ცხოველთა უფლებადამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა რეგიონიდან აყვანილი მიუსაფარი ცხოველები გორის კრემატორიუმში შეიყვანეს და სავარაუდოდ, ევთანაზიის გარეშე, ცოცხლად დაწვეს. გავრცელდა კადრებიც, რომელშიც ჩანს, რომ შენობიდან კვამლი ამოდის. "სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ. სააგენტოში არსებული კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის“, - ამის შესახებ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელმა ბექა გიუნაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სააგენტოს დისკრედიტაციას, მიუღებელია. "აღნიშნული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სააგენტოს დისკრედიტაციას, მიუღებელია ჩვენთვის. საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პროგრამის დისკრედიტაციას", - განაცხადა ბექა გიუნაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითაც, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები “დასაძინებლად“ მიჰყავს აღნიშნულ თავშესაფარში.
მათივე განმარტებით, მიუსაფარი ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს, გარდა იმ ადგილებისა, “რომლებიც საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესების და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით აისახა პროგრამაში (საბავშვო ბაღები, სკოლები და ა.შ)“.
“სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, თავი შეიკავონ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან“, - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
ცნობისათვის: უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ცხოველთა დამცველები თბილისში აქციებს მართავენ. ბოლო ასეთი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 29 მარტს ჩატარდა. მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ მიუსაფარი ძაღლების მასობრივ განადგურებას. ცხოველთა დამცველები აღნიშნავენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და შემდეგ პირვანდელ ადგილას აღარ აბრუნებს.
1-ელ აპრილს გორში, ძაღლების თავშესაფართანაც საპროტესტო აქცია გაიმართა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხმაური იყო ზუგდიდშიც, სადაც ცხოველთა დამცველები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შეყვანილი ცხოველები უკან აღარ ბრუნდებიან, რადგან ევთანაზიას უკეთებენ.
ცხოველთა უფლებადამცველების განმარტებით, მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციისა და სტერილიზაციის პროცესი გაუმჭვირვალეა.
აქციების მონაწილეები ასევე პრემიერის მიერ ხელმოწერილი №412 დადგენილების მე-3 პუნქტის გაუქმებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, აღნიშნული ცვლილება კრძალავს სტერილიზაციისა და ვაქცინაციის მიზნით გადაყვანილი ძაღლების კვლავ საჯარო სივრცეებში დაბრუნებას.
თამაზ ელიზბარაშვილი, ცხოველთა უფლებადამცველი:

- როცა თავშესაფარში ძაღლი კვდება, ვეტერინარი ვალდებულია ჟურნალში აწარმოოს ჩანაწერი - როდის, რომელ საათზე მოკვდა ძაღლი და რა იყო სიკვდილის მიზეზი, მას ამას კანონი ავალდებულებს. წუხელ გორის თავშესაფარში შევიდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლებით სავსე რამდენიმე მანქანა (ამ მანქანების შესვლა დაფიქსირებული აქვს ვიდეოში ერთ-ერთ ცხოველთა დამცველს), რის შემდეგაც, ზუსტად ნახევარ საათში ჩაირთო კრემატორიუმი და დაიწყო გუგუნი. ინფორმაცია მივიღე თუ არა, მაშინვე დავრეკე თამო მოსიაშვილთან - "ქოცებთან" დაახლოებულ იურისტთან, რომელმაც მითხრა, რომ დაელაპარაკა მაღალჩინოსან "ქოცებს" (რასაც მპირდებოდა) და მათგან მიიღო გარანტია, რომ ძაღლების ევთანაზია და მკვლელობა გამორიცხულია, კასტრაცია-სტერილიზაცია გაკეთდება და შემდეგ ისინი პირვანდელ ადგილს დაუბრუნდებიანო (კანონით განსაზღვრულ ადგილებს). მოსიაშვილს კრემატორიუმის ვიდეოც ჩავუგდე, აგერ, ფაქტი, ბოლი ამოდის, იქ შეშას კი არა, ძაღლებს წვავენ და გაარკვიე, რა ხდება-მეთქი.
მან მაშინვე გადარეკა თავშესაფარში ბექა გიუნაშვილთან, რომელმაც დაუდასტურა - კი, შემოვიდა სურსათის სააგენტოს მანქანები, ძაღლები შემოიყვანა, მაგრამ ეს რა კავშირშია ღუმელთან, წინა დღით და დღეს დილით დახოცილ ლეშებს ვწვავთო. ანუ მან აღიარა, რომ შევიდა სურსათის მანქანები და მერე ჩაირთო ღუმელი. მკვდარი ძაღლის ლეში ოთახში ერთი დღით, ან ერთი საათითაც რომ გააჩერო, ამის უფლება არ გაქვს, კანონი ამას გიკრძალავს, რადგან ის ყროლდება, ლპება და საშიში ხდება თანამშრომლებისთვის, არ შეიძლება ამის გაკეთება.
ეს ნაძირალა გიუნაშვილი იმასაც ვერ ხვდება, ჰარაკირი რომ გაიკეთა, როცა დანაშაული აღიარა - ერთი დღის გარდაცვლილ ძაღლებს ინახავდა ოთახში და კრემაცია მაშინ გაახსენდა, როცა სურსათის სააგენტო შევიდა? ეს ღუმელი 4 საათი მუშაობდა და ბოლავდა გორში, როცა ერთი ძაღლის დაწვას (ღუმელში 110 გრადუსზე მეტია) 5 წუთი სჭირდება.

4 საათი რომ მუშაობდა, რამდენი ძაღლი დაწვეს, აბა, იანგარიშეთ. ეჭვი მაქვს, რომ ეს ძაღლები ცოცხლად დაწვეს. როცა მანქანებმა ძაღლები მიიყვანა, კრემატორიუმის ღუმელი ნახევარ საათში ჩაირთო, ძაღლს ევთანაზია რომ გაუკეთო, ცივილური გზით დააძინო, ამ პროცედურას მინიმუმ 15 წუთი და რამდენიმე ვეტერინარი სჭირდება - ძაღლს ჯერ კათეტერი უნდა ჩაუდგა, მერე მოსადუნებელი ნემსი შეუშვა, ბოლოს - მომაკვდინებელი ნემსი (სამი ნემსი კეთდება). ამათ კი ნახევარ საათში ჩართეს ღუმელი, ანუ ძაღლები კი არ დააძინეს, ცოცხლად დაწვეს. იმ სურსათის სააგენტომ იქ მკვდარი ძაღლები კი არ მიიყვანა, ქუჩაში დაიჭირა ცოცხლები და ისინი მიიყვანა. კაცი, რომელიც თავშესაფრის დირექტორია და ამბობს, წინა დღის ლეშს ვწვავო, იმდენი არ ესმის, რომ ამით თავს განაჩენი გამოუტანა.
საქართველოს ვეკითხები, რა ხდება ჩემს ქვეყანაში? როცა ჩემს ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას ვაქვეყნებ, შსს გამადიდებელი შუშით უყურებს და ამ მოკლე პერიოდში უკვე ორჯერ გამასამართლეს იმისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მისამართით სალანძღავი სიტყვა რომ ვთქვი. სააგენტო ჩემს ციხეში გაშვებას ითხოვდა (აღნიშნული მუხლი ჯარიმას ან 60 დღით პატიმრობას ითვალისწინებს), მაგრამ მოსამართლემ ორჯერვე 2200 ლარით დამაჯარიმა. ქალაქი რომ კრემატორიუმის კვამლით ივსება და იწამლება, ეს ცალკე დარღვევაა, ეს პოლიციამაც კარგად იცის, გარემოს დაცვამაც, მაგრამ ყველას ფეხზე ჰკიდია, რასაც ზემოდან უბრძანებენ, იმას აკეთებენ, ზემოდან კი მიღებულია ბრძანება, რომ საქართველოში ძაღლების გენოციდი უნდა გაგრძელდეს. სასამართლოში შეტანილი მაქვს საჩივარი და მოვითხოვ შეაჩერონ ის განკარგულება, რომელიც პირდაპირ ძაღლების გენოციდისკენ არის მიმართული. ორშაბათს აპელაციაში შევიტანეთ საჩივარი, თუმცა ისიც იმავე გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ზემოდან უბრძანებენ, სასამართლო თავისუფალი ხომ არ არის? რადგან პოლიცია თვალს ხუჭავს და ხმას არ იღებს, რადგან არც სასამართლო გვაქვს, ეს საქმე ჩვენი გასაკეთებელია - ხმა უნდა ამოვიღოთ, მთელი საქართველო უნდა აღუდგეს წინ ამ საშინელ დანაშაულს და ცხოველების გენოციდი შევაჩეროთ.

1-ელ აპრილს განცხადება გაავრცელა გარემოსდაცვითმა ზედამხედველობის დეპარტამენტმა, რომელიც ამტკიცებს, რომ გორში, მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორიის გადამოწმების შედეგად სამართალდარღვევა არ გამოვლინდა.
მათი ინფორმაციით, დადგინდა, რომ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილია ინსინერატორი.
"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დეტალურად გადაამოწმეს გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფარს ტერიტორია.
გადამოწმების შედეგად სამართალდარღვევა არ გამოვლინდა.
დადგინდა, რომ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილია ინსინერატორი, რომლის ფუნქციონირებაზე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2025 წლის 4 მარტის #98/ს ბრძანებით გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
თუმცა ამის არ სჯერათ ცხოველთა უფლებების დამცველებს, შესაბამისად, ვითარების რეალურად გასარკვევად უპრიანი იქნებოდა ალბათ ამ საქმის მცოდნე და ობიექტური ადამიანების თავშესაფარში დაშვება და ვითარების შესწავლის შემდეგ, დასკვნის დადება, თუმცა ძნელად წარმოსადგენია შესაბამისი სახელისუფლო უწყებები ამას დათანხმდნენ.
იხილეთ ასევე: