ავტორი:

"ოდნავადაც კი არ ნანობს, შვილი რომ მომიკლა" - რა დეტალებზე ლაპარაკობს დედა, რომლის შვილის მკვლელობისთვის "ტიკტოკერ" თეკლა გერსამიას ასამართლებენ

"ოდნავადაც კი არ ნანობს, შვილი რომ მომიკლა" - რა დეტალებზე ლაპარაკობს დედა, რომლის შვილის მკვლელობისთვის "ტიკტოკერ" თეკლა გერსამიას ასამართლებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები ახალგაზრდა ქალს, 25 წლის "ტიკტოკერ" თეკლა გერსამიას მალე ვერდიქტს გამოუტანენ და გაირკვევა, ცნობენ თუ არა მას დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. თეკლა გერსამიას სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით ასამართლებენ, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მას ლუკა დარასელიას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. ქალს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში ყოველდღე მიმდინარეობს და უკვე არაერთი ადამიანი დაიკითხა პროცესზე.

  • რა მოხდა 2025 წლის 22 აგვისტოს?

თბილისში ვაჟა-ფშაველას 93 ნომერში, 2025 წლის 22 აგვისტოს, შუადღის პირველი საათისთვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა დანით დაჭრილი 22 წლის ლუკა დარასელია სადარბაზოში ნახეს.

ცოლ-ქმარი, თეკლა გერსამია და ლუკა დარასელია ამავე სადარბაზოში, მე-6 სართულზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

საქმის მასალების მიხედვით, ცოლმა ქმარი მეოთხე სართულზე, სადარბაზოში დაჭრა.

როგორ აღმოჩნდა ცოლ-ქმარი მეექვსე სართულიდან მეოთხე სართულზე, სადარბაზოს უჯრედში, დღემდე ბოლომდე გაურკვეველია.

2025 წლის 24 აგვისტოს, "ტვ პირველისთვის" მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში, ბრალდებულის დედა ილონა ლეჟავა ამბობდა, რომ 22 წლის ბიჭმა, თვითმკვლელობის მიზნით, თავად მიიყენა დანით დაზიანება.

"სადარბაზოში იყო და თვითონ ჩაირტყა ეს დანა და თეკლამ გამოაძრო დანა. მერე თეკლა გავარდა, მიჰყავდა მხარზე აკიდებული, რომ სასწრაფომდე ჩაეყვანა, მაგრამ ვეღარ ჩაიყვანა კიბეებზე, იმიტომ, რომ გაითიშა. გავარდა გარეთ, სასწრაფო მოიყვანა და კლინიკაშიც კი გაჰყვა. გადარჩენას ცდილობდა“, - უთხრა მან "ტელეკომპანიას". ამ ვერსიას იმეორებს დღემდე ბრალდებულიც.

თეკლა გერსამიას დედა ასევე ჰყვებოდა, რომ მისმა შვილმა ქმართან ხელი იძულებით მოაწერა:

"ეგენი ერთად არ ცხოვრობდნენ. ამ ბიჭს უყვარდა ძალიან და ცდილობდა, მასთან ერთად ყოფილიყო და თეკლა წინააღმდეგი იყო. მერე ისე მოხდა, რომ ხელი მოაწერა, იმიტომ, რომ ამას [22 წლის ბიჭს - რედ.] ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ვალები და რაღაცები... გვარის შეცვლა მინდაო, ასე ეუბნებოდა, იმიტომ, რომ თეკლა საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და პასპორტიც კი წაართვა თეკლას, იმიტომ, რომ არ გამეპაროო. სულ იმუქრებოდა, რომ თავს მოვიკლავო, ხელებს ისერავდა, რას აღარ შვრებოდა იმისთვის, რომ მანიპულაციით და ფსიქოლოგიურად ემოქმედა თეკლაზე".

ფაქტობრივად, იგივე გაიმეორა ილონა ლეჟავამ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისასაც. (იხილეთ ჩვენება)

თეკლა გერსამიას ადვოკატი ნინო გიგაური კი ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალს აღიარების ოქმზე ხელი მოტყუებითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით მოაწერინეს.

"ჩემი დასწრების გარეშე დაკითხეს, სადაც ეუბნებოდნენ აღიარე, არაფერი იქნებაო ...ბავშვთან ერთად სახლში გაგიშვებთო ... იმ ოქმს მოაწერა ხელი, რაც დაუდეს. ოქმში ეწერა მე დავარტყი დანაო", - ამბობს ადვოკატი.

ამ ყველაფერს უარყოფს ლუკა დარასელიას დედა, ინგა ესართია, რომელიც სასამართლო სხდომებს ესწრება. მას აქვს იმის მოლოდინი, რომ ნაფიცი მსაჯულები სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანენ. ნაფიცი მსაჯულების შერჩევა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და სწორედ ბრალდებულის და მისი ადვოკატის მოთხოვნით ასამართლებს თეკლა გერსამიას ახლა ნაფიცი მსაჯულები.

  • ფარული ჩანაწერი

როცა დანაშაული მოხდა, მაშინ ითქვა, რომ დაკავებულმა თეკლა გერსამიამ დანაშაული აღიარა, თუმცა როგორც ჩანს, მან ოფიციალურად დაკითხვის დროს კატეგორიულად უარყო ლუკა დარასელიას მკვლელობა. ის ამ დრომდე ამბობს, რომ ლუკამ თვითდაზიანება მიიყენა. საქმეში დევს ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერი, რომელიც პოლიციის თანამშრომელმა ბრალდებულის დაკავების შემდეგ ჩაწერა, სადაც თეკლა გერსამია მკვლელობას აღიარებს. "მინდოდა ერთი-ერთზე დაგლაპარაკებოდი, ხომ არ ხარ წინააღმდეგი გავისაუბროთ. ძალიან კარგი გოგო ხარ, თბილი, მოსიყვარულე შვილის დედა“, - მიმართავს ფარულ ჩანაწერში მას პოლიციელი, რის შემდეგ თეკლა გერსამია მომხდარის შესახებ ჰყვება.

"ჩხუბი დავიწყეთ. ვენტილატორი აიღო, მერე სკამებს ურტყამდა, სხვის სახლს ლეწავდა... მწვანე დანა მაგიდაზე იდო... სადარბაზოში კიბეზე ჩავდიოდით, იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, გავუქანე და ჩავარტყი. დანა წავიღე, "რაკოვინაში“ ჩავაგდე, წყალი გადავავლე, ბავშვი წამოვიყვანე, ფანჯარაზე იყო ამძვრალი. ძალიან ცუდად ვიყავი, [სასწრაფოს] ვერაფერი ვუპასუხე... საავადმყოფოდან დედასთან წავედი, არაფერი მითქვამს, თავისით გაიგო... ძალით არ გამიკეთებია, იმდენად ხშირი იყო შეურაცხყოფა... სხვის სახლში ვცხოვრობდით, სხვისი სახლის გამო გავეკიდე“, - აცხადებს ჩანაწერში გერსამია.

  • რა განაცხადა სასამართლო სხდომაზე ფსიქიატრ-ექსპერტმა მარინა მათიაშვილმა?

სასამართლო პროცესზე ექსპერტი მარინა მათიაშვილი დაიკითხა. პროკურორმა გიორგი ქობულაძის კითხვას, ჩადენილი ქმედება, გამორიცხავს თუ არა აფექტს, ექსპერტმა ასე უპასუხა:"ეს გამორიცხავს აფექტის მდგომარეობაში ჩადენილ ქმედებას“.

სწორედ ექსპერტმა მათიაშვილმა ჩაუტარა თეკლა გერსამიას ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რათა გაერკვია, ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში იყო თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს. როგორც ექსპერტმა განმარტა, ის თეკლა გერსამიას სტაციონარში 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, თუმცა, ვინაიდან გერსამია დანაშაულს უარყოფდა, მისი მონაყოლით აფექტზე ვერ იმსჯელებდა, რის გამოც, ექსპერტმა აღნიშნულზე გამოძიების მიერ გადაცემული მასალებიდან იმსჯელა. როგორც ექსპერტმა პროცესზე განაცხადა, მას საგამოძიებო ორგანომ ორი კითხვით მიმართა, იყო თუ არა თეკლა გერსამია ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში ან სხვა პათოლოგიურ აფექტურ მდგომარეობაში, რაც ქმედების ჩადენის დროს მის ცნობიერებაზე გავლენას მოახდენდა. "საექსპერტო კვლევის შედეგით, თეკლა გერსამიას ქმედება ფიზიოლოგიურ აფექტურ მდგომარეობაში ჩადენილად არ შეფასდა, არც სხვა პათოლოგიურ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, რაც ქმედების გაცნობიერებას შეუშლიდა ხელს... საქმის მასალებით, ის აყენებს დარტყმას, როგორც მახსოვს, რამდენიმე სართულზე ჩაჰყავს, მერე სასწრაფოში მირბის, მერე ფიქრობს, რომ შვილი ჰყავს დატოვებული სახლში, ჩამოჰყავს შვილი და მიჰყვება სასწრაფოს. რამდენი ტიპის სხვადასხვა ქმედებას ვხედავთ... აბსოლუტურად, ადეკვატურია, მიდის სასწრაფოში, დახმარებას ითხოვოს, ბავშვი ჩამოჰყავს და სასწრაფოს მიჰყვება, ეს, აბსოლუტურად, შორს არის ფიზიოლოგიური აფექტისგან“, - განაცხადა პროცესზე ექსპერტმა.

მისი თქმით, გერსამიამ მასთან გასაუბრებისას მომხდარი ფაქტი სხვაგვარად მოუყვა. მას უთხრა, რომ "ლუკამ მაღაზიაში რაღაცები მოიპარა და ამაზე იჩხუბეს“. გერსამიამ მერე ფსიქოლოგს უთხრა, რომ მან ყვირილის ხმა გაიგო და როცა ლუკა დაინახა, ის კისრიდან საყელოს იწევდა, რა დროსაც დანა დაინახა, ამოაცალა და მოგვიანებით გარეცხა. "ლუკა მოვიკიდე და კიბეებზე ჩამყავდა. დამძიმდა, ვეღარ მიმყავდა და სასწრაფოში ჩავედი, ბავშვი მარტო მყავდა დატოვებული და მერე მასთან ავედი“, - უთქვამს გერსამიას ფსიქოლოგთან.

  • ინტერვიუ ლუკა დარასელიას დედასთან

თეკლა გერსამია ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს. თუმცა მოკლული ლუკა დარასელიას დედას სჯერა, რომ ფარულ ჩანაწერში ის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ბრალის წარდგენის შემდეგ კი უკვე ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას.

ინგა ესართია სასამართლო პროცესზე უკვე დაიკითხა. ამბობს, რომ მისთვის ძალიან რთულია ამ სასამართლო პროცესებზე ყოფნა, მაგრამ თავს ძალას ატანს და ისმენს ყველა მოწმის ჩვენებას.

ინგა ესართია:

- ნაფიცი მსაჯულები ასამართლებენ ჩემი შვილის მკვლელს და მათ სასამართლო პროცესზე მოისმინეს პირველ დღეს გაკეთებული ფარული ჩანაწერი, რომელშიც გერსამიამ დეტალურად აღიარა ჩემი შვილის, ლუკას მკვლელობა. თვითონ გააკეთა ეს აღიარება, მაგრამ ახლა უკვე აღარ აღიარებს. ამ ვიდეო ჩანაწერში ყველაფერი ჩანს, ეს დაინახეს და მოისმინეს ნაფიცებმა. იმედი მაქვს, ისინი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. ძალიან მიჭირს ამ პროცესებზე რომ დავდივარ, მიჭირს დარბაზში თვალებში რომ ვუყურებ ჩემი შვილის მკვლელს, მაგრამ რა ვქნა, უნდა გავუძლო, რომ სიმართლე დავამტკიცოთ, დამნაშავე საკადრისად დაისაჯოს და ჩემს მსგავსად სხვა დედა არ გამწარდეს. იმედი მაქვს და მჯერა, ნაფიცები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და დამნაშავე დაისჯება კანონის შესაბამისად, მართლა მაქვს ამის დიდი იმედი და სურვილი.

- ამდენი დრო გავიდა თქვენი შვილის მკვლელობიდან, თუ გაქვთ პასუხი დღეს, რატომ უნდა მოეკლა თეკლა გერსამიას თქვენი შვილი?

- ამ კითხვას პასუხი თვითონ უნდა გასცეს. მისგან პასუხი არ მაქვს, იმიტომ, რომ ის არ აღიარებს დანაშაულს, მაგრამ ჩანაწერებიდან, გამოძიებული მასალებიდანაც ყოველდღიურად რასაც ვეცნობით და რასაც ვხედავთ, ვრწმუნდები, რომ ჩემი შვილი მან მოკლა. მე ამაში მაშინაც დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ მთავარია ახლა ნაფიცებმა გაიგონ ნორმალურად სიმართლე. იმედი მაქვს, ნორმალურად გაიგებენ ყველაფერს და საბოლოოდ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. მგონი კვირის ბოლომდე გაგრძელდება დაკითხვები და მერე გამოიტანენ ვერდიქტს.

- ხომ არ გაიხსენებთ თქვენი შვილის და თეკლა გერსამიას ურთიერთობას, ვიცით, რომ თქვენ ემიგრაციაში იყავით, მაგრამ გქონდათ კომუნიკაცია თქვენს შვილთან, იყო დაძაბული ურთიერთობები მათ შორის?

- სამწუხაროდ არანაირი ეჭვები ამ ქალზე არ მქონდა, ძალიან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, ერთ სახლში ცხოვრობდნენ. თავიდან ყოველდღიური კონტაქტი მქონდა ჩემს შვილთან, თეკლასთანაც, ვიდეო ზარითაც სულ ვურეკავდი, სულ ერთად იყვნენ, უბრალოდ, ბოლო პერიოდი ჩემი შვილი რომ ძალიან შეიცვალა ამის გამო ვღელავდი. ჩხუბი არც მიფიქრია, უბრალოდ, ვერ ავხსენი რატომ შეიცვალა ჩემი შვილი. შენი შვილი ყოველდღიურად რომ გკითხულობს, გირეკავს და უცებ რომ მიატოვებს ამ ყურადღებას, ნებისმიერ დედას დაწყდება გული, გული დამწყდა მეც. თან თეკლა გერსამია მეუბნებოდა, რომ პირველ ქმარს გაშორებული იყო, ყოფილიაო ამბობდა, მაგრამ აღმოჩნდა მერე, რომ დაშორებული არ ყოფილა, გავიგე რომ მისი ქმარი ციხეში იყო. ამის შემდეგ ვღელავდი რაღაცნაირად, მეშინოდა, რადგან ისინი ოფიციალურად დაშორებულები არ აღმოჩნდნენ, მეშინოდა ჩემი შვილისთვის რამე არ დაეშავებინა მის ვითომ ყოფილ ქმარს, ამის შიში ნამდვილად სულ მქონდა. ამაზე ვნერვიულობდი, თორემ ამათი ჩხუბი მე არ ვიცი, არ მინახია, არც ვიცოდი, მეგონა, ნორმალური ოჯახი, არ მიფიქრია, რომ მათ შორის რამე ხდებოდა, არ ვიცოდი, მაგრამ უცნაურად მეჩვენებოდა ისიც, რომ სულ ფულს გვთხოვდა. მუდმივად ფულს ითხოვდა, ბოლოს უკვე რაღაცნაირად ვხვდებოდი, რომ რაღაცას მატყუებდა და ვცდილობდი ყველაფერი გამერკვია ნორმალურად, ჩხუბის გარეშე, ემიგრაციაში ვიყავი. იქიდან ჩამოსვლასაც ვგეგმავდი, მაქსიმუმ 10 დღეში უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი ჩემი შვილის დაცვა.

სამწუხაროდ, შვილი მომიკლა და ამ დრომდე არ მაქვს პასუხი რა იყო ამის მიზეზი, იმედი მაქვს, სასამართლო პროცესების დასრულებამდე მივიღებ ამაზე პასუხს. საბოლოო შედეგს დაველოდები.

ჩემი ლუკა იყო ძალიან მიმნდობი, სიბოროტის ნატამალიც არ ჰქონდა. სულ მაგას ვეუბნებოდი, ლუკა, შენ ძალიან მიმნდობი ხარ, კეთილი ხარ, მაგრამ არ არის ასე, ცხოვრება სულ სხვანაირია და ყველას ბოლომდე მაინც არ ენდო-მეთქი. ძალიან მოსიყვარულე.

22 წლის იყო, ჯერ კიდეც ბავშვი, გაზრდილი არ იყო ბოლომდე ჩემი შვილი. ბოლო დროს მას შემდეგ, რაც ამ გოგოსთან ცხოვრობდა, ძალიან შეიცვალა. ერთი და ჰყავს და იმასაც არ ეკარებოდა. არადა, მანამდე სულ სხვანაირი ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან. ლუკა გახსნილი იყო ჩემთან კი არა, ოჯახის ყველა წევრთან, დასამალი არაფერი არ ჰქონდა, არაფერს არ აკეთებდა დასამალს.

ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ამ თეკლას ხელში აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, სულ სხვანაირი გახდა და ამაზე ვნერვიულობდი, ამას განვიცდიდი. სულ ვეუბნებოდი, ლუკა რატომ გახდი ასეთი-მეთქი, მაგრამ ამის პასუხი არ მქონდა და ჩამოსვლასაც ამიტომ ვაპირებდი, ვერ მოვასწარი.

ჩემი ქმარიც ემიგრაციაში იყო, ის ჩამოვიდა, ღელავდა ისიც, რადგან გვეშინოდა ამ გოგოს ყოფილი ქმრის. ლუკას რამე არ დამართოს-მეთქი, მაგ ბიჭზე ვფიქრობდი, თორემ ეს ქალი რომ შვილს მომიკლავდა რას ვიფიქრებდი...

- როგორც მკვლელობის დღეებში ითქვა, თქვენი მეუღლე რუსეთიდან სწორედ იმიტომ ჩამოვიდა, რომ ისინი დაეშორებინა ერთმანეთისთვის, რადგან არ გინდოდათ, რომ გათხოვილი, შვილიანი ქალი მოეყვანა თქვენს შვილს, ეს მართალია?

უბრალოდ, გარკვევა მინდოდა მისი და მისი ქმრის ურთიერთობის, იმის გარკვევაც მინდოდა, რომ ჩემი შვილი ასეთი ცივი რატომ გახდა, ასე უყურადღებო რატომ გახდა... მათი დაშორება არ მიფიქრია, რადგან ამბობდნენ, რომ ერთმანეთი უყვარდათ. უბრალოდ, ჩამოსვლა მინდოდა და ამ ყველაფრის გარკვევა, ჯერჯერობით ამას ვაპირებდი.

ლუკას მამა ჩამოვიდა, მეც ვგეგმავდი ჩამოსვლას, ჩემს ჩამოსვლას ელოდებოდა ჩემი მეუღლე და ორივეს, დედას და მამას გვინდოდა მისვლა და ლაპარაკი, გარკვევა, რატომ შეიცვალა ჩვენი შვილი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დაგცალდა. მანამდე მამამ ლუკა ნახა და თქვა, ჩვეულებრივად იყვნენო, როგორც ცოლ-ქმარს შეიძლება ჰქონდეს, ისეთი ურთიერთობა ჩანდაო. იქაც ნამყოფია თეკლას ბინაში, სადაც ცხოვრობდნენ ერთად მთელი ექვსი თვე...

სასამართლო პროცესზე ვუყურებ ჩემი შვილის მკვლელს და ვხედავ, ოდნავადაც კი არ ნანობს, შვილი რომ მომიკლა. დარწმუნებული ვარ, არ ნანობს, უფალმა განსაჯოს და უფლის ეშინოდეს, ყველაზე წინ უფალია, ლუკას ოჯახი რომ გაამწარა, უფლის უნდა ეშინოდეს.

- ბრალდებული თეკლა გერსამია უარყოფს იმ ჩვენებას, რაც ფარულ ჩანაწერშია. ამბობს, რომ მოტყუებით მიაცემინეს ეს ჩვენება, მას უთხრეს, რომ ამის შემდეგ გაუშვებდნენ თავის შვილთან. ის ახლა კატეგორიულად უარყოფს მკვლელობას და ამბობს, რომ ლუკამ თვითდაზიანება მიიყენა. რამდენად დამაჯერებელია ის ჩანაწერი თქვენთვის?

- რა ვიცი, ძალით ვინ ათქმევინებდა. ძალიან მშვიდად ლაპარაკობს, გაწონასწორებულად, ჩვეულებრივად. ტირილი, ღელვა ან რამე, მე იმ ჩანაწერში არ შემიმჩნევია. აღიარა დეტალურად ყველაფერი. განადგურებული ვარ და ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ ყველაფრის მოსმენა...

იხილეთ ასევე: