სოციალურ ქსელში საინტერესო კადრები გავრცელდა, სადაც აშშ-ში პოლიციის მანქანიდან ეჭვმიტანილის გაქცევის არაორდინალური მომენტია ნაჩვენები.
ვიდეოში ქერა, მთლიანად შავებში ჩაცმული ქალი ჩანს, რომელიც საპოლიციო ავტომობილის ნახევრად ჩამოწეულ უკანა კარის ფანჯრიდან იყურება და თითქოს ამოწმებს, უყურებენ თუ არა მას სამართალდამცველები.


შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ ხელები ზურგს უკან აქვს შებორკილი, დარჩენილ ფანჯრის ვიწრო სივრცეში გაძრომას ახერხებს, გარეთ ცალ ფეხზე ხტება და ტროტუარზე სწრაფად გარბის.

ამ დროს ორი პოლიციელი შორიახლოს გაჩერებული თეთრი პიკაპის შემოწმებით იყო დაკავებული, ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი საპატრულო მანქანასთან დაბრუნდა, ჯერ შუშაზე დააკაკუნა, შემდეგ კი როდესაც ჩაკეტილ მანქანაში ეჭვმიტანილი ვეღარ აღმოაჩინა, პანიკაში ჩავარდნილმა მისი ძებნა დაიწყო.

ქალი გასულ შაბათს მიჩიგანში მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციამ მიტოვებულ შენობასთან გაჩერებული საეჭვო მანქანის შემოწმება გადაწყვიტა, თითის ანაბეჭდის სკანერის გამოყენების შემდეგ გაირკვა, რომ მას პირობითი სასჯელი ჰქონდა დარღვეული, ამიტომ ხელბორკილები დაადეს და საპატრულო მანქანაში ჩასვეს, საიდანაც რამდენიმე წუთში ორიგინალური მეთოდით გაიქცა. ამ მომენტისთვის უცნობია მოახერხეს თუ არა სამართალდამცველებმა გაქცეულის ხელახლა დაკავება.
გაქცევის კადრებმა სოციალურ ქსელებში უამრავი კომენტარი დაიმსახურა, ადამიანების უმეტესობა გაოცებას ვერ მალავდა.