თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა. კლინიკა ვაშლიჯვარში, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩა N17-ში მდებარეობს. ახალი კლინიკა თსსუ-ის საგანმანათლებლო და კლინიკური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახალი სივრცე პაციენტებს მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა და სამკურნალო მომსახურებას სთავაზობს. პაციენტებისთვის მენტალური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებასთან ერთად, ახალი კლინიკა წარმოადგენს სასწავლო და პრაქტიკულ ბაზას თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის.
კლინიკა ოფიციალურად გახსნეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თსსუ-ის ადმინისტრაციის წევრები, საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და თსსუ-ის საუნივერსიტეტო და პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელები.

“დღეს აღვნიშნავთ მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნას, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს. უკვე დაწყებულია სალიცენზიო პირობების მოპოვების პროცესი და უახლოეს პერიოდში კლინიკა სრულ მზადყოფნაში იქნება, რათა შესაბამისი საჭიროებების მქონე მოქალაქეებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება გაუწიოს. აღსანიშნავია, რომ კლინიკა მხოლოდ სამკურნალო ფუნქციით არ შემოიფარგლება, აქ იქნება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სივრცეც. კლინიკაში განთავსდება თსსუ-ის შესაბამისი პროფილის დეპარტამენტები, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმების პროფესიულ განვითარებას. თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გახდება კიდევ ერთი ძლიერი კლინიკური ბაზა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, სადაც მომავალი თაობის ექიმები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის განათლებას.” - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
“ეს არის პირველი მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც სამედიცინო სფეროს, განსაკუთრებით მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებას, ეძლევა განვითარების ახალი და ფართო შესაძლებლობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კლინიკა ერთდროულად შეასრულებს როგორც პრაქტიკულ, ისე საგანმანათლებლო ფუნქციას. მას ექნება უდიდესი როლი შემდგომი თაობის ფსიქიატრიული მიმართულების დარგის სპეციალისტების აღზრდაში, რაც, რა თქმა უნდა, იმ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში უფრო მეტად გადმოტანას და უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც თსსუ-ის ფორმატში მიმდინარეობს.” - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
„შესანიშნავად აშენებული ინფრასტრუქტურის ფარგლებში იქმნება ახალი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მხოლოდ პრაქტიკული თვალსაზრისით სერვისების მიწოდებით არ შემოიფარგლება. იგი ერთდროულად გახდება სივრცე, სადაც ფსიქიატრიის მიმართულებით პროფესიონალები დახელოვნდებიან და ჩამოყალიბდება მძლავრი საგანმანათლებლო და კლინიკური ბაზა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კლინიკა ხელს შეუწყობს როგორც პროფესიული კადრების დეფიციტის შემცირებას, ასევე ფსიქიატრიული მომსახურებების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას.” - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

კლინიკა პაციენტების მიღებას ეტაპობრივად დაიწყებს მომდევნო 2 თვის განმალობაში. პირველ ეტაპზე თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებს ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს. პარალელურად მიმდინარეობს სტაციონარის ლიცენზირების პროცესი.
თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიული, გახანგრძლივებული ამბულატორიული (დღის ცენტრი), დამხმარე სარეაბილიტაციო (დღის ცენტრში-სტაციონარის შიდა) და ხანმოკლე დაყოვნების სტაციონარული სერვისის მიწოდებას, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებისა და დამოკიდებულების მართვის და მკურნალობის ყველა პროფილით.

თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ძირითადი სტაციონარი გათვლილია 103 საწოლზე, 3 ძირითადი სტაციონარული განყოფილებით:

კლინიკა მუშაობს მულტიდისციპლინური მიდგომით და აერთიანებს მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სხვადასხვა პროფილის 100-ზე მეტ სპეციალისტს, რაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ კომპლექსურ მომსახურებას.
მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში სტუდენტებსა და რეზიდენტებს პრაქტიკული სწავლების პროცესში შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პაციენტებზე ორიენტირებულ სამედიცინო საქმიანობაში, გამოცდილი სპეციალისტების ზედამხედველობით.
თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსებულია თსსუ-ის ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დეპარტამენტები. სასწავლო პროცესისთვის მოწყობილია სასწავლო აუდიტორიები, სალექციო დარბაზი და შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა.

მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც მენტალური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის ზრდის, ისე სამედიცინო განათლებისა და პრაქტიკული სწავლების გაძლიერების მიმართულებით.
NS