"გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი და მფლობელი, საზოგადოებისთვის ცნობილი ფლორისტი ზურაბ შევარდნაძე, სკანდალის ეპიცენტრშია. ამჯერად მას ყოფილი თანამშრომელი, ხატია ნეფარიძე უპირისპირდება და ბიზნესმენს უხეშ მოპყრობაში, შეურაცხყოფასა და ფსიქოლოგიურ ტერორში ადანაშაულებს.
ნეფარიძემ სოციალურ ქსელში ჯერ პოსტი, შემდეგ კი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც დეტალურად აღწერს იმ ინციდენტს, რომელიც, მისი თქმით, მასსა და შევარდნაძეს შორის მოხდა.
ხატია ნეფარიძე აცხადებს, რომ ერთი კვირის მძიმე შრომის შემდეგ, მას სამსახურიდან ყოველგვარი მიზეზის გარეშე უშვებდნენ, სიმართლის გარკვევის მცდელობა კი ფიზიკური აგრესიით დასრულდა:
"მოგიყვებით მის ადამიანობაზე. მისი ყალბი ღიმილის უკან ვინც დგას... ერთი კვირის დაუღალავი შრომის შემდეგ, მიცხადებენ, რომ უნდა დამემშვიდობონ. ღმერთმა იცის და ვინც მე მიცნობს, ყველამ იცის როგორი ადამიანიც ვარ. არც შრომას ვთაკილობ და არაფერს... როცა მივედი და ვცადე მშვიდად, უბრალოდ მიზეზის გარკვევა, პასუხი ვერ გამცეს. აი, უბრალოდ, თურმე უნდა იყოს საკმარისი მათი სიტყვა... და როცა ხელმეორედ ვკითხე და ვცადე ამეხსნა, რომ ყველაფერს ვაკეთებდი რაც ჩემს მოვალეობაში შედიოდა და რაც არ შედიოდა და თანაც საკმაოდ მძიმე სამუშაო აქვთ, ხალხის თანდასწრებით, გაფართოებული თვალებით, ცხვირწინ მაგიდაზე ხელი დამირტყა და პირდაპირ ასე მითხრა "გააჯ... აქედანო!“
მსგავსი შეურაცხყოფა არავის მოუყენებია ჩემთვის და არც ვაპირებ შევარჩინო. იცოდეთ, ეგ ადამიანი არის ბოროტების განსახიერება, მას არ უყვარს არც მცენარეები და არც ადამიანები. როგორც ნივთებს ისე ექცევა ხალხს. მას სჭირდება ყურმოჭრილი მონა! იცოდეთ!“ - წერს ხატია ნეფარიძე.
ხატია ნეფარიძის მიმართვამ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი მომხდარს შევარდნაძის "რთულ ხასიათს“ მიაწერდა. მოგვიანებით ნეფარიძემ ვიდეოც ჩაწერა.
"როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ ჩემი შემთხვევა არ არის. ჩემს წინა პოსტზე გამოხმაურებებმა აჩვენა, რომ ამ ადამიანისგან მსგავსი "კომუნიკაციის სტილი" ბევრისთვის ნაცნობია. საზოგადოების ნაწილი ამას უკვე "ჩვეულებრივ ამბად" აღიქვამს - "ეგეთია და რა ვქნათ". რატომ ვწერ ამას? მე არ ვეძებ მხოლოდ თანაგრძნობას. მე მინდა ვთქვა, რომ თანამდებობა არავის აძლევს უფლებას, სხვას ღირსება შეულახოს. დუმილი აძლიერებს მოძალადეს. თუ ჩვენ შევეგუებით იმას, რომ სამსახურიდან გაშვებისას გვაგინონ და გვიყვირონ, ეს ნორმად იქცევა.
პროფესიონალიზმი პატივისცემით იწყება. თუ ხელმძღვანელს არ შეუძლია ემოციების მართვა და ელემენტარული ზრდილობის ფარგლებში პასუხის გაცემა, ის არ იმსახურებს იმ პოზიციას, რომელიც უკავია. არავინ არის ვალდებული მოითმინოს ფსიქოლოგიური ტერორი მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას "ასეთი ხასიათი აქვს". მე ჩემს ღირსებას არავის დავაჩაგვრინებ და მადლობა ყველას, ვინც გვერდით მიდგახართ", - აცხადებს ნეფარიძე.
ბრალდებებს მესამე დღეს "გარდენია შევარდნაძის“ პიარ-მენეჯერმა, სოფიო ჭოლოხავამ უპასუხა. ის მომხდარს "გამაოგნებელ კამპანიას“ უწოდებს და ამბობს, რომ ხატია (რომელსაც პოსტში მადონად მოიხსენიებს) თავად ახორციელებდა ზეწოლას ადმინისტრაციაზე.
"უკვე რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებ სოციალურ ქსელში ზურაბ შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართულ, გამაოგნებელ კამპანიას და ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალე, როგორც პროცესში უშუალოდ ჩართულმა და ჩვენს ბაღში დასაქმების მსურველთა მიერ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე პასუხისმგებელმა პირმა, გაგიზიაროთ დეტალური ინფორმაცია, ქალბატონ მადონას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც გამოვაცხადეთ სეზონური დამხმარის ვაკანსია, ეს ქალბატონი მოვიდა გასაუბრებაზე და რა თქმა უნდა, მას განვუმარტეთ, რა ფუნქცია-მოვალეობებს გულისხმობდა ეს კონკრეტული პოზიცია და როგორც სხვა დანარჩენს, მასაც შევთავაზეთ ანაზღაურება, 8-საათიან სამუშაო დღეში 100 ლარის ოდენობით, მიუხედავად იმისა, გავუფორმებდით თუ არა ხელშეკრულებას. კუთვნილი ჰონორარი ქალბატონს იმთავითვე გადავუხადეთ. მე, როგორც პასუხისმგებელი პირი, ვაკვირდებოდი მის საქმიანობას და რამდენიმე დღის შემდეგ, ბატონ ზურაბ შევარდნაძეს გავუზიარე ჩემი მოსაზრება, დასაქმების მსურველთან დაკავშირებით.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც ამ კონკრეტული პოზიციისთვის იყო საჭირო და მეტიც, აუცილებელი. შესაბამისად, ჩვენი მოსაზრება და გადაწყვეტილება ქალბატონ მადონას არაერთხელ განვუმარტე და დავემშვიდობეთ. შემდეგ, პერმანენტულად მწერდა როგორც ე.წ პირად მესამეჯერ, ასევე გვწერდა “გარდენია შევარდნაძის” გვერდზე და რბილად რომ ვთქვა, საკმაოდ უხეში ფორმით, ერთგვარი ზეწოლის მოხდენის მცდელობაც კი ჰქონდა, დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო - არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს იყო დღის საათები თუ მაგალითად შუა ღამის 02.00 საათი, გაუთავებლად განაგრძობდა ჩვენს დამუნათებას.
რა თქმა უნდა, პასუხს მოთმინებით და კეთილი სურვილებით ვუბრუნებდით და ცოტა უხერხულიც კია, რომ ამაზე ახლა ხაზგასმა გვიწევს. ვინაიდან ეს კომუნიკაცია არ აღმოჩნდა საკმარისი, ბატონმა ზურამ გვთხოვა, რომ მოსულიყო ქალბატონი მადონა, რათა თავად პირადად აეხსნა მიზეზი და კიდევ ერთხელ განგვემარტა მისთვის ჩვენი გადაწყვეტილება. ცხადია, დავხვდით აბსოლუტურად კეთილგანწყობილნი და სრული მზაობით, დაუზარლად, კიდევ ერთხელ აგვეხსნა ჩვენი პოზიცია. ვუხსნიდით საკმაოდ დიდ ხანს, რა გვჭირდებოდა ჩვენ და რას ვერ ასრულებდა ქალბატონი. ალბათ დამეთანხმებით, რომ გვაქვს უფლება, თავად მივიღოთ გადაწყვეტილება, კონკრეტულ ვაკანსიაზე მსურველის დასაქმების შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, არგუმენტებს დაუზარლად წარვუდგენდით.
ამის მიუხედავად, ქალბატონი მადონა გვაქვს ეჭვი, რომ დაგეგმილი პროვოკაციული სცენარის ფარგლებში, განაგრძობდა მუქარას და ამ დროს, ზოგჯერ სამწუხაროდ, ძალიან რთულია მოახერხო ბოლომდე თავის შეკავება. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ქალბატონი მხოლოდ რამდენიმედღიანი, გამოსაცდელი ვადით იყო ჩვენთან, არ გახლდათ გარდენიას თანამშრომელი. მინდა გითხრათ ისიც, რომ ამ დრომდე მაქსიმალურად თავს ვიკავებდით დეტალებზე საუბრისგან, თუმცა აღარც გაჩუმება შეიძლებოდა. და ბოლოს, რა თქმა უნდა ვისურვებ, რომ ასე ხელაღებით, დაუნდობლად არ შეგვეძლოს ტალახი ვესროლოთ ადამიანებს. ყველას გისურვებთ წარმატებას! ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თითოეული მშრომელი ადამიანი!“ - აცხადებს სოფიო ჭოლოხავა.
იხილეთ ასევე: