ავტორი:

"რუსებს აღდგომისთვის ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზეთ - საპასუხოდ, "შაჰედებს“ ვიღებთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"რუსებს აღდგომისთვის ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზეთ - საპასუხოდ, "შაჰედებს“ ვიღებთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ლუცკში რუსების მიერ Shahed-ებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა - რუსებმა გაანადგურეს საკვების საწყობები და "ნოვა ფოსტას“ ტერმინალი. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი შენობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

  • მისი თქმით, რუსეთი ღამით თავს დაესხა დნიპროს, ჟიტომირის, პოლტავას, ოდესის, ხარკოვის და ხმელნიცკის ოლქებსაც და უკრაინის წინააღმდეგ, საერთო ჯამში, 339 დრონი მათ შორის 200-მდე Shahed-ის ტიპის დრონი, გამოიყენა.

"დღეს საკმაოდ დატვირთული დიპლომატიური დღე იქნება - ბევრი კონტაქტი უკვე დაგეგმილია და ეს ღამის თავდასხმა, ფაქტობრივად, რუსეთის პასუხია დიპლომატიურ ძალისხმევაზე. ჩვენ მათ შევთავაზეთ ცეცხლის შეწყვეტა აღდგომისთვის - საპასუხოდ, "შაჰედებს“ ვიღებთ. ჩვენ ასევე შევთავაზეთ ცეცხლის შეწყვეტა კონკრეტულად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით - რუსები ამას უგულებელყოფენ და კიდევ ერთხელ ცდილობენ ჩვენი ქვესადგურებისა და ტრანსფორმატორებზე დარტყმას. უკრაინა პარტნიორებთან ერთად მუშაობს სიცოცხლის დასაცავად ერთობლივი შესაძლებლობების გაფართოებაზე, მაშინ როცა რუსეთი აგრძელებს ევროპაში ომის გაჭიანურებას და ირანის რეჟიმთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებით, ის ღიად ახდენს ინვესტირებას ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში ომის გაღვივებაში.

რუსეთი გლობალური საფრთხეა და მის მიერ სიცოცხლისა და მშვიდობის უგულებელყოფა ხელს უშლის ნებისმიერ დიპლომატიას. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ძალისხმევას სიცოცხლის დასაცავად და ყველასი, ვინც უზრუნველყოფს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებას. რაც უფრო მაღალია რუსული დრონებისა და რაკეტების მოგერიების მაჩვენებელი და რაც უფრო მაღალია შეზღუდვების პროცენტული მაჩვენებელი რუსულ ნავთობზე, ვაჭრობასა და წარმოებაზე, მით უფრო მალე იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და დამყარდება მშვიდობა“, - წერს ზელენსკი.