ავტორი:

სკოლის მოსწავლე, ტყუპი ძმა და პოლიტიკური აქტივისტი - ვინ და რა ბრალდებებით დააკავეს ფაშინიანთან დაკავშირებით, ეკლესიაში მომხდარი ინციდენტის გამო?

სკოლის მოსწავლე, ტყუპი ძმა და პოლიტიკური აქტივისტი - ვინ და რა ბრალდებებით დააკავეს ფაშინიანთან დაკავშირებით, ეკლესიაში მომხდარი ინციდენტის გამო?

როგორც ცნობილი ხდება სომხეთში, სამართალდამცავებმა 3 ადამიანი დააკავეს იმ ინციდენტის გამო, რომელიც ერევანში, წმინდა ანას ტაძარში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ყოფნისას.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ ადამიანების დაკავება 29 მარტს მოხდა, 31 მარტს კი მათ ოფიციალურად წაუყენეს ბრალდება.

  • რა მოხდა ტაძარში?

ინციდენტი ბზობის დღესასწაულის დროს მოხდა. პრემიერ-მინისტრი ტაძარში პირადი დაცვისა და თანაშემწეების თანხლებით მივიდა, სადაც მრევლის დიდი ნაწილი უკვე შეკრებილი იყო.

ფაშინიანი ტაძარში დიდხანს არ დარჩენილა და მალევე გადაწყვიტა წასვლა. ამ დროს მისმა დაცვამ დაიწყო ხალხის გადაწევა, რათა მისთვის გასასვლელი გაეთავისუფლებინათ.

სწორედ ამ მომენტში ერთ-ერთმა ახალგაზრდა კაცმა უარი განაცხადა გზის დათმობაზე. მან დაცვის თანამშრომლებს უთხრა, რომ მისთვის დაძალების უფლება არ ჰქონდა და აღნიშნა, რომ ტაძარში დარჩენა სურდა.

დაძაბულობა სწრაფად გაიზარდა - ახალგაზრდა მამაკაცმა სიტყვიერადაც მიმართა ფაშინიანის, რის შემდეგაც მისი მიმართულებით ხელი მოიქნია, თუმცა პრემიერ-მინისტრს არ მოხვედრია.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ აგდებს დაცვის თანამშრომელი მიწაზე ერთ-ერთ პირს.

თავად ფაშინიანმა დაცვის წევრებს ანიშნა, რომ სიტუაცია არ გაემწვავებინათ და ტაძარი დატოვა, რასაც თან ახლდა ტაძარში მყოფი ადამიანების ნაწილის ხმამაღალი პროტესტი.

  • ვინ არიან დაკავებულები?

გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირებს შორის იყვნენ, მოსწავლეები, 18 წლის ტყუპი ძმა დავით და მიკაელ მინასიანები, რომლებიც წირვის დასრულებისთანავე დააკავეს,

მესამე დაკავებული ოპოზიციონერი აქტივისტი გევორგ გევორგიანია. დაკავებას ტაძრის ეზოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

ინციდენტის შემდეგ, 30 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დავით და მიკაელ მინასიანების თანაკლასელებმა და მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ბავშვების ხელბორკილით დაკავების უფლება არ ჰქონდათ სამართალდამცავებს. მათივე თქმით, ჩხრეკა ჩატარდა ძმების სახლში, სადაც საბავშვო წიგნებისა და წარჩინების სიგელების გარდა ვერაფერი ნახეს.

მინასიანების ადვოკატი, ვარტუჰი ელბაკიანი, აცხადებს, რომ დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.

"ბიჭები ყოველ კვირას დადიან ეკლესიაში და მორწმუნე ადამიანები არიან.. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ მესამე დაკავებულთან -ოპოზიციონერ აქტივისტ გევორგ გევორგიანთან", - განაცხადა მან.

  • რა ბრალდებები წაუყენეს?

31 მარტს დაკავებულებს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი:

დავით მინასიანს - ხულიგნობა და თანამდებობის პირის საქმიანობისთვის ხელის შეშლა;

მიკაელ მინასიანს - ხულიგნობის ხელშეწყობა და საქმიანობისთვის ხელის შეშლის ხელშეწყობა;

გევორგ გევორგიანს - ხულიგნობისა და ხელის შეშლის ორგანიზება.

ამ დროისთვის ისინი კვლავ პოლიციის განყოფილებაში რჩებიან. სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩატარებულა და აღკვეთის ღონისძიებაც არ განსაზღვრულა.

  • საზოგადოებრივი გამოხმაურება

მომხდარს მთელი სომხეთი განიხილავს. მოსახლეობის უმრავლესობამ და ექსპერტულმა წრეებმა დაგმეს ქვეყნის ლიდერის მიმართ ასეთი დამოკიდებულება. თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც ინციდენტი თავად პრემიერ-მინისტრმა გაუკეთა "პროვოცირება“. კერძოდ, პროვოკაციულად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ ფაშინიანი დაცვის ჯგუფის თანხლებით შევიდა ეკლესიაში, რომელიც მრავალი მორწმუნით იყო გადაჭედილი და წირვის მიმდინარეობისას ტაძარში გადაადგილებას ცდილობდა.

თუმცა სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმრავლესობა და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ლიდერის მიმართ ასეთი ქმედება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაბამის შეფასებას უნდა დაექვემდებაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი აზრით, საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს დემოკრატია სომხეთში.