ალიკანტეს სანაპიროზე შეზლონგების დალაგებიდან UFC-ის ისტორიულ მწვერვალამდე - ილია თოფურიას გზა ნებისმიერი ჰოლივუდური სცენარისთვის მზა მასალაა. თუმცა, ამ ბრწყინვალე წარმატების მიღმა იმალება ბავშვობა ომში, მშობლებისგან შორს გატარებული წლები და რკინისებური დისციპლინა, რომელმაც ის "ელ მატადორად“ აქცია. პოდკასტში "საუბრები დამოკიდებულებაზე“, ჩემპიონი გულწრფელად საუბრობს იმაზე, თუ როგორ გადაურჩა ცხოვრებისეულ ცდუნებებს და რატომ მიიჩნევს, რომ დახმარების თხოვნა სისუსტე კი არა, უდიდესი სიმამაცეა.
ილია თოფურია:
- სიმართლე გითხრათ, თავს დალოცვილად ვგრძნობ. მადლიერი ვარ იმ სიტუაციისთვის, რომელშიც ვარ და ყველა იმ გამოცდილებისთვის, რისი მიღების შესაძლებლობაც მაქვს. ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც აქამდე გამოვიარე. მქონია ქარიშხლიანი პერიოდები, დიდების მომენტები, წარმატება, აღმასვლები და დაღმასვლები, მაგრამ მადლიერი ვარ თითოეული წამისთვის, რადგან მათ ჩამომაყალიბეს იმ პიროვნებად, ვინც ვარ.
- ეს შენ დაიმსახურე - პირდაპირი მნიშვნელობით. მინდა წარსულიდან დავიწყოთ: მუშაობდი დაცვის თანამშრომლად, მაღაზიის მოლარედ... როგორ ხდება ადამიანი UFC-ის ორგზის ჩემპიონი?
- სინამდვილეში, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ჩემს ძმასთან ერთად ესპანეთში ჩამოვედი, რადგან ჩემი მშობლები უკვე აქ ცხოვრობდნენ. ამის უკანაც დიდი ისტორიაა, თუ როგორ ჩამოვედით და რა ხდებოდა მანამდე. სპორტში რომ დავიწყეთ ვარჯიში, ჩვენ მოვდიოდით მოკრძალებული ოჯახიდან, სადაც სიყვარული და ჯანსაღი ოჯახური კავშირი არასდროს გვაკლდა, მაგრამ ეკონომიკური რესურსები საკმაოდ მწირი იყო. ამიტომ, უნდა გვემუშავა, რომ შეგვენარჩუნებინა ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვინდოდა.
ალიკანტეს პლაჟზე შეზლონგების დალაგებით დავიწყეთ მუშაობა, რადგან მე და ჩემი ძმა სულ ვვარჯიშობდით და ვასპარეზობდით. სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში შეჯიბრებებზე წასასვლელად ფინანსური მხარდაჭერა გჭირდება. ვმუშაობდით და პარალელურად ვვარჯიშობდით თითქმის პროფესიონალურ დონეზე - როცა უმაღლესი დონის ტურნირებზე გადიხარ, მაქსიმუმი უნდა გაიღო და ამავე დროს უნდა იმუშაო. რთული იყო, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო. ვფიქრობ, ცხოვრება გიწყობს გამოცდებს და სწორედ მანდ ჩანს, ადამიანთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნები. როგორც ყოველთვის ვამბობ, არსებობს ორი ტიპის ადამიანი: ისინი, ვინც უშვებენ, რომ რაღაცები დაემართოთ, და ისინი, ვინც თავად აიძულებენ მოვლენებს მოხდეს. მე ყოველთვის ვცდილობდი მცოდნოდა, საით მივმართავდი ჩემს ცხოვრებას.

გჭირდება ქარიშხლიანი მომენტები ცხოვრებაში, რომ მართლა განავითარო შენი მაქსიმალური პოტენციალი. თუ სულ მზიან დღეებში ცხოვრობ. თუ ყველაფერი ვარდებითაა მოფენილი, რისთვის უნდა იბრძოლო? ამიტომ, ყოველი რთული მომენტი თუ "ქარიშხალი“ ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის მიმაჩნია გაკვეთილად, რომელიც უკეთესს გამხდის. და ყოველთვის ასეც ხდება.
- ცხოვრობდი ომში მყოფ ქვეყანაში, მშობლები ემიგრაციაში წავიდნენ სამუშაოს საძებნელად, შენ და ალექსანდრე (შენი ძმა) დარჩით... და შენი ორი დაც. მშობლები მიდიან... ბავშვისთვის, რომელიც ხედავს, რომ სამყარო თავზე ენგრევა, როგორ უმკლავდებოდი ამ მომენტებს?
- მიუხედავად იმისა, რომ მშობლები წავიდნენ, მიტოვებულად თავი არასდროს გვიგრძნია. პირიქით, მათ ისე გვაგრძნობინეს თავი, თითქოს იმ ოჯახური გეგმის ნაწილი ვიყავით, რომელიც ჩვენთვის და მათთვის უკეთესი მომავლის ძიებას გულისხმობდა. სულ გვქონდა კონტაქტი. თუმცა, როცა 8-9 წლის ხარ, შენი გმირები მშობლები არიან და მათი ფიზიკური არყოფნა რთულია. მით უმეტეს, როცა ეს ომს ემთხვევა - ყველაზე მოწყვლად მომენტს, რაც ადამიანმა შეიძლება გამოცადოს. სრული ქაოსი იყო: არ იყო პური, წყალი, ქუჩებში უბედურება ტრიალებდა, ყველას ეშინოდა. ასეთ დროს შენი გმირების გარეშე ყოფნა რთულია, მაგრამ ამავე დროს გაიძულებს დროზე ადრე მომწიფდე. დარწმუნებული ვარ, იმ მომენტებმა მოგვცა ის ცოდნა და სიმწიფე, რაც მომავალში დამეხმარა მოვლენებისთვის სულ სხვაგვარად შემეხედა.
- რას აკეთებ, როცა 15-16 წლის ხარ, შედიხარ დარბაზში მენეჯერის და მწვრთნელის გარეშე... რა გაიძულებს ბრძოლის გაგრძელებას?
- დღის ბოლოს ყოველთვის რეალისტი ვიყავი საკუთარ თავთან. ვიცოდი, რომ ვინმე ჩემით რომ დაინტერესებულიყო გამორჩეული უნდა ვყოფილიყავი. ამისთვის კი უზარმაზარი შრომა იყო საჭირო. ყოველდღე უნდა დამეხვეწა ჩემი უნარები და ცოდნა, რომ ვინმეს ჩემთვის შანსი მოეცა სხვა თანაგუნდელებზე მეტად. მე და ჩემს ძმას გამოგვარჩევდა ის თანმიმდევრულობა, დისციპლინა და მუდმივი სურვილი განვითარების. თუ ჰკითხავთ მათ, ვინც ბავშვობაში ჩვენს გარემოცვაში იყო, გეტყვიან, რომ განსაკუთრებული არაფერი ვიყავი. ახლა კი ამბობენ: "კი, სულ განსაკუთრებული იყოო“, მაგრამ მე სხვანაირად ვგრძნობდი. 10 ბავშვში მე ვიყავი ნომერი მეექვსე ან მეშვიდე, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევდა. ზოგიერთს აკმაყოფილებდა ნიჭი ან გამარჯვება და მეტს აღარ შრომობდა. მე კი ყოველდღე ვშრომობდი. სპორტს თავისი ანბანი აქვს, ფულის შოვნას - თავისი. უნდა ისწავლო ანბანი სრულყოფილად და მერე დაიწყო სიტყვების, წინადადებების შედგენა. ასე დამემართა სპორტშიც - ფოკუსირებული ვიყავი ტექნიკის გაუმჯობესებაზე, სანამ არ დადგა დღე, როცა გამორჩეული ვიქნებოდი.

- რა როლი აქვს შენს უფროს ძმას შენს კარიერაში და ცხოვრებაში?
- ბავშვობიდან განსაკუთრებული კავშირი გვაქვს. ის ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადამიანია. ყოველ გადამწყვეტ მომენტში ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩემთვის. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, ის ჩემი დასაყრდენია.
- რას ეტყოდი 14 წლის ილიას?
- 14 წლის ილიას ბევრს ვერაფერს ვეტყოდი, რადგან სწორედ მან მომიყვანა აქამდე. სადაც დღეს ვართ, ეს ჩვენი წარსული ფიქრებისა და მოქმედებების ანარეკლია. მგონია, რომ ის სწორად ფიქრობდა. შესაძლოა, მხოლოდ იმას ვეტყოდი, რომ ზოგ მომენტში საჭიროზე მეტად ვინერვიულე ან ვიტანჯე. ვეტყოდი, რომ ბევრი არ იდარდოს, დატკბეს ყოველი გამოცდილებით, რადგან ყველაფერი გაივლის.
- ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე ბულინგზე საუბრობდი. ბავშვობაში განიცდიდი ბულინგს?
- საქართველოში ვცხოვრობდით და იქ ვსწავლობდით. ვინც ჩვენი ქვეყნის კულტურას იცნობს, იცის, რომ მკაცრი გარემოა. სკოლაში ბავშვებთან მუდმივი დაპირისპირება იყო და ხშირად გიწევდა თავის დაცვა. როცა პატარა ხარ, არ იცი, რა არის სწორი, როგორ დაიცვა თავი, ვის მიმართო. ბავშვობიდან არ მიყვარდა ქუჩური დაპირისპირებები, სპორტი მიყვარდა. სტერეოტიპების გამო ბევრს შეიძლება აგრესიული ვეგონო, მაგრამ არასდროს მიყვარდა სპორტს გარეთ ვინმესთან კონფლიქტი. სამწუხაროდ, ხანდახან გიწევდა ასეთ სიტუაციებში ყოფნა.
შიში მქონდა? კი, მქონდა. როცა შესვენებაზე უფროსები ფულს გთხოვენ, ან დაგცინიან, ეს თავს დამცირებულად გაგრძნობინებს, სევდას იწვევს და გგონია, რომ გამბედაობა არ გყოფნის. მანამ, სანამ საუბარს არ დაიწყებ. ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც მქონდა, იყო ის, რომ არასდროს მეშინოდა ჩემი სისუსტეების გაზიარების ახლობელი ადამიანებისთვის. ეს მეხმარებოდა გაუმჯობესებაში. ხანდახან თავად არ გვაქვს პასუხები და უნდა ვისაუბროთ. გაზიარებაშია განვითარების სილამაზე. ყველას გვჭირდება ვინმე, ვინც გაგვამხნევებს.
დღევანდელ საზოგადოებაში დახმარების თხოვნა რატომღაც სისუსტედ ითვლება, თითქოს ეს სიმამაცე არ არის. მე ვამბობ, რომ პირიქითაა. ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ მითხოვია დახმარება - ეკონომიკური, ემოციური, სულიერი თუ ფიზიკური. რომ არა ეს, დღეს აქ არ ვიქნებოდი. დახმარების არ-თხოვნა და ჩუმად ყოფნაა სისუსტე. როცა გგონია, რომ ყველაფერი იცი, სწორედ მაშინ უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას. რაც მეტს ვსწავლობ, მით მეტად ვხვდები, რომ არაფერი ვიცი და კიდევ რამდენი მაქვს გამოსაკვლევი.
- ცუდი გადაწყვეტილებები ოქტაგონი რომ იყოს, როგორ იბრძოლებდი?
- პირველ რიგში, უნდა აღიარო, რომ სრულყოფილი არ ხარ და ყველა უშვებს შეცდომას. სანამ ჯანმრთელი ხარ, ყოველთვის გაქვს შანსი, უკან გამოცურო და ისწავლო შეცდომებზე. თუ გრძნობ, რომ ორმოში ჩავარდი, მჯერა, რომ არსებობს მეორე შანსი. მაგრამ თუ ვინმეს მართლა უნდა შეცვლა, გადაწყვეტილება მყისიერად უნდა მიიღოს და არ დაელოდოს "ორშაბათს“. მუშაობა ახლავე იწყება. და ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრების ყველა სიამოვნებაზე უარი უნდა თქვა. უნდა ისიამოვნო ცხოვრებით, მაგრამ შენ უნდა იყო შენი გადაწყვეტილებების ბატონ-პატრონი და არა ემოციები.
მეც გავსულვარ მეგობრებთან ერთად, დამილევია ღვინო, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და არა ცდუნებისგან გამოწვეული "ხანძარი“, რომელიც არასწორ გზაზე მიმიყვანდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე დღეს სინანული მექნებოდა, რომ ვუღალატე ჩემს ფასეულობებს. მე ყველაზე დიდ დროს საკუთარ თავთან ვატარებ და მჭირდება, რომ საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა მქონდეს. ჩემი სიტყვა ჩემთვის ფასეული უნდა იყოს. ადამიანები ხედავენ ჩემს სახეს, ღმერთი კი - ჩემს გულს. უნდა ვიცოდე, რომ იმ კარგ რაღაცებს, რასაც განვიცდი, ვიმსახურებ.

თუ რამე არ გამოგდის, გჯეროდეს და ნახავ, რომ ისეთ მელოდიას დაუკრავ, ბევრს გააკვირვებ. უბრალოდ არ დაკარგო ნებისყოფა. ვინ არის გამარჯვებული? - გამარჯვებული არის ის, ვინც ბევრჯერ წააგო, მაგრამ არასდროს დანებდა.
- შენ ოფიციალურად არასდროს წაგიგია და იმედია ასე გაგრძელდება. მაგრამ მაინც გკითხავ: რა ხდება, როცა ეცემი?
- კარიერის დასაწყისში, მოყვარულთა დონეზე, გამომიცდია მარცხი. პროფესიონალურ დონეზე, მადლობა ღმერთს, არა. ყოფილა მომენტები, როცა ვფიქრობდი, რომ მეტის გაკეთება შემეძლო - მაშინ უფრო განვიცდიდი. მაგრამ ცხოვრებას ყოველთვის ისეთ გზაზე მივყავარ, რომ მერე უკან ვიხედები და ვამბობ: "კარგია, რომ ეს დამემართა, რადგან ამან მასწავლა“. ამიტომ ყოველთვის ვენდობი ღმერთის გეგმებს. ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ: როცა შანსი მეძლევა, ყველაფერს ვაკეთებ, რაც ჩემს ძალებშია. თუ ამას გავაკეთებ, შეუძლებელია თავი დამარცხებულად ვიგრძნო. პირიქით, მეცოდინება, რომ ამის უკან რაღაც იმალება, რაც მომავალში მადლიერებას მაგრძნობინებს.