ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ერთადერთი დამნაშავე ვარ მე, არანაირი დაგეგმვა, კონსულტაცია არ მქონია, ძმებ მიქაძეების არსებობის შესახებ გამომძიებლებისგან გავიგე, - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობაში მსჯავრდებულმა გელა უძილაურმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან ჩვენება ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე მისცა, ის დაცვის მხარის მოწმეა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, ძებნაში მყოფ გიორგი ჯოხაძეს, უძილაურმა განაცხადა, რომ მას იცნობს, რადგან ჯოხაძესთან 3 წელი იმუშავა.
მსჯავრდებულის თქმით, მას გამომძიებლები სთავაზობდნენ მიქაძეებისთვის ხელის დადებას და მკვლელობის შემკვეთებად და ორგანიზატორებად დასახელებას, რის შემდეგაც მასზე შეღავათები გავრცელდებოდა.
უძილაურმა მხოლოდ ორის ვინაობა გაიხსენა, რომლებიც მისი ჩვენებით, პოლიციის მაღალჩინოსანი იოსებ სიგუა და გამომძიებელი გიორგი ავალიშვილი არიან.
მსჯავრდებულის თქმით, გამომძიებლები ხელის დადებას გიორგი ჯოხაძეზეც სთხოვდნენ.
უძილაურის ჩვენების მიხედვით, მან ლევან ჯანგველაძე პირადი მოტივის საფუძველზე მოკლა, თუმცა, ამის განზრახვა მას არ ჰქონია და არც "არანაირ ანგარებით ჩადენილ მკვლელობას აქვს ადგილი".
"სანამ დასმულ შეკითხვებს ვუპასუხებ, მინდა, სასამართლოს მივმართო, ამ საქმეს ჰყავს ერთადერთი დამნაშავე და ეს დამნაშავე ვარ მე. ძმებ მიქაძეებს არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრივარ და ფიზიკურადაც არ ვიცი ვინ არიან.
ლევან ჯანგველაძესთან მხოლოდ ერთხელ მქონდა შეხვედრა, 2022 წელს მასთან "სკაიპის" საშუალებით ბიტკოინების ქარხანასთან დაკავშირებით ვისაუბრე, ჩემს მეგობარს, სერგეი ბონდარენკოს კრიმინალებმა ბიტკოინების არალეგალური საწარმო წაართვეს, რასთან დაკავშირებითაც ლევანის ვესაუბრე. მე, როგორც ქართველმა ქართველს ვთხოვე, რაღაც ნაწილი დაეტოვებინათ ჩემი მეგობრისთვის...
ვიცოდი, რომ საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდა ლევანი. ერთ-ერთი სატელეფონო კავშირის დროს, სერგეი ბონდარენკომ მითხრა, რომ ლევანის მეგობარი ჰყავდა დაღუპული და ჭავჭავაძის გამზირზე იქნებოდა... დასაფლავების მეორე დღეს რაიონში უნდა წავსულიყავი, გარდაცვლილი მეგობრისგან ნაჩუქარი, გაუფორმებელი იარაღი მქონდა და რაიონში უნდა წამეღო....
ჭავჭავაძეზე წავედი, ლევან ჯანგველაძე უნდა ყოფილიყო ჩამოსული. მისთვის უნდა მეთქვა, შენს სიტყვას ვენდე და შენი ბიჭები სასტიკად მოიქცნენ, მინდა ვიცოდე რომ ეს მითითება შენ არ მიგიცია-მეთქი. ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძეზე რომ მივიდა, არც შემიმჩნევია, ტელეფონში ვიყავი, მესიჯებს ვწერდი, მისამართი მკითხა, ხმაზე ვიცანი და ვუთხარი, რომ არ ვიცოდი. ნაცნობი სახე გაქვსო მითხრა. ლევან ჯანგველაძე სადარბაზოდან კახაბერ ძანძავასთან ერთად გამოვიდა, მე ფეხზე ავდექი, ლევანმაც და ძანძავამაც ამათვალიერა - ჩამათვალიერეს. სასამართლო სხდომაზე ძანძავამ თქვა, რომ საეჭვოდ მიმიჩნია. კახაბერ ძანძავამ შემომხედა, ლევანის რაღაც ანიშნა, ნაბიჯს აუჩქარეს, "დავწვი" რომ ლევანმა მიცნო და მოქმედებას აპირებდა, შემოვტრიალდი და იარაღი ამოვიღე, რომ შევტრიალდი ლევანი მოქმედებაზე იყო გადასული, გამაფრთხილებელი გასროლა განვახორციელე, ლევანის ვუთხარი, არ ამოიღო იარაღი თორემ გესვრი-მეთქი და არც მოხვედრია, ლევანი იმ წამსვე ადგა, სხეულზე ვესროლე, ლევან ჯანგველაძე წაიქცა, ძანძავა მანქანის უკან გაიქცა, ჰაერში გავისროლე.
მიქაძეებს არ ვიცნობ, ფიზიკურად ვინ არიან, წარმოდგენა არ მაქვს. გამომძიებლები შემოდიოდნენ ჩემთან და მეუბნებოდნენ, დამკვეთებად ძმები მიქაძეები დამესახელებინა, მათი არსებობის შესახებ გამომძიებლებისგან გავიგე. გიორგი ჯოხაძესთან 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ხელფასს წარმოდგენა არ მაქვს ვინ მირიცხავდა, ჩემი საქმის მასალებიდან გავიგე, რომ დავით მიქაძისგან მერიცხებოდა",- განაცხადა უძილაურმა.
"ამ მკვლელობის ერთადერთი დამნაშავე ვარ მე, არანაირი დაგეგმვა, კონსულტაცია არ მქონია, ძმებ მიქაძეების არსებობის შესახებ გავიგე გამომძიებლებისგან. თუ მათ დავასახელებდი, რაღაც შეღავათებსაც მივიღებდი",- განაცხადა უძილაურმა.
კორძაძის კითხვაზე, მკვლელობა ჩაიდინა თუ არა, ანგარების მოტივით, უძილაურმა ასე უპასუხა:
"არა ბატონო, არანაირი ანგარება".. ადვოკატის კითხვაზე, თუ რა იყო დანაშაულის მოტივი, მან უპასუხა, რომ ეს პირადი იყო.
"ლევან ჯანგველაძის დავალებით მცემეს, გამასაზიზღრეს, მინდოდა მეთქვა, რომ უსამართლოდ მომექცნენ, ლევანთან ნორმალურად, მშვიდობიანად მინდოდა მესაუბრა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა, მოქმედებაზე რომ გადავიდა, შემდეგ განვახორციელე გასროლა. იქ ვიდეოკადრებია, ყველანაირი რაკურსით ვარ გადაღებილი, 3 საათი ვიდექი იქ, ვერ ნახავთ მკვლელობის განზრახვას",- განაცხადა უძილაურმა.
"უკანონოდ მაქვს ამხელა სასჯელი მოსჯილი",- განაცხადა უძილაურმა.
მისი ჩვენებით, გიორგი ჯოხაძეს საბანკო ანგარიში არ ჰქონდა, რის გამოც, ხელფასი სხვისგან ერიცხებოდა, ნაწილს კი ხელზე აძლევდა.
პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ მას დაუსვა კითხვა, მობილურის რამდენი ნომერი ჰქონდა, რაზეც უძილაურმა განაცხადა, რომ ორი, თუმცა, ზეპირად არ ახსოვდა. აღნიშნულის შემდეგ, პროკურორმა მას ჰკითხა, თუკი, ნომრებს ვერ იმახსოვრებდა, სასტუმრო "თბილისი თაუერიდან" გიორგი ჯოხაძესთან სასტუმროს თანამშრომელს როგორ დაარეკინა, უძილაურმა განაცხადა, რომ ის არ იყო დარწმუნებული, რომ ნომერი ზუსტად ახსოვდა.
პროკურორის კითხვაზე, რამდენი ტელეფონი ჰქონდა მკვლელობის დღეს, უძილაურმა უთხრა, რომ ერთი, მეორე ტელეფონზე კი თქვა, რომ დაკარგა და არ იცის სად.
რაც შეეხება მკვლელობის იარაღს, პროკურორის კუთხვის საპასუხოდ, თუ სად წაიღო ის, უძილაურმა უპასუხა, რომ "გადააგდო, სადღაც ტყეში".
გელა უძილაურს კითხვები მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმაც დაუსვა. მოსამართლის კითხვით, თუკი, უძილაური მეორე დღეს პოლიციას უნდა ჩაბარებოდა, რატომ გადააგდო მკვლელობის იარაღი ტყეში და რატომ არ წარუდგინა ის პოლიციას.
"ეს უბედურება, რომ დამემართა, არ ვიცოდი, ჯანგველაძე გარდაცვლილი რომ იყო",- განაცხადა უძილაურმა, რაზეც მოსამართლე ჩაეკითხა, რამდენი გასროლა განახორციელა, რის საპასუხოდაც მსჯავრდებულმა თქვა, რომ "არ იცის, მაგრამ ბევრი".
"მაიორისთვის გამაფრთხილებელი ფეხში გასროლაა?",- ჰკითხა მას მოსამართლემ, რაზეც უძილაურმა უპასუხა, რომ
"დაბლა განახორციელა გასროლა". მან მოსამართლის ჩაკითხვაზე იარაღის გადაგდებასთან დაკავშირებით უპასუხა:
"ამ იარაღმა დამღუპა, ამ იარაღით დავჭერი ადამიანი-მეთქი",- განაცხადა უძილაურმა.
"იმავეს ვერ იტყოდით გამომძიებელთან? აგერ, ამ იარაღმა დამღუპაო და ვერ წარუდგენდით?",- ჩაეკითხა მას კვლავ მოსამართლე ტყეშელაშვილი, რის საპასუხოდაც უძილაურმა განაცხადა, რომ "ეს ალბათ, მისი შეცდომაა".
მოსამართლე ტყეშელაშვილმა მას ასევე ჰკითხა, თუკი, ქართველი ქართველს უნდა დალაპარაკებოდა, იარაღით რატომ წავიდა?
"ჩემი იარაღის ტარების უფლება მქონდა, იარაღი, რომელიც უკანონოდ მქონდა, რაიონში უნდა წამეღო",- განაცხადა უძილაურმა.
ტყეშელაშვილის კითხვაზე, გასროლის დროს, ლევან ჯანგველაძე იყო თუ არა ზურგით, უძილაურმა თქვა: "არა ბატონო, გვერდიდან იყო".
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ" ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.