თუკი ოდესმე გიფიქრიათ, რომ ცხოვრების თავიდან დაწყება შეუძლებელია, ან წარსულის მძიმე მოგონებები არ გასვენებთ, მაშინ ნონა გიუნაშვილის ისტორია თქვენთვისაა. 2012 წელს, როცა ის „ნიჭიერის“ სცენაზე ქვიშით ჯადოსნურ სამყაროს ქმნიდა, მაყურებლის უმეტესობამ არ იცოდა, რომ ამ ნატიფი ხელოვნების მიღმა ფიზიკური ტკივილით, სქოლიოზით და პირადი ტრაგედიით სავსე რეალობა იმალებოდა.
დღეს, 14 წლის შემდეგ, ნონა აღარ არის ის 16 წლის ასაკში მოტაცებული გოგონა, რომელსაც საკუთარი სხეულის რცხვენოდა და რომელსაც სკოლის ბოლო ზარზეც კი არ უშვებდნენ. დღეს ის 42 წლის თავდაჯერებული ქალია, რომელმაც შეძლო შეუძლებელი: გაიკეთა ურთულესი ოპერაცია, დაამარცხა ძალადობრივი გარემო, სამ შვილთან ერთად თბილისში ახალი ცხოვრება დაიწყო.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ვიდეომ, სადაც დღევანდელი ნონა წარსულის ნონას ხვდება, ათასობით ადამიანი აატირა. ეს არ იყო მხოლოდ მონტაჟი - ეს იყო ორი ნონას შეხვედრა: ერთგან სევდიანი მზერა და თვალზე ჩამალული სილურჯე ჩანს, მეორეგან კი - ღია მაისურით მოშიშვლებული, ნაოპერაციები, მაგრამ ამაყი ზურგი და თავისუფლად სუნთქავს.
ნონასთან ინტერვიუში ერთად გადავფურცლეთ მისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული და ყველაზე ბედნიერი გვერდები. ეს არის ინტერვიუ ქალზე, რომელმაც ქვიშის ნახატივით წაშალა ძველი, დანგრეული რეალობა და საკუთარი ხელით დახატა ახალი ცხოვრება
- ნონა, თქვენს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც 2026 წლის ნონა 2011 წლის ნონას ესაუბრება, ძალიან მძიმე საყურებელია...
- ამ ვიდეოსა და ვიზუალიზაციის გარეშეც, მე ჩემს ფიქრებში ხშირად ვხვდები ჩემს წარსულის მეს. ვიხსენებ იმ განცდებს, შიშებს და ტკივილებს, რაც წარსულში სხვადასხვა ეტაპზე უსაშველოც კი მეგონა. და საინტერესოა, რომ დღეს ამ ყველაფრის გახსენება უფრო მეტ მადლიერებას და თვითრწმენას მაძლევს ვიდრე ტკივილს.
<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@nonkagiunashvili/video/7612780264833568020" data-video-id="7612780264833568020" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@nonkagiunashvili" href="https://www.tiktok.com/@nonkagiunashvili?refer=embed">@nonkagiunashvili</a> 🥹<a title="futurenostalgia" target="_blank" href="https://www.tiktok.com/tag/futurenostalgia?refer=embed">#futurenostalgia</a> <a title="memories" target="_blank" href="https://www.tiktok.com/tag/memories?refer=embed">#memories</a> 2011/2026 <a title="artist" target="_blank" href="https://www.tiktok.com/tag/artist?refer=embed">#artist</a> <a target="_blank" title="♬ eredeti hang - Antony✍️🎤🎵" href="https://www.tiktok.com/music/eredeti-hang-7514936421716200214?refer=embed">♬ eredeti hang - Antony✍️🎤🎵</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>
ალბათ ყველაზე მეტად, რაც მაშინ მაკლდა, იყო საკუთარი თავის რწმენა და შეგრძნება, რომ მე იმაზე მეტი შემეძლო, ვიდრე ვფიქრობდი. 2011 წლის საკუთარ თავს ვეტყოდი, რომ არ შეეშინდეს ცვლილებების… რომ ის რთული გზები, რაც წინ ელოდება, საბოლოოდ მიიყვანს იქ, სადაც უნდა იყოს. ვეტყოდი, რომ ტკივილიც იქნება, მაგრამ ამ ტკივილს ექნება აზრი, ის ნელ-ნელა გადააქცევს მას უფრო ძლიერ, უფრო თავისუფალ და საკუთარი თავის მიმღებ ადამიანად. და ალბათ ყველაზე მთავარი, ვეტყოდი, რომ არ დაკარგოს დრო საკუთარ თავში ეჭვებში. იმიტომ რომ ის, რაც დღეს ვარ, სწორედ იმ ნონას ძალაზე დგას.

- ქვიშა ძალიან ფაქიზი მასალაა - ერთი ხელის მოსმით ყველაფერი იშლება. იყო თუ არა თქვენს ცხოვრებაში მომენტი, როცა გინდოდათ, რომ მთელი თქვენი წარსული ქვიშასავით გაგეფანტათ და სუფთა დაფაზე დაგეწყოთ ხატვა?
- რა თქმა უნდა, ყოფილა ასეთი მომენტები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ცხოვრებაში ტკივილი და გაურკვევლობა ერთმანეთში იყო არეული და მართლა მინდოდა, რომ ყველაფერი გამქრალიყო, წარსული კი არა, ის რეალობა, სადაც ვიყავი და არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეგრძელებინა. იყო დღეები, როცა ვფიქრობდი, ნეტა შემეძლოს ყველაფერი თავიდან დამეწყო, იქიდან როდესაც სამხატვრო ტექნიკუმში ჩავაბარე და დავიჯერე რომ საინტერესო და ლამაზი ცხოვრება მექნებოდა. მანამ, სანამ მომიტაცებდნენ, როდესაც ყველაფერი თავდაყირა დადგა და სულ სხვა ცხოვრება დაიწყო რომელზეც ჯერ არ მეფიქრა.
მაგრამ ცხოვრება ქვიშასავით არ არის, ყველაფრის სრულად წაშლა ან უკან დაბრუნება შეუძლებელია და ალბათ არც უნდა ხდებოდეს. რადგან ის პერიოდი, რაც გავიარე, თავისი ტკივილით და შიშებით, დღეს ჩემი ძალის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. დღეს უკვე აღარ მაქვს სურვილი, რომ ჩემი წარსული გავფანტო, პირიქით, მივიღე ის, როგორც ჩემი ისტორიის ნაწილი. ქვიშის ხელოვნებამაც ეს მასწავლა, შეიძლება ერთი მოძრაობით სურათი შეიცვალოს, მაგრამ ახალი ყოველთვის ძველის საფუძველზე იქმნება. და ალბათ ცხოვრებაც ზუსტად ასეა, არ ვშლით, ვქმნით თავიდან.
- ამბობთ, რომ 3 შვილი თქვენი მთავარი მონაპოვარია. როგორ შეცვალა მათმა გაზრდამ თქვენი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ? გრძნობთ თუ არა, რომ მათთან ერთად თქვენც მეორედ გაიზარდეთ, ამჯერად უფრო თავისუფალ გარემოში?
- დიახ, ჩემი შვილები ჩემი ყველაზე დიდი მონაპოვარია. 17 წლის ვიყავი, როცა პირველი შვილი მეყოლა. დედობა მაშინ ძალიან მიხაროდა, მაგრამ მალევე ვიგრძენი როგორ მიჭირდა. სულ დანაშაულის განცდა მქონდა, რომ ცუდი დედა ვიყავი. ხან მეძინებოდა, მეტირებოდა, ხან ვგრძნობდი, რომ მეტი გაძლება არ შემეძლო. არადა რეალურად, პატარა ვიყავი.
მახსოვს, როგორ გავბედე წასვლა ჩემი კლასის ბოლო ზარზე. მაშინ ჩემი შვილი სამი თვის იყო. მალევე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქ აღარ იყო. უფრო მეტიც, დამრიგებელმა ბოლო ზარის ღონისძიებაზე არ შემიშვა. მითხრა რომ მე მაინც არ ვმონაწილეობდი და ადგილი არ იყო. იქიდან ტირილით დავბრუნდი სახლში. შევნატროდი ჩემი კლასელების ლაღ ცხოვრებას და ამავე დროს ჩემს რეალობაში დაბრუნება არ მინდოდა. ვბრაზობდი საკუთარ თავზე, ვფიქრობდი, რატომ ვიყავი ასეთი ცუდი დედა.
წლებთან ერთად მათთან ურთიერთობამ მასწავლა, რომ სრულყოფილება აუცილებელი არაა, შეიძლება იყო ისეთი, როგორიც ხარ, და ეს საკმარისია. დღეს, როცა ვუყურებ ჩემს გაზრდილ შვილებს, ასეთ შემდგარ, წარმატებულ და გონიერ ადამიანებს, ვხვდები, რომ ყველაფერი ამად ღირდა და ვერც წარმომიდგენია სხვა რეალობა მქონდეს ახლა. თუმცა სადაც დავიწყე იქ ძალიან რთული იყო.

ჩემი უფროსი შვილი, გიგა, უკვე 24 წლისაა, მე კი 41-ის. ასევე, მყავს 22 წლის გვანცა და 13 წლის ნიცა. შვილებთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, განსაკუთრებით უფროსებთან რადგან ერთად ბევრ რამეს ვაკეთებთ. ასევე ერთად ვზრუნავთ ჩვენს უმცროს ნიცაზე. მგონია, რომ ახლა მე უფრო მეტს ვსწავლობ მათგან, ვიდრე ისინი. იციან ჩემი გზა, ჩემი ბრძოლა და ჩემი დიდი მხარდამჭერები არიან.
თუმცა ამ ურთიერთობამდე მოსვლასაც დრო დაჭირდა. მახსოვს, როცა პირველად მითხრა გიგამ ხმამაღლა: “დედა, შენ ძალიან ძლიერი ხარ. ახლა ვხვდები, რომ ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებაში შეცვალე, სწორი ნაბიჯი იყო. მე როცა პატარა ვიყავი, ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი და მხარს ვერ გიჭერდი, მაგრამ ახლა მინდა იცოდე, რომ ძალიან მეამაყები.“ - ეს სიტყვები იყო ჩვენი ახალი ურთიერთობის დასაწყისი, ჩემი ეჭვების გაიფანტა და უდიდესი სიმშვიდე დამეუფლა.

- ღია მაისური, რომელიც ადრე სქოლიოზის გამო თქვენთვის აკრძალული იყო, სიმბოლურად თავისუფლების ნიშანია. როგორი იყო შეგრძნება, როცა ოპერაციის შემდეგ სარკეში პირველად დაინახეთ „ახალი“ ზურგი და ახალი შესაძლებლობები?
- ამ ოპერაციას ჩემთვის ძალიან დიდი ემოციური დატვირთვა გააჩნია. ეს იყო განთავისუფლება. ვერ აღგიწერთ, როგორ მაწუხებდა ჩემი დეფორმირებული ზურგი. როგორ მიგდებდა თვითშეფასებას. თან იმ რეალობაში, რა რეალობაშიც მაშინ მიწევდა ცხოვრება. კი ჩემმა ყოფილმა ქმარმა კუზიანიც კი დამიძახა რამდენჯერმე. ხშირად სიტყვა იმდენად მტკივნეულია, რომ აღარ გეშინია ფიზიკური ტკივილის. გადავწყვიტე რომც მოვმკვდარიყავი ამ ოპერაციაზე დამეძინა და აღარ გამეღვიძა, მაინც უნდა გამეკეთებინა.
