ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა - გარდაიცვალა ცნობილი რეპროდუქტოლოგი, პროფესორი ივანე (ვანო) მგალობლიშვილი. ამ სამწუხარო ინფორმაციას მისი და, ასევე ცნობილი ექიმი, რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი ავრცელებს.
სოხუმელი ივანე მგალობლიშვილი 7 და-ძმას შორის ერთ-ერთი იყო..
მათი მამა, ბიძინა მგალობლიშვილი, ცნობილი ექიმი-ფსიქიატრი გახლდათ. სოხუმური სახლი, სადაც კარი არასდროს იკეტებოდა, ბავშვებისთვის თავისუფლებისა და შემოქმედებითი ზრდის სიმბოლოდ იქცა. როგორც მოგვიანებით იხსენებდა, სწორედ მამის დამსახურება იყო ის შინაგანი თავისუფლება, რომლითაც და-ძმა მგალობლიშვილები შემდგომ ცხოვრებასა და პროფესიას მიუდგნენ. ამ დიდმა ოჯახმა შეძლო, რომ სოხუმური სითბო და ადამიანების სიყვარული მედიცინის უმნიშვნელოვანეს დარგში - რეპროდუქტოლოგიაში გადაეტანა.

პროფესორი ივანე მგალობლიშვილი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ადამიანის რეპროდუქციულ პრობლემებზე მუშაობდა. მისი ღვაწლი ფასდაუდებელია:
ფერტილოსკოპიის პიონერი: 2000 წელს, პირველად საქართველოდან აღმოსავლეთ ევროპაში, სწორედ მან ჩაატარა პირველი ფერტილოსკოპია, რაც დღემდე უშვილობის დიაგნოსტიკის ყველაზე ეფექტურ მეთოდად რჩება. ინოვაციური მეთოდები: მან დანერგა ტრანსვაგინალური ჰიდროლაპაროსკოპია და საშვილოსნოს მიომატოზური კვანძის დევასკულარიზაცია (კვანძის მოცილება ქირურგიული ჩარევის გარეშე). მიკროინვაზიური ქირურგია: პროფესორი მგალობლიშვილი იყო ის, ვინც რთული ოპერაციები, რომლებიც მანამდე მუცლის გაჭრასა და ზოგად ნარკოზს საჭიროებდა, ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი გაუტკივარებითა და უსისხლოდ დანერგა. მის ანგარიშზეა 5000-ზე მეტი წარმატებული ფერტილოსკოპია და 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
წაიკითხეთ ასევე: