"გამარჯობა. მე ვარ გიგო შიუკაშვილი, "აზდაკის ბაღის“ მსახიობი“ - ასე დაიწყო Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუ“, რომლის მორიგი სტუმარი მსახიობი, შოუმენი და ბარმენი გიგო შიუკაშვილია. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას კი ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

- გიორგი:
- გიგო, დღეს 21 მარტია და რა დღეა ეს?
- 21 მარტი დაუნის სდრომის მსოფლიოს დღეა... წელს ეს დღე ამ თემით იმართება: "ერთად მარტოობის წინააღმდეგ“...
ნიკო:
- პოპულარულ შოუში რომ მოხვდი, მასობრივად იქიდან გაგიცნეს. როგორი მოგონებები გაქვს იმ პერიოდიდან და რას გაიხსენებ?
- 20 წლის ვიყავი, "X ფაქტორში“ რომ გამოვედი. ეს იყო შესაძლებლობა. ამან დამიტოვა მეგობრები, სიყვარული...
ანი:
- გიგო, მიყვარხარ. კარგი ბიჭი ხარ. რას საქმიანობ ამ ეტაპზე და როგორ მოგწონს?
- დღეს ვარ ბარმენი, ასევე ბარისტა. ვმუშაობ და ძალიან მომწონს. კარგი ოფიციანტები არიან და კარგი კლიენტები. ჩაის, ყავას, კოქტეილებს, სასმელებს ვუკეთებ და ძალიან მოსწონთ. დღის ბოლოს თეატრში მსახიობი ვარ. ბაჩოსთან (თეატრის "აზდაკის ბაღის“ ხელმძღვანელი, რეჟისორი. - ავტ.) ერთად რეპეტიციებს გავდივართ და ძალიან მომწონს. ბევრ სპექტაკლზე ვიმუშავეთ - "კაცია ადამიანი?!“ მომეწონა. მერე "ბოშები“, "თეთრი ბაირაღები“... ახლაც ვმუშაობთ, რეპეტიციები გვაქვს... გასტროლებზე დავდივართ, სპექტაკლები, რეპეტიციები გვაქვს და ა.შ. რაც მთავარია, მე პოზიტიური ვარ.

ბესო:
- რა სპექტაკლზე იმუშავე ბოლოს?
- ჩემი როლი ძალიან მომეწონა "მე ვხედავ მზე“ რომ ვითამაშეთ. სოსოიას რუსი - ანატოლი ვიყავი... კარგი სპექტაკლია.
თეა:
- რას გვეტყვი შენი თეატრის რეჟისორზე და შენს მასწავლებელზე? როგორ გაგვაცნობ მას?
- ბაჩო გაბრუაშვილი არის ძალიან მაგარი ადამიანია. კარგი პიროვნებაა და სულ დადებითს ასხივებს. პოზიტიურია, საყვარელია და ჩემთვის არის ადამიანი, რომელიც კედელს მიმაგრებს, ბოლომდე გვერდში მიდგას. წლების წინ დააარსა თეატრი "აზდაკის ბაღი“. მასთან რომ მოვედი, თავიდანვე მომეწონა. ბაჩო გაბრუაშვილის დიდი დამსახურებაა ჩვენი თეატრი რომ არის. დიდი შრომა ჩადო... მახსენდება, პატარები რომ ვიყავით და მასთან ერთად ვმუშაობდით, თეატრის მოწყობაზე. მერე გავიზარდეთ და ისევ ბაჩოს გვერდით ვართ. სულ ერთად ვართ, თითქოს მისი შვილები ვართ.
დევი:
- სკოლაში რა საგანი გიყვარდა?
- ჩემი საყვარელი საგნები არის: ქართული ლიტერატურა და საქართველოს ისტორია, ხელოვნება. მიყვარს თეატრიც...
უცნობი:
- ბარმენობა რატომ გადავწყვიტე?
- ბარში ყოფნა ჩემთვის სახლში და ოჯახში ყოფნასავითაა. მოდიან კლიენტები და სტუმრები, უკვეთენ. მე მსიამოვნებს მათ რომ ყავას ვუმზადებ. ჩემთვის ეს შესაძლებლობაა. ოჯახია და სახლია. ბარმენობა ძალიან კარგია, ჩემთვის ეს პროფესია არა, ჩემი საყვარელი ჰობის სტილია. მინდა, ბარის ტრენერი გავხდე.
ნინო:
- გაგვაცანი შენი დედიკო - როგორი ქალია ინგა სარჯველაძე? რა გიყვარს მასში ყველაზე მეტად?
- მოდი, ასე ვიტყვი - ჩემი დედიკო არის დედამიწა. ინგა, ჩემი დედიკო ჩემი დედამიწაა, ჩემთვის ყველაფერია. დედამიწა - ჩემი დედიკო მიყვარს და დედამიწა ბრუნავს და მიხარია, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დედიკო მყავს. ძალიან მიყვარს... როგორია და განათლებული, წესიერი, ბევრი რამ შეუძლია. ახლა მუშაობს სასჯელაღსრულებაში. ინგა მკაცრი არ არის, არის ფაქიზი, წყნარი, მშვიდი და ჩემი მეგობარი...

სოფო:
- რისი კეთება გსიამოვნებს თავისუფალ დროს?
- ჩემი საყვარელი ჰობი არის მოგზაურობა. მიყვარს ფოტოგრაფია, ძალიან მიყვარს კიდევ ხატვა, ვხატავ ხოლმე და მუსიკა მიყვარს. მიყვარს ყავა კაპუჩინო.
თემო:
- რაზე ბრაზდები? და საერთოდ როგორი ბიჭია გიგო - შორიდან როგორ შეაფასებ შენს თავს?
- ნერვებს რომ მიშლიან. აი, მაგალითად, როცა ადამიანები ცუდად იქცევიან, მაგაზე ვღიზიანდები. როგორი ვარ მე? როგორი და პოზიტიური, საყვარელი კარგი ადამიანი და მზე ვარ.
უცნობი:
- როგორი უნდა იყოს ადამიანი, ვისაც დაუმეგობრდები?
- მეგობრები ძალიან მიყვარს. იცი, რა? მეგობრები ჩემთვის კედელივით არიან. ასე მიმაგრებენ რაღაცნაირად მხარს. აქ, "აზდაკის ბაღში“ რომ მოვედი, ბევრი მეგობარი შევიძინე. კარგი მეგობრები ვართ. ძალიან მიყვარს ისინი. თეატრის მეგობრები როგორებიც არიან, ისინი დიდი სიყვარულით მიყვარს. ჩემთვის სიყვარული პატივისცემაა... როგორი მეგობარიც უნდა იყო შენ, მე მაინც მეყვარები.
მიყვარს განათლებულ ადამიანები და წესიერები.
თეა:
_ თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვარს?
_ თავისუფალ დროს მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა, ფოტოების გადაღება, მიყვარს TikTok-ის გადაღება...
ანა:
- გიგო, ძალიან კარგი ბიჭი ხარ და გგულშემატკივრობ. როგორია შენი მომავალი გეგმები. შეყვარებული თუ გყავს?
- შენ რა გითხარი, ანა... ვაპირებ ჩემი პირადი დამოუკიდებლობა მქონდეს, მარტო რომ ვიცხოვრო. მყავს შეყვარებული, ვარ შეყვარებული, მაგრამ არ დავასახელებ... როცა სიყვარული არის, ორმხრივი უნდა იყოს. მას მოვწონვარ და მეც მომწონს...
ლალიკო:
- რა არის შენი ოცნება?
- ვოცნებობ, მაგალითად, იმაზე, რომ მინდა "თეატრალურში“ ჩავაბარო. ეს ერთი და მეორე მუსიკალური უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება. კიდევ მინდა ბიზნესმენი ვიყო, ჩემი სურვილია, მდიდარი და მილიონერი ვიყო და კიდევ ძალიან მინდა, რომ გავხდე კლიპების ავტორი, YouTube-ის ვლოგერობა მინდა, რომ ვიყო კლიპების ავტორი. არის რაღაც-რაღაცები, რაც მინდა. ოცნება მაქვს, თეატრი ავაშენო და "აზდაკის ბაღი“ რომ უკეთესი იყო...

- ბაჩო, როგორ მოხვდა თქვენ თეატრში გიგო შიუკაშვილი?
ბაჩო გაბრუაშვილი:
- გიგო ძალიან დიდი ხნის წინ, ალბათ 15-16 წლის წინ მოვიდა ჩემთან. მაშინ ტიპური განვითარების ახალგაზრდებისთვის თეატრალური სტუდია მქონდა. ერთხელაც დამირეკა გიგოს დედიკომ, ინგამ და მითხრა, რომ ბავშვის მოყვანა მინდა თქვენთანო. რა თქმა უნდა, ვუთხარი, მოიყვანეთ-მეთქი. მაშინ შშმ პირებთან არ ვმუშაობდი და წარმოდგენაც კი არ მქონდა, მათთან როგორ უნდა მემუშავა. უშუალო შეხება არასდროს მქონია. მოვიდა ინგა და მომიყვანეს გიგო. ველაპარაკე, არ ვიცი, მაგრამ რაღაცას ვიზამ-მეთქი - ვუთხარი. ინგამაც დატოვა და წავიდა. იმის მერე აგერ არის ჩემი გიგო... მერე ჩვენ სტუდიაც გავაკეთეთ, თეატრიც და ძალიან დიდი ცხოვრება ვიცხოვრეთ, არაერთი თეატრი ჩამოვაყალიბეთ, შევქმენით, არაერთი სპექტაკლი დავდგით, არაერთ პროექტში მივიღეთ ერთად მონაწილეობა და კიდევ ვაპირებთ, რომ ერთად ვიცხოვროთ.
გიგო დღესდღეობით ჩემი ძალიან ძვირფასი მეგობარია და ჩემი შვილის ნათლია, ჩემი მსახიობია. ჩვენს ურთიერთობაში კიდევ ბევრი რეგალია არსებობს... რაც მთავარია, ერთად ვართ და ძალიან ბედნიერები ვართ. ძალიან მიხარია, რომ გიგო ახლა თქვენთან მე წარმადგენს.
- მუშაობა როგორ დაიწყეთ, საქმეში სწრაფად წამოგყვათ?
- ძალიან ჩვეულებრივად წარიმართა პროცესი, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. თუმცა არ ვიცი, მან გამზარდა, თუ მე გავზარდე ის. აი, ასე მიდიოდა ჩვენი ცხოვრება. ეს 15 წელი რომ დეტალურად მოგიყვეთ, ცოტა გამიჭირდება... ძალიან საინტერესო ადამიანია გიგო, ძალიან ძვირფასი...
- რა არის თქვენი თეატრის მთავარი მიმართულება და მიზანი?
- ჩვენი თეატრის მიმართულება და მიზანი ძალიან მრავალმხრივია, ბევრ წახნაგში ვმუშაობთ. ეს საქმიანობა როგორც ამ ადამიანებისთვის არის სასარგებლო, ისე საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები მთლიანად ცვლიან ცნობიერებას. ძალიან მაგრად მუშაობენ მასებზე. მაყურებელი სპექტაკლზე რომ შემოდის და დარბაზი ივსება, სპექტაკლამდე სხვანაირი სახეები აქვთ. დარბაზიდან კი სულ სხვანაირად სავსეები, სხვა შთაბეჭდილებით და ემოციებით მიდიან.
- შშმ პირებთან მუშაობის დიდი გამოცდილება დაგიგროვდათ. რა დასკვნების გაკეთება შეგიძლიათ?
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე სხვა წარმოდგენები ექმნებათ... ერთმანეთისთვის ვმუშაობთ და ალბათ ეს არის ინტეგრაციაც. ზღვარი არ არსებობს, ვერასდროს მივაღწიე იმას, რომ ვთქვათ, აი, აქამდე მივალ და გავჩერდები. ვერასდროს ვთქვი, რომ ამდენი შესაძლებლობა აქვთ და მეტი არა. შესაძლებლობები მართლა შეუზღუდავია - ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ. ალბათ ეს არის, ამ გამოცდილების ხარჯზე ვამბობ, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია. ეგ არის... ჩვენი სამომავლო გეგმები ასეთია - ჩვენ ავაშენებთ "აზდაკის ბაღს“... "ერთად მარტოობის წინააღმდეგ“...