ოპერაციასთან ერთად ჩემს ცხოვრებაში ბევრი სხვა ფიზიკური თუ ემოციური ბრძოლა იყო. ეს იყო 2017 წელი როცა თითქოს კიდეც მოვკვდი და კიდეც დავიბადე. რთულ რეაბილიტაციასთან ერთად ჩემი ცხოვრება შევცვალე და თავისუფლება დავიბრუნე. არ მქონდა იმედი, რომ ამ ოპერაციას ასეთი კარგი შედეგი ექნებოდა და ვერ აღვწერ იმ სიხარულს როცა პირველად შევძელი ფეხზე დადგომა და ჩემი ზურგი ვნახე. ისეთი როგორიც მხოლოდ ჩემს ოცნებებში იყო. წლები თუ სულ თავისუფალი და დახურული ზედები მეცვა. ახლა სიხარულით ვიცვამ ზურგზე მოშიშვლებულ ზედებს და ვიხსენებ რომ ეს რეალობა მხოლოდ სიზმარში და ოცნებებში წარმომედგინა უამრავი წელი.

- წარსულზე საუბრისას ხშირად თავს იკავებთ, თუმცა თქვენი სიმშვიდე დღეს ბევრს ეუბნება მაყურებელს. არის თუ არა დღეს ხელოვნება თქვენთვის ის თერაპია, რომელმაც ძალადობისა თუ სირთულეების დავიწყებაში დაგეხმარათ, ვიდეოში ჩანს თვალზე სილურჯე, რომელიც წარსულში დატოვეთ…
- დიახ, წარსულზე საუბარი წლების განმავლობაში რთული იყო. ახლაც რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკმარისი რეაბილიტაცია გავიარე. ჩემი ხელოვნება ჩემი ფანტაზია და შინაგანი სამყარო ყოველთვის იყო ალბათ ჩემთვის თერაპიული გადარჩენის საშუალება. ალბათ დიდი ძალა მომცა, მაგრამ მანამდე იყო მთავარი, თვითრწმენის დაბრუნება. საკუთარი შინაგანი ხმის განცდების და ემოციების მოსმენა. გაცნობიერება რა მინდა და ვინ ვარ. ეს ცხოვრება თითქოს ერთი შანსია, რომელსაც სამყარო გვაძლევს და ჩვენ ხან არ ვიყენებთ და ვრჩებით იქ სადაც გვიზღუდავენ, გვამცირებენ, ძალადობენ და გვაჯერებენ რომ სულ ესაა შენი ცხოვრება, რომ მეტი არაფერი შეგიძლია და მეტს არ იმსახურებ. მაგრამ ერთ დღეს, როდესაც შენი შინაგანი უხმო კივილის ხმას გაიგებ არც კი იცი საიდან, ჩნდება შენში ძალა რომ ყველაფერი შეცვალო და საკუთარი თავი დაიბრუნო.
- ბევრი ქალისთვის თქვენი დღევანდელი სიმშვიდე იმედის მომცემია. რას ეტყოდით იმ ქალებს, რომლებიც დღესაც იმავე „დამალულ“ ტკივილს ატარებენ, რასაც თქვენ 2011 წელს - რა არის ის პირველი ნაბიჯი, რომლითაც ქვიშის ძველი, მტკივნეული სურათის წაშლა იწყება?
- ძალიან მიხარია, თუ ჩემი ცხოვრების გზა, ჩემი გამარჯვებები და დღევანდელი ცხოვრება იქნება იმედის და ძალის მომცემი იმ ქალებისთვის, ვისაც დღეს მსგავსი სირთულეები აქვს. ყველაფერი იწყება საკუთარი ნების მოსმენით, ფრთხილად და ნელ-ნელა. უნდა დაიჯერო, რომ არსებობს გზა, შენი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. მე ძალიან ბევრი წელი დამჭირდა, ახლა კი ვცდილობ, მაქსიმალურად შევიგრძნო ჩემი თავი და ჩემი ცხოვრება. ყველაფერი ფიქრით იწყება, მცირე ნაბიჯებიც კი მნიშვნელოვანია დიდ ცვლილებამდე მისასვლელად.

მთავარია გახსოვდეს - შენს ცხოვრებაში მთავარი გმირი შენ ხარ და ყველაფერი უნდა გააკეთო შენი უკეთესი ცხოვრებისთვის. როგორც ჩემს ნახატებში ერთი მცირე ხელის მოძრაობა ზოგჯერ მთელ ვიზუალს ცვლის, ასევე თითოეული ნაბიჯი და არჩევანი მნიშვნელოვან ცვლილებას ქმნის ჩვენს ცხოვრებაში.
- ქვიშის მხატვრობა 2012 წელს სიახლე იყო. როგორ შეიცვალა თქვენი ტექნიკა და ხედვა მას შემდეგ? რა არის ის მთავარი სათქმელი, რაც დღეს თქვენს შოუებს გასდევს ლაიტმოტივად?
- მე ვერც კი ვაცნობიერებდი რომ ეს იქნებოდა ჩემი გადარჩენის გზა რომელსაც ვეძებდი. ხანდახან შენ არც კი იცი, სად იქნება ის გზა, რომელსაც ასე ითხოვ და ამ დროს სამყარო გიგზავნის პასუხად. ამას შემდეგ მივხვდი, რომ არა ჩემი ქვიშის ხელოვნება და ნიჭიერში გამარჯვება, შეიძლება დღეს ისევ იქ ვყოფილიყავი, იმ ცხოვრებაში... თუ ვიქნებოდი საერთოდ კიდევ... ამიტომ ჩემი ხელოვნება, ჩემი შემოქმედება, კიდევ უფრო მეტ შინაარს ატარებს და სწორედ ამიტომ ემოციური და ამაღელვებელი თემები ყველაზე კარგად გამომდის.

- გორიდან თბილისში გადმოსვლა მხოლოდ მისამართის შეცვლა იყო თუ შინაგანი „გაქცევა“ ახალი ცხოვრებისკენ?
- როგორც უკვე გითხარით 2017 წელს გავიკეთე სქოლიოზის ოპერაცია. განვქორწინდი და თბილისში გადმოვედი. ეს ყველაფერი სულ ერთ წინადადებაში ითქმის, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ რამდენი რამ მოხდა. ვიყიდე თბილისში ბინა ახალაშენებულში და ახალი ნაოპერაციები ჩავერთე ამ ბინის დაპროექტებასა და რემონტში. ამ პერიოდში იყო ისევ შიშები და ეჭვები. ნეტავ სწორად ვიქცევი, ნეტავ თუ მეყოფა ძალა თავი გავართვა ყველაფერს, ჩემი სამი შვილი წამოვიყვანო და შევძლო დამოუკიდებლად ცხოვრება... შევუქმნა ჩემს შვილებს მშვიდი გარემო და ნორმალური პირობები. ხომ წარმოგიდგენიათ როგორი დიდი პასუხისმგებლობა მქონდა. რამდენი ღამე გამითენებია ამ ფიქრებში. მახსოვს როცა პირველად გადმოვედით თბილისში ჩემს სახლში, ღამით როცა ბავშვებმა დაიძინეს ძალიან დიდხანს ვიჯექი აივანზე მარტო და ვერ ვიჯერებდი რომ ეს რეალობა იყო. იმ ღამეს, ცაც ძალიან ლამაზი იყო. ვუყურებდი უსასრულოდ ვარსკვლავების მოჭედილ ცას და ვტიროდი. ვჩურჩულებდი - მე ეს შევძელი!