ავტორი:

რას ცდილობს რუსეთი? - "კგბ-ს სტილია სხვაზე იმის დაბრალება, რასაც თავად ფიქრობს... თუმცა მათ ერთი შეცდომა მოუვიდათ, მეუფე აბრაამთან დაკავშირებით"

რას ცდილობს რუსეთი? - "კგბ-ს სტილია სხვაზე იმის დაბრალება, რასაც თავად ფიქრობს... თუმცა მათ ერთი შეცდომა მოუვიდათ, მეუფე აბრაამთან დაკავშირებით"

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი "აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის შენარჩუნებას და ამჯერად აპირებს ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავისი გავლენა გააძლიეროს“.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო პატრიარქს სურს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის თანამდებობაზე დაწინაურდეს კანდიდატი, რომელსაც დაეყრდნობა."ფანარიოტს ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისეთი წარმომადგენლის დაწინაურება სურს, რომელზე დაყრდნობასაც შეძლებს. ბართლომეოსი ამ როლისთვის კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). ის მათ თავის უახლოეს გარემოცვაში წარმოაჩენს, როგორც მისი ნების ყველაზე შესაფერის შემსრულებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რას ამბობს საქართველოს საპატრიარქო?

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ "მისთვის უცნობია ამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველი".

"მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის წარმოუდგენელია და მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად" - ამბობს ჯაღმაიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

  • რას ცდილობს რუსეთი? - რუსული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას AMBEBI.GE-სთან თეოლოგები აფასებენ.

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი:

"ამ ყველაფერს მე ორ კონტექსტში ვხედავ. ვფიქრობ, რომ გარმელია-ბერბიჭაშვილთან დაკავშირებული ინფორმაცია მიწოდებულია საქართველოს საპატრიარქოს პრორუსული ძალების მიერ შესაბამისი პატრონებისთვის რუსეთში. მათ კი მოახდინეს რეაგირება, რითაც ცალკე ვითომ თავში წამოარტყეს მსოფლიო პატრიარქს და ამავდროულად, მიანიშნეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათთვის რუსეთის სასურველი კანდიდატის გარდა, სხვა კანდიდატი განხილული არ უნდა იყოს. ეს ღია მინიშნებაა, რა თქმა უნდა, ცალკეული მღვდელმთავრისთვის, ჩვენ გაკვირდებით თქვენ და მიიღეთ საჩვენო გადაწყვეტილებაო. ეს არის ღია ჩარევა საქართველოს ეკლესიის საქმეებში. თურმე რუსეთს აქვს უფლება იმსჯელოს საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე და მაგ. მსოფლიო პატრიარქი რომ დაინტერესებული იყოს რამეთი, ამის უფლება ბართოლომეოსს თურმე არ ჰქონია. მსოფლიო საპატრიარქოსთვის ზუსტად ვიცი, მნიშვნელოვანია, რომ სინოდის წევრებმა მიიღონ მათთვის სასურველი და სწორი გადაწყვეტილება. სწორ გადაწყვეტილებაში იგულისხმება, ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ძალდატანების გარეშე იქნება აღსრულებული.

ვინ შეიძლება ძალა დაატანოს იერარქებს, ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, პირდაპირ ნარიშკინი, გუნდიაევი და პუტინი აქ არ ჩამოვა მოსკოვიდან პატრიარქის დასანიშნად, მათ სურთ, რომ იყოს დანიშნული ის, ვინც მათ სურთ. მეორე მომენტია - საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ეკლესიაში არსებული პრორუსული ძალები შეეცადონ, რომ მათი ორი კანდიდატი იყოს, ანუ თუ მეუფე შიოს კანდიდატურა იქნება განხილული, შეიძლება კიდევ ერთი პრორუსული კანდიდატიც დაასახელონ, რითაც შემდგომ სინოდის დანარჩენი წევრების მესამე კანდიდატს გარკვეულწილად მძიმე ვითარებაში მოაქცევენ და ბოლო კენჭისყრა მათ ორ სასურველ კანდიდატს შორის გაიმართება. მათთვის უკვე მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გავა, მთავარია იყოს რუსეთის ინტერესების რეალიზატორი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პროცესში ჩარეულია საქართველოს ხელისუფლება როგორც მხარე, ამას ვხედავთ და მისი ინტერესები აბსოლუტურად უნისონში მოდის რუსეთის ინტერესებთან.

რა თქმა უნდა, საერო ხელისუფლებას ექნება თავისი ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის ყველაზე გავლენიან და ავტორიტეტულ ინსტიტუციას ვინ შეიძლება ხვალ-ზეგ მართავდეს, როგორ შეიძლება განვითარდეს ამ ინსტიტუციის ბედი და ა.შ. საუბარია იმაზეც, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გარკვეულწილად განსაზღვრავს ბევრ რამეს იდეოლოგიურ კონტექსტში და მნიშვნელოვანია, რომ ის იყო დამოუკიდებელი, პრაგმატულად ასე უნდა იყოს, თუმცა ვხედავთ, რომ ეს ჩარევა ზუსტად 1/1-ში მოდის იმ ინტერესებთან, რა ინტერესებიც აქვს რუსეთს საქართველოში და ეს არის ძალიან ცუდი.

გონიერმა ადამიანებმა დღეს პერსონებზე კი არ უნდა ილაპარაკონ და იმაზე, ვინ იქნება პატრიარქი, არამედ უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის სახელმწიფოს განვითარების ეგზისტენციალური საკითხი. ეკლესიას სახელმწიფოსთან უნისონში იმიტომ ვახსენებ, რომ ამ ეპოქამდე ქართველი ადამიანი საკუთარი თავის იდენტობას ეკლესიასთან ახდენდა მიუხედავად იმისა, იყო ღრმად მორწმუნე თუ ათეისტი. ქართველი ადამიანები ქრისტესთან და ქრისტიანობასთან ახდენენ საკუთარ იდენტიფიცირებას, მაგრამ ამ ადამიანებმა ქრისტე არ იციან ვინ არის, მისი სწავლება არ იციან - როდესაც უმნიშვნელოვანესი სიყვარულია, როდესაც სამართლიანობა და თავისუფლება ქრისტესთან იდენტიფიცირდება. მიუხედავად ეკლესიაში და ხელისუფლებაში არსებული პრობლემებისა, ვისურვებდი, ერმაც და ბერმაც ერთხელ გააკეთოს ყველაზე მთავარი საქმე - ქრისტე დააბრუნონ ეკლესიაში“.

გოჩა ბარნოვი:

"ფაქტია, რომ რუსეთი მსგავსი განცხადებებით ყველანაირად ცდილობს, გავლენა მოახდინოს ამ პატრიარქის არჩევნებზე. გარდა ამისა, ნარიშკინის ორგანოს ასეთი განცხადება ადასტურებს იმას, რომ მათი ინტერესი საქართველოში საპატრიარქოს არჩევნების მიმართ არის ძალიან დიდი და ის აბსოლუტურად სერიოზულად უყურებს ამ საკითხს. ეს იმიტომ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი ქვეყანაში და, შესაბამისად, მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ვინ იქნება მომდევნო პატრიარქი, რამხელა გავლენა და წვდომა ექნება მასზე რუსეთის სპეცსამსახურებს. დაახლოებით 3-4 ეპისკოპოსი დაასახელებს თავის კანდიდატურას, მაგრამ საბოლოოდ, სინოდი რომელ სამ კანდიდატურას გაიტანს გაფართოებულ სხდომაზე, ახლა ამის თქმა ძნელია, არ მინდა ვიმკითხაო და რამე არასერიოზული განცხადება გავაკეთო.

თუმცა როგორც ეპისკოპოსების ბოლო საუბრების ქვეტექსტებში იკითხება, რუსეთის ჩარევა თუ არ იყო უხეში და პირდაპირი, იქნება 3-ზე მეტი კანდიდატურა. ზოგადად, რუსეთის კგბ-ს სტილია სხვაზე იმის დაბრალება, რასაც თავად ცდილობს და რასაც სხვა არ კადრულობს (და არც ფიქრობს). მაგ. კონსტანტინოპოლის გავლენა რომ დიდი ყოფილიყო საქართველოში, მაშინ 2016 წელს საქართველო კრეტის კრებაშიც მიიღებდა მონაწილეობას და შემდგომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან მიმართებაშიც ლიტურგიულ თანაზიარებას გამოხატავდა, თუმცა არც ერთი ხდება და არც მეორე, ერთშიც რუსულ პოლიტიკას მისდევს საქართველოს ეკლესია და - მეორეშიც.

შესაბამისად, მოსკოვი აბრალებს კონსტანტინოპოლს იმას, რასაც ის არ აკეთებს და არც არასდროს გაუკეთებია. როდესაც საპატრიარქო ამბობს იმას, რომ შეუძლებელია არჩევნებში ვინმეს ჩარევა, ეს ნიშნავს იმას, რომ მათთვის სულაც არაა შემაშფოთებელი რუსეთის ძალების ასეთ დონეზე ჩართვა. რა თქმა უნდა, რუსეთს უდიდესი გავლენა აქვს და ძლიერი ბერკეტებიც, შესაბამისად, თუკი საქართველოს ეკლესიის სინოდი და ეპისკოპატი სათანადო სიმაღლეზე არ დადგა, რა თქმა უნდა, შედეგზე ეს დიდ გავლენას მოახდენს. ეპისკოპოსებმა უნდა გაითვალისწინონ ის, რომ ეს არჩევნები არ არის მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ ქვეყანაში გარდამტეხი პროცესების დასაწყისისთვისაც. ეს უნდა გააცნობიეროს ყველა ეპისკოპოსმა და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ეკლესიას დააბრუნებს იმ გზაზე, იმ ბილიკზე, რომლის გაკვალვაც და გაკაფვაც დაიწყეს ჩვენმა მთაწმინდელმა წმინდანებმა - ეს იყო დასავლეთისკენ საქართველოს ეკლესიის და შესაბამისად, სახელმწიფოს დასავლეთისკენ სწრაფვაც.

ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე როგორც უშიშროების სამსახური, ასევე საპატრიარქოც გააკეთებდა საპროტესტო განცხადებას და პასუხს გასცემდა რუსეთის სპეცსამსახურებს. ვფიქრობ, ეს სპეცსამსახურების განცხადება არის იმ კანდიდატების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც ასე თუ ისე, მოიაზრებიან ანტირუსული შეხედულებების ეპისკოპოსებად. მათ ერთი შეცდომა მოუვიდათ - მეუფე აბრაამ გარმელია 77 წლისაა, ასე რომ, დებულების თანახმად, ის კენჭს ვერ იყრის. რუსეთის სპეცსამსახურებმა დაინახეს, რომ ალაპარაკდნენ ის ეპისკოპოსები, რომლებსაც ვერც წარმოიდგენდნენ და ეს მათთვის შემაშფოთებელია. მათთვის სასურველია, რომ მოსაყდრის კანდიდატი იყოს მხოლოდ, ან ფორმალური დაპირისპირებისთვის, იყოს სხვა ისეთი კანდიდატი, რომელიც აშკარად რუსეთის მხარდამჭერია და მათი ინტერესების გამტარებელი. მსგავსი განცხადებები კიდევ იქნება, ჯერ ადრეა, როდესაც პატრიარქობის კანდიდატები ოფიციალურად დასახელდება, ჩვენ საკმაოდ სერიოზულ შეტევას უნდა ველოდოთ რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან“.

წაიკითხეთ ასევე: