ბოლო დღეებში საქართველოში ვირუსული ინფექციების სურათი შეიცვალა. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თებერვლიდან ქვეყანაში ცირკულირებს ვირუსი, რომელიც 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის უფრო მეტად საყურადღებო, რადგან მას შეუძლია ბრონქების ანთება გამოიწვიოს.
"ეს არის ვირუსი, რომელმაც ჩაანაცვლა გრიპი. თუ დეკემბრიდან დაწყებული საქართველოში ყველაზე ხშირად მიმართვიანობის განმაპირობებელი როგორც სტაციონარებში, ისე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში იყო გრიპი, კერძოდ კი, ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპი, ახლა განსაკუთრებით, თებერვლის მეორე ნახევრიდან ყველაზე ხშირად ფიქსირდება ვირუსი, რომელიც 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის უფრო მეტად საყურადღებო, ვინაიდან მას შეუძლია გამოიწვიოს წვრილი ბრონქების ანთება.
ამ დაავადებას ბრონქიოლიტი ჰქვია და მისთვის დამახასიათებელია სუნთქვის მკვეთრი გახშირება, შეტევითი, ხშირი ხველა, გახშირებული და გაძნელებული სუნთქვა. ეს ყველაფერი მიმდინარეობს მსტვინავი ხასიათის სუნთქვის ფონზე. ამ დაავადების დიაგნოზის დასმა სირთულეს არ წარმოადგენს. სწორედ კლინიკური ნიშნებით არის ამ დაავადების დიაგნოსტირების შესაძლებლობა, დამატებითი კვლევები არ სჭირდება. თუ 2 წლამდე ასაკის ბავშვს ჩამოთვლილი კლინიკური ნიშნები აქვს, უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს არის ბრონქიოლიტი. შესაბამისად, მკურნალობაც და მართვაც მიდის, როგორც ბრონქიოლიტის. რთული და მძიმე მიმდინარეობა ინფიცირების ყველა შემთხვევას არ აქვს, მაგრამ პაციენტების ნაწილი საჭიროებს ჟანგბადის დამატებით მიწოდებას, გადასხმას და სითხის შევსებას. პაციენტების მცირე ნაწილს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

აღნიშნულ თემას და მშობლების მზარდ შეშფოთებას სოციალურ ქსელში პედიატრი ინგა მამუჩიშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც დაავადების დეტალებსა და მართვის გზებზე ვრცლად ისაუბრა:
"მწვავე ბრონქიოლიტი" - ამ ტერმინის შიშმა მოიცვა დღეს მშობლები; გვირეკავენ, გვწერენ, აინტერესებთ დეტალები ამ დიაგნოზის შესახებ! მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის რაიმე ახალი - მწვავე ბრონქიოლიტი ყოველთვის იყო, არის და იქნება, ისევე როგორც გრიპი! არ არის საჭირო საყოველთაო, გლობალური პანიკა.
ბრონქიოლიტი არის ვირუსული ეტიოლოგიის, უმეტესად თვით ლიმიტირებადი დაავადება, რომლის მართვაც სწორ დაკვირვებას ეფუძნება. მწვავე ბრონქიოლიტის გამომწვევი არის ვირუსი, ძირითადად RSV (ყველაზე ხშირი), რინოვირუსი, მეტაპნევმოვირუსი, პარაინფლუენზა... იგი პიკს აღწევს შემოდგომა - ზამთრის პერიოდში, განსაკუთრებით უყვარს 2 წლამდე ასაკის ბავშვები...
ბრონქიოლიტი ქვედა სასუნთქი გზების ინფექციაა, ზიანდება მცირე დიამეტრის ბრონქიოლები... ვითარდება: ლორწოვანის შეშუპება, ლორწოს ჰიპერსეკრეცია, ბრონქიოლების ობსტრუქცია... მისი კლინიკური მიმდინარეობაა: სურდო, მსუბუქი ხველა, სუბფებრილური ტემპერატურა, ტაქიპნოე, ექსპირაციული ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, საკვებზე უარის თქმა...
0–2 თვე: >60/წთ;2–12 თვე: >50/წთ;1–5 წელი: >40/წთ.ასევე ნეკნთაშორის/სუბკოსტალური მიდამოს ჩაზნექვა სუნთქვის დროს, ციანოზი (ტუჩების სილურჯე), აპნოეს ეპიზოდები, წოვის გაძნელება, ლეთარგია...
მთავარია სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება. შემდეგ მივმართავთ საინჰალაციო თერაპიას ფიზიოლოგიური ხსნარით (NaCl 0.9%). ჰიპერტონული ხსნარი (3%) - ზოგ შემთხვევაში ეფექტურია ლორწოს გასათხელებლად. რუტინულად არ არის რეკომენდებული ბრონქოდილატატორები (სალბუტამოლი) და კორტიკოსტეროიდები - მხოლოდ ინდივიდუალური შეფასებით ექიმის მიერ...
ბრონქიოლიტის ნებისმიერი გამოვლინების დროს აუცილებლად და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, განსაკუთრებით 6 თვემდე ასაკის ჩვილების ავადობისას!ბრონქიოლიტი ამ ეტაპზე ხშირია, მაგრამ მისი მართვა ეფუძნება პაციენტზე დაკვირვებას, არა პანიკას და არა ზედმეტ მედიკამენტებს“.