რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და ბანკების ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების მიზნით, უნგრეთი კრემლთან ფარულად თანამშრომლობდა, - ინფორმაციას VSquare-ი ავრცელებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 30 აგვისტოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს სანქტ-პეტერბურგიდან ბუდაპეშტში დაბრუნების შემდეგ რუსმა კოლეგამ, სერგეი ლავროვმა დაურეკა.
"ალიშერის თხოვნით გირეკავთ. მან მთხოვა, შეგახსენოთ, რომ მის დასთან დაკავშირებით რაღაცას აკეთებთ“, - განაცხადა ლავროვმა, რასაც სიიარტომ უპასუხა: "დიახ, რა თქმა უნდა“.
ასევე, სატელეფონო საუბარში ლავროვი და სიიარტო ევროკავშირის მაშინდელ უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელსაც აკრიტიკებენ. ლავროვი ბორელს "დიდ იმედგაცრუებას“, ხოლო სიიარტო "ევროპელ ბაიდენს“ უწოდებს.
როგორც VSquare წერს, ლავროვისა და სიიარტოს საუბრიდან შვიდი თვის შემდეგ, ევროკავშირმა რუსი ოლიგარქის და სანქციების სიიდან ამოიღო.
ცნობისთვის, გასულ კვირას გამოცემა Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბუდაპეშტი უკრაინაში მიმდინარე ომის მთელი პერიოდის განმავლობაში კრემლთან მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს და სიიარტო ევროკავშირის შეხვედრების დროს შესვენებებს რუსი კოლეგის ინფორმირებისთვის იყენებს.