კრემლში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას პუტინმა გააფრთხილა სომხეთი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს, რომ ის ვერ შეძლებს იყოს, როგორც ევროკავშირის, ასევე რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური ალიანსის ნაწილი.
ფაშინიანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მას ესმის, სომხეთი ერთდროულად ვერ იქნება ორივე ბლოკის წევრი, მაგრამ ახლა მას შეუძლია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობა ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარებასთან ერთად. "რუსეთთან კავშირები ჩვენთვის ძალიან ღრმა და მნიშვნელოვანია“, - დასძინა ფაშინიანმა.
"ჩვენ სომხეთში ბევრი მეგობარი გვყავს. ასევე, რუსეთის ფედერაციაში ბევრი სომეხი ცხოვრობს. 2 მილიონზე მეტი. ამის სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. [სომხეთში] ბევრი პოლიტიკური ძალაა, რომელიც პრორუსულია. გვსურს, რომ ყველა ამ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკოსს არჩევნების დროს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეეძლოს.
ვიცით, რომ ბევრი მათგანი ციხეებშია, მიუხედავად იმისა, რომ მათ რუსული პასპორტები აქვთ. ეს თქვენი გადასაწყვეტია და ჩვენ არ ვერევით. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, გვსურს, რომ მათ შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეძლონ“, - განაცხადა პუტინმა.
"გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ციხეებში პოლიტიკური პროცესის მონაწილეები არ გვყავს“, - უპასუხა ფაშინიანმა.
"მსურს, თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეობის მქონე პირებს შეუძლიათ. რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, არ შეიძლება ისინი დეპუტატობის ან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები იყვნენ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.