ავტორი:

ახალგაზრდების წვეულება და მოკლული 16 წლის გოგონა - მკვლელობისთვის სამი ახალგაზრდაა დაკავებული: ბრიტანეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ახალგაზრდების წვეულება და მოკლული 16 წლის გოგონა - მკვლელობისთვის სამი ახალგაზრდაა დაკავებული: ბრიტანეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ბრიტანეთის ქალაქ ლიდსში მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. 16 წლის ქლოი უოტსონის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა ბრალი სამ პირს წარუდგინეს, მათ შორის 18 წლის გოგონას.

რა მოხდა შაბათ დილას?

შემთხვევა შაბათს, 28 მარტს, გამთენიისას მოხდა. პოლიციამ 16 წლის ქლოი უოტსონი ქუჩაში, მძიმე ჭრილობებით იპოვა. თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონას ზურგში დანით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ერთ-ერთი წვეულების დასრულების შემდეგ მოხდა.

ვინ არიან დაკავებულები?

პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

კეილა სმიტი (18 წლის) არჩი რაიკროფტი (19 წლის) 17 წლის მოზარდი, რომლის ვინაობა, ასაკიდან გამომდინარე, არ საჯაროვდება. გარდა ამისა, პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის მიზნით კიდევ სამი პირი რჩება, ნაწილი კი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

  • "ჩემი სამყარო და საუკეთესო მეგობარი" - ოჯახის ემოციური გამომშვიდობება

გარდაცვლილი მოზარდის დედამ შვილს ემოციური წერილი მიუძღვნა, სადაც მას "ლამაზ პრინცესას" უწოდებს:

"სიტყვებით ვერ აღვწერ, რას ვგრძნობ ახლა, როცა ჩემთან აღარ ხარ. შენ იყავი ჩემი სიცოცხლე, ჩემი სამყარო და საუკეთესო მეგობარი. შენი ენერგია ნებისმიერ ოთახს ანათებდა. ჩემს გულში გაჩნდა დიდი სიცარიელე, რომელიც ვერასდროს შეივსება“, - წერს გოგონას დედა.

ქლოის მამის ოჯახი კი აღნიშნავს, რომ გოგონას წინ მთელი მომავალი ჰქონდა და მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი "გაუზომელია".

ამ დროისთვის დასავლეთ იორკშირის პოლიცია აგრძელებს გამოძიებას და მოუწოდებს ნებისმიერ პირს, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას მომხდარის შესახებ, დაუკავშირდეს სამართალდამცავებს. გოგონას ოჯახის დასახმარებლად კი საქველმოქმედო პლატფორმაზე თანხის შეგროვება უკვე დაიწყო.

წყარო