიანჭველას მთელი კოლონიის შექმნა შეუძლია და ის ათწლეულების განმავლობაში ცოცხლობს.

აღსანიშნავია, რომ შავ ბაზარზე მომუშავეთათვის ჭიანჭველების საზღვარგარეთ გაგზავნაც მარტივია, რადგან სკანერები ორგანულ მასალას არ აფიქსირებენ.
"როგორც წესი, უცხოელი კოლექციონერები თვითონ არ მოდიან ჭიანჭველების შესაგროვებლად, ისინი ქალაქში, სასტუმროში ან მანქანაში გველოდებიან. ჩვენ ჭიანჭველებს ვიჭერთ, პატარა ბოთლებში ან შპრიცებში ვათავსებთ, რომლებსაც თავად გვაძლევენ და შემდეგ მათთან მიგვყავს",- ამბობს ადგილობრივი BBC-სთან, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა.
კენიაში უკანონო ვაჭრობის მასშტაბებზე მას შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, როცა გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ტურისტებისთვის პოპულარულ ტბისპირა ქალაქში, ნაივაშაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში 5 000 გიგანტური, დედოფალი ჭიანჭველა იპოვეს. კენიის ველური ბუნების სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილები, რომლებიც ბელგიიდან, ვიეტნამიდან და კენიიდან იყვნენ, შპრიცებში მოთავსებულ ჭიანჭველებს გარედან სველ ბამბას ახვევდნენ, რაც ჭიანჭველებს მინიმუმ 2 თვის მანძილზე აცოცხლებს. გეგმა მათი ევროპაში და აზიაში გასაყიდად გატანა იყო.

სპეციალისტების თქმით, მესორ ცეფალოტები ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი სახეობაა ჭიანჭველებს შორის. ისინი ქმნიან დიდ კოლონიებს, საინტერესო ქცევებს ავლენენ და მათი მოვლაც მარტივია, რადგან არ არიან აგრესიულები. შეჯვარების პერიოდში დედოფლები რამდენიმე მამრთან წყვილდებიან. რის შემდეგაც, მამრების საქმე წასულია - მათ ან მტაცებლები ჭამენ ან კვდებიან. ამის შემდეგ დედოფლები მიდიან პატარა ორმოების გასათხრელად და დებენ კვერცხებს, რათა თავისი იმპერია ააშენონ. მათი "მუშა" ჭიანჭველები და მებრძოლებიც მდედრები არიან და ისინი დედოფლის ბუდეს იცავენ. საბოლოოდ, ჭიანჭველების რიცხვი ასობით ათასს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ სანამ დედოფლები ცოცხლობენ, კოლონია იზრდება, მათი სიკვდილისთანავე კი კოლონია ინგრევა და ნებისმიერი გადარჩენილი მუშა ჭიანჭველა სხვა ბუდის ძებნას იწყებს.

"თუ ინვაზიური ჭიანჭველებით მოვაჭრეთა ბაზარი გაიზრდება, მხოლოდ დროის საკითხია, რომ რამდენიმე მათგანი ფორმაკარიუმიდან (აკვარიუმიდან) გათავისუფლდება და ველურ ბუნებაში დამკვიდრდება, საბოლოოდ კი ეს მარცვლეულის მეურნეობისთვის დიდ პრობლემად შეიძლება იქცეს", - აცხადებს მუკონი ვატაი, კენიის ველური ბუნების კვლევისა და ტრენინგის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი.
წყარო: bbc.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
იხილეთ ასევე: