27 მარტით დათარიღებულმა სატელიტურმა სურათმა დააფიქსირა კვამლი, რომელიც უკრაინული თავდასხმის შემდეგ პორტ უუსტ-ლუგას თავზე ადიოდა.
დრონები ლენინგრადის ოლქში თითქმის ყოველდღე ფეთქდება - გასულ კვირას ბალტიის პორტებში ძლიერი ხანძრები გაჩნდა. ირანში ახალი ომის ფონზე, ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის პარალელურად, უკრაინამ რუსეთის ნავთობ ინფრასტრუქტურაზე შეტევები გააძლიერა. სხვა ქვეყნები კი უკვე მოუწოდებენ მას, შეაჩეროს ეს მოქმედებები საწვავის კრიზისის გამო.
მარტის ბოლოს უკრაინულმა დრონებმა ბალტიის ზღვაზე მდებარე ორ რუსულ პორტს დაარტყეს - სწორედ ამ პორტებით გადის რუსეთის ნავთობის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი.
23 მარტს დრონებმა პორტ პრიმორსკს დაარტყეს, ხოლო ორი დღის შემდეგ, 25 მარტს, დაზიანდა უუსტ-ლუგა, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა და მისი ჩაქრობა რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. შავი კვამლის ღრუბლები ფინეთიდანაც კი ჩანდა.
27 მარტს ხანძარი უუსტ-ლუგაში კვლავ გაძლიერდა - ბლოგერებმა და სამხედრო ანალიტიკოსებმა ივარაუდეს, რომ პორტზე ახალი დარტყმა განხორციელდა (ამაზე Reuters-ის წყაროებიც საუბრობდნენ). ამის შემდეგ სანქტ-პეტერბურგის მცხოვრებლები სმოგსა და დამწვრის სუნზე ჩიოდნენ, თუმცა სინოპტიკოსებმა არ დაადასტურეს, რომ ეს ბალტიის პორტებში ხანძრებს უკავშირდებოდა.
31 მარტს დრონებმა უუსტ-ლუგა ისევ დაარტყეს და ხანძარი კვლავ გაძლიერდა. საღამოს ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ ხანძარი ლოკალიზებულია, ხოლო "დანარჩენ ობიექტებზე შედეგები აღმოფხვრილია“.
უუსტ-ლუგაში ჩანს, რომ ტანკერები და სხვა გემები ამჟამად ღუზაზე დგანან.
Marine Traffic-ის მონაცემებით, გემების გადაადგილება შენარჩუნებულია, თუმცა ისინი ძირითადად აკვატორიაში არიან გაფანტული და არა ნაპირთან, სადაც შესაძლოა ახალი დრონების შეტევები განხორციელდეს.
მანამდე გამოცემა Astra წერდა, რომ შეტევის დროს სამი ტანკერი დაზიანდა. Marine Traffic-ის მონაცემებით, ისინი კვლავ ზღვაში იმყოფებიან, ერთ-ერთი - Aisopos - დანიისკენ მიემართება.
Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, ხანძრის პირველ დღეებში პორტი ცეცხლის ალყაში იყო მოქცეული და იწვოდა ნავთობის რეზერვუარები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.


Reuters-ის შეფასებით, ამ შეტევის შედეგად რუსეთის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 40% შეჩერდა, რაც დღეში დაახლოებით 2 მილიონ ბარელს შეადგენს.
ეს ყველაფერი მოხდა იმ პერიოდში, როდესაც ირანში ომის ფონზე ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა.
Brent-ის ნავთობის ფასი დაახლოებით 100 დოლარი იყო ბარელზე, ხოლო რუსული Urals ჩვეულებრივ მასზე დაახლოებით 30 დოლარით იაფად იყიდება.
დარტყმებმა, სავარაუდოდ, დააზიანა ტექნოლოგიური რეზერვუარები და მიმდებარე ინფრასტრუქტურა. თუმცა, ზუსტი ზარალის შეფასება რთულია, რადგან ბოლო სურათებშიც კი სქელი კვამლი ჩანს.
Reuters-ისა და უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დაზარალდა რუსული გაზის მსხვილი მწარმოებლის - "ნოვატეკის“ კომპლექსი უუსტ-ლუგაში, სადაც დაზიანდა გადამამუშავებელი დანადგარები და საწვავის რეზერვუარები. ასევე, სავარაუდოდ, დაზიანდა "როსნეფტის“ შვილობილი კომპანიის ნავთობტერმინალი.
Marine Traffic-ის მონაცემებით, პორტის აკვატორიაში დაახლოებით 40 გემია, მათ შორის ტანკერები და სატვირთო ხომალდები, თუმცა უმეტესობა არ აქტიურობს. რამდენიმე მათგანი სანქცირებულიც არის.
პრიმორსკის პორტმა ნავთობის დატვირთვა შეტევიდან უკვე მეორე დღეს განაახლა.
უკრაინა არ მალავს, რომ ამ დარტყმების მიზანია რუსეთისთვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლების შემცირება. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს არის ეკონომიკური რესურსების შეზღუდვის სტრატეგიის ნაწილი.
ამავდროულად, ზოგიერთი ქვეყანა კიევს მოუწოდებს, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმები.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ასეთი მოწოდებები პარტნიორებისგან მართლაც არსებობს, თუმცა დასძინა, რომ უკრაინა მზად იქნება შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკაზე დარტყმები, თუ თავად რუსეთიც შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს.