უკრაინა სპარსეთის ყურის ქვეყნებს დრონებით ბრძოლის ტექნოლოგიას შეასწავლის: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ზელენსკის ტურნეს დეტალები
კატარში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იორდანიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პირველმა პირმა თავად გაავრცელა - გამოაქვეყნა იორდანიის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის ვიდეო, რომლებიც მას ასაფრენ ბილიკზე დახვდნენ.
“წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის“, - აღნიშნა ზელენსკიმ და მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იორდანიის მეფესთან უსაფრთხოების სფეროში შესაძლო პარტნიორობა განიხილა.

“შევხვდი იორდანიის მეფე აბდულა II-ს. განვიხილეთ პოტენციური პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული საერთო ვითარება.
უკრაინა ღიაა დრონებისა და სარაკეტო თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით ერთობლივი მუშაობისთვის. ჩვენივე გამოცდილებიდან ვიცით, რომ ერთიანი სისტემის გარეშე, უბრალოდ შეუძლებელია ადამიანებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ყოვლისმომცველი დაცვა. ჩვენ გვაქვს ასეთი სისტემა, რადგან რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დროს, იძულებულები ვართ თავი დავიცვათ რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმებისგან, მათ შორის ირანული დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმებისგან“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვისაც უკრაინა თავის ექსპერტიზას სთავაზობს, ასევე დაეხმარონ ქვეყანას გაძლიერებაში.
“მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობას შეხვედრისთვის და დიალოგისადმი მისი გახსნილობისთვის“, - აცხადებს ზელენსკი.
რუსეთთან ომის განმავლობაში, უკრაინა დრონების ტექნოლოგიების ექსპერტი გახდა, ახლა კიევი ცდილობს გამოიყენოს ეს გამოცდილება და სპარსეთის ყურის ქვეყნებს ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს. აღსანიშნავია, რომ ირანი აქტიურად ესხმის რეგიონს თავს.
ზელენსკიმ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებებს დრონების ექსპერტიზისა და ტექნოლოგიების შესახებ საუდის არაბეთთან და კატართან.
უფრო დეტალურად - უკრაინას შეუძლია აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს მიაწოდოს “დრონების სრული პაკეტი“, რაც მოიცავს ტექნოლოგიას, დრონების გაყიდვას, მოვლა-პატრონობას და საბრძოლო გამოცდილების გადაცემას.
სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ურთიერთობების გამყარება, რომლებსაც დიდი ფინანსური რესურსები აქვთ, შეიძლება უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველყოფაში დაეხმაროს.
მოლაპარაკებები უკრაინისთვის ხელსაყრელ მომენტში ხდება - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, აშშ-ს თავდაცვის რესურსები შეზღუდულია და უკრაინისადმი ყურადღება გარკვეულწილად შემცირდა. ზელენსკი კი ხვდება, რომ მას სხვა მოკავშირეებთან უფრო ფართო კავშირების დამყარება სჭირდება, რათა უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო მხარდაჭერა ჰქონდეს.
შაბათს, კატარში ყოფნისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუდის არაბეთსა და კატარში მისი ვიზიტების დროს უკვე ხელმოწერილი იყო 10-წლიანი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება და რომ მსგავსი შეთანხმება - ასევე 10 წლით - არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან იგეგმება.
საუდის არაბეთისა და კატარის ხელისუფლებამ ასევე გამოაცხადა მემორანდუმების ხელმოწერის შესახებ, რომლის მიხედვითაც უკრაინა მათ ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლისა და ზოგადად, ომის გამოცდილებას გაუზიარებს. ასწავლის თავდაცვის სისტემებთან მუშაობას.
საფუძველზე, რეგიონის ორ ქვეყანასთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი და კიდევ ერთ ქვეყანასთან კიდევ ერთის გაფორმებას გეგმავს.
“ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ... რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკურად შევცვალეთ სიტუაცია. ყველას ესმის, რომ რუსეთი ეხმარება ირანს“, - თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობა, ინვესტიციებისა და დრონების წარმოების გარდა, ოპერატორების მომზადებასაც მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრების დაწყებამდე უკრაინამ სპარსეთის ყურის ქვეყნების დასახმარებლად 200-ზე მეტი დრონის საბრძოლო სპეციალისტი გაგზავნა. დრონების გარდა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან მასპინძელ ქვეყნებთან საწვავის მომარაგება განიხილა.
რაც შეეხება კატარის ემირთან ზელენსკის შეხვედრას, უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ემირ თამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანისთან თავდაცვის საკითხებზე პარტნიორობის შესახებ ისაუბრა.
“ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უზრუნველვყოთ ჩვენს ქვეყნებში სიცოცხლის უფრო მეტი დაცვა და შევთანხმდით ურთიერთსასარგებლო თავდაცვის პარტნიორობაზე მინიმუმ 10 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვის ინდუსტრიაში ერთობლივ პროექტებს, ერთობლივი წარმოების ობიექტების შექმნას და კომპანიებს შორის ტექნოლოგიურ პარტნიორობას.
როგორ ჩანს, უკრაინა სპარსეთის ყურის ქვეყნებს თანამედროვე საბრძოლო მექანიზმებს შეასწავლის. ამის ინტერესი ორივე მხარეს აქვს. მოლაპარაკებები კი უკრაინის შანსია, შექმნას თვისებრივად ახალი პარტნიორობა ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებთან.
იხილეთ ასევე: