ავტორი:

რა საკითხებზე იმსჯელებს 3 აპრილს სინოდის სხდომა და მოხდება თუ პატრიარქობის კანდიდატების განხილვა?

რა საკითხებზე იმსჯელებს 3 აპრილს სინოდის სხდომა და მოხდება თუ პატრიარქობის კანდიდატების განხილვა?

დღეს ცნობილი გახდა, რომ 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით.

"მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები", - ნათქვამია განცხადებაში.

  • "მივიღეთ ერთადერთი დაზუსტება - პატრიარქობის კანდიდატების საკითხი არ იქნება განხილული" - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის კომენტარს ავრცელებს "ინტერპრესნიუსი", რომლის თანახმადაც, 3 აპრილს ჩანიშნულ წმინდა სინოდის სხდომაზეც არ განიხილება პატრიარქობის კანდიდატები, თუმცა შესაძლოა, იმსჯელონ, ვის მიერ და რა ფორმით გამოქვეყნდება სააღდგომო ეპისტოლე.

როგორც მეუფე ნიკოლოზი "ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნავს, ის წმინდა სინოდზე დააფიქსირებს პოზიციას იმის თაობაზე, რომ გამოქვეყნდეს სააღდგომო ეპისტოლე, რომელშიც პატრიარქის შესახებ და მის ღვაწლზე იქნება საუბარი.

"3 აპრილს ჩანიშნულ წმინდა სინოდის სხდომაზე საორგანიზაციო და ლოჯისტიკურ საკითხებს განვიხილავთ, კრების მოწვევის, ჩატარების შესახებ.... მივიღეთ ერთადერთი დაზუსტება - პატრიარქობის კანდიდატების საკითხი არ იქნება განხილული.

რაც შეეხება სააღდგომო ეპისტოლეს, ვინ დაწერს და ასე შემდეგ....მე სხვა პრაქტიკა არ მახსოვს, რაც თავი მახსოვს, ილია მეორის ეპისტოლე ქვეყნდებოდა, ამიტომ ალბათ, ამ თემაზეც ვიმსჯელებთ სინოდზე. ჩემი პირადი აზრით, კარგი იქნება ისეთი ეპისტოლე დაიწეროს, რომელშიც ძირითადად პატრიარქის შესახებ და მის ღვაწლზე იქნება საუბარი. ეს ჩემი აზრია, ვნახოთ, სინოდი რაც გადაწყვეტს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

  • "თეოლოგიური განათლება უნდა ჰქონდეს საპატრიარქო კანდიდატს" - მეუფე ვახტანგი

ცურტაველი მიტროპოლიტის, მეუფე ვახტანგ ახვლედიანის კომენტარს ავრცელებს "ტაბულა"

საპროცედურო საკითხები განიხილება 3 აპრილ, სინოდის სხდომაზე. კანდიდატების წარდგენა და რაღაც ასეთი არ იქნება. კონკრეტიზაცია იქნება, რომ ხალხში არ იყოს რაღაც სხვა ხედვები და გაორებები, რათა ყველამ იცოდეს, რომ ეს არის ასე კანონი და თუ ამ კანონს დავარღვევთ, მაშინ ეს ისე არ მიიღება. ჩვენს მართვა-გამგეობის დებულებაში არის კანონები, რომელიც ბოლომდე არ არის მიყვანილი, დავუშვათ, კონკრეტიზაცია არ არის ამ კანონში. და ეს რომ მოხდეს, ამიტომ იკრიბება სინოდი. ყველა წევრი არ იქნება, შეიძლება მეც არ ვიყო.

შეიძლება იყოს [დაკონკრეტება რა იგულისხმება ჩანაწერში, რომ საპატრიარქო კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა], რატომაც არა. თეოლოგიური განათლება უნდა ჰქონდეს საპატრიარქო კანდიდატს. იგულისხმება ადგილობრივი განათლება, რაც უნდა იცოდეს, რა თქმა უნდა, კარგად. შესაძლოა, რაღაცა მონასტერშიაც ისწავლოს ადამიანმა, მაგრამ ეს არ იქნება სრულყოფილი, ანუ მარტო პირჯვრის წერა დღეს არ არის საკმარისი, რომ დღეს იაზროვნო საღვთისმეტყველო შემეცნებით. ახლა ისეთი დროა, რომ რატომ არ უნდა იცოდეს ადამიანმა, დავუშვათ, მარტინ ჰაიდეგერის შრომები "დრო და ყოფიერება" - ეგზისტენციალიზმი, პირდაპირ ვთქვათ. სასულიერო პირი შემკობილი უნდა იყოს თავისი ღირსებით, განათლებით, ჯვრებით, ხედვით. ნუ ახლა უნივერსალი ვერავინ იქნება, ლეონარდო არავინ არის, მაგრამ სასურველია, რომ საპატრიარქო კანდიდატი წარმოსაჩენი იყოს ყველა თვალსაზრისით".

  • მოკლედ, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სინოდი საორგანიზაციო-პროცედურული საკითხების გასარკვევად მოიწვიეს და მასზე არ გამოირჩევენ 3 საპატრიარქო კანდიდატს.

იხილეთ ასევე: