თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, მას, როგორც ადვოკატს, ახალაიას ციხეში მონახულების უფლება მისცეს.
“პატარა, მაგრამ ჩემთვის და ბაჩოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება! 3-თვიანი ყოველდღიური ბრძოლის შედეგად დავიბრუნე ბაჩოსთან ციხეში შესვლის კანონიერი უფლება, როგორც ადვოკატმა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს ადრე თუ გვიან. უნდა ვიბრძოლოთ ყველამ ერთად დიდი გამარჯვებისთვის, არ უნდა გავჩერდეთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“,- წერს ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.
ადვოკატი ანი ნადარეიშვილი მანამდე აცხადებდა, რომ ბაჩო ახალაიას ახალი ბრალის გაცნობის პროცესს არ დაასწრეს.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაცვის ყოფილი მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი საქართველოში ბაჩო ახალაია იყო. სუს-ში განმარტეს, რომ მოვლენებს ის ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და კომუნიკაცია ჰქონდა ორგანიზებაში ბრალდებულ უკვე დაკავებულ პოლიტიკოსებთან.