ირანში ომის პირველი თვის განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი მსოფლიო ნიუსმეიკერი გახდა პიტ ჰეგსეთი - აშშ-ის თავდაცვის მინისტრი - Fox News-ის ყოფილი ტელეწამყვანი, რომელიც ომის წარმოების წესებს "სისულელეს“ უწოდებს, პენტაგონში უწყების "შენჯღრევის“ პირობით მივიდა. მან ომი გამოუცხადა "გაბერილ აპარატს“, ინკლუზიურობის პოლიტიკასა და ჟურნალისტებს, თუმცა მას, სავარაუდოდ, ირანის წინააღმდეგ ომით დაიმახსოვრებენ.

2005 წელი, ერაყის ომის პიკი. ბაღდადში ქვეითთა ოცეულის მეთაურად ჩავიდა 25 წლის ლეიტენანტი პიტ ჰეგსეთი, პრინსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. წლების შემდეგ ის იხსენებდა, როგორ უხსნიდა სამხედრო იურისტი მის ოცეულს ბრძოლის წესებს: მტერსაც კი, რომელსაც ყუმბარმტყორცნი უჭირავს, ცეცხლი არ უნდა გაუხსნათ, ვიდრე ის სროლის აშკარა განზრახვას არ გამოავლენს.
თავის წიგნში "ომი მეომრების წინააღმდეგ“ ("The War On Warriors“) ჰეგსეთი წერდა, რომ ამის შემდეგ შეკრიბა თავისი ჯარისკაცები და უბრძანა, თავი არ გამოეტენათ ამ "სისულელით“.
"ბიჭებო, თუ ხედავთ მტერს, რომელსაც საფრთხედ მიიჩნევთ, გახსენით ცეცხლი და გაანადგურეთ ეს საფრთხე. ეს არის დებილური წესი, რომლის გამოც ადამიანები იღუპებიან“, - ამბობდა ის.
20 წლის შემდეგ პიტ ჰეგსეთი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ჩაუდგა სათავეში - დონალდ ტრამპის მეორე ვადის დროს უწყებამ ნახევრად ოფიციალური სახელი, "ომის სამინისტრო“, მიიღო. ჰეგსეთი ჟენევის კონვენციებს - საერთაშორისო დოკუმენტებს, რომლებიც იცავენ სამხედრო ტყვეებსა და სამოქალაქო მოსახლეობას - აგდებულად უწოდებდა "წესებს, რომლებიც 80 წლის წინ დაწერეს წითელი ხის ავეჯიან კაბინეტებში მჯდომმა მნიშვნელოვანმა მამაკაცებმა“.

პიტ ჰეგსეთმა ბავშვობა მინესოტას შტატში გაატარა. პრინსტონში პოლიტოლოგიას სწავლობდა, ხელმძღვანელობდა კონსერვატიულ სტუდენტურ გამოცემას და იყო აშშ-ის არმიის რეზერვის ოფიცერთა მომზადების პროგრამის მონაწილე. 2004 წელს ის კუბაზე, გუანტანამოს ბაზაზე გაგზავნეს, სადაც ხელმძღვანელობდა ნიუ-ჯერსის ნაციონალური გვარდიის ოცეულს, რომელიც პატიმრების დაცვაზე იყო პასუხისმგებელი.სამხედრო ციხეს კუბაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ადგილის რეპუტაცია აქვს პატიმრებზე წამების გამო.
"მე არასოდეს ვყოფილვარ ჩართული წამებაში“, - განაცხადა მოგვიანებით ჰეგსეთმა. თუმცა, 2025 წლის სენატის მოსმენებისას მას გაუხსენეს სიტყვები, რომ არაფერი აქვს საწინააღმდეგო "წყლით წამების“ (დახრჩობის იმიტაცია) მიმართ, რაც 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზატორებთან მიმართებაში თქვა.
პირდაპირ კითხვაზე, მიაჩნია თუ არა ასეთი მეთოდები დასაშვებად, მან თავი აარიდა პასუხს და თქვა, რომ მოქმედი კანონით ეს აკრძალულია.
გუანტანამოდან, სადაც პიტ ჰეგსეთი ერთ წელზე ნაკლები ხანი გაატარა, ის ერაყში გაემგზავრა, ხოლო ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ახალი როლების მოსინჯვა გადაწყვიტა.

მან სწავლა გააგრძელა ჰარვარდის უნივერსიტეტი მაგისტრატურაში და დიდი პოლიტიკაშიც სცადა ბედი - 2012 წელს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში სენატისთვის იყარა კენჭი, თუმცა პრაიმერიზში დამარცხდა.
მოკლე ხნით ხელმძღვანელობდა ვეტერანთა ორგანიზაციას Vets for Freedom ("ვეტერანები თავისუფლებისთვის“). ეს გამოცდილება წარმატებულად არ მიიჩნევა: მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ორგანიზაციას სერიოზული ვალები დაუგროვდა, რის შემდეგაც, მედიის ინფორმაციით, დონორებმა ფინანსური აუდიტორი დაიქირავეს, ხოლო ჰეგსეთი, ფაქტობრივად, ჩამოაშორეს მართვას.
შემდეგ იგი ნებაყოფლობით გაემგზავრა ავღანეთში - თუმცა არა ფრონტის ხაზზე, არამედ ქაბული, სადაც კონტრპარტიზანული ბრძოლის სასწავლო ცენტრში უფროს ინსტრუქტორად მუშაობდა. ქაბულიდან დაბრუნების შემდეგ იგი კიდევ ერთ ვეტერანთა ორგანიზაციას - Concerned Veterans for America (CVA, ("ამერიკაზე შეშფოთებული ვეტერანები“) ჩაუდგა სათავეში, თუმცა ეს მმართველობაც სკანდალური აღმოჩნდა.
2014 წელს, როგორც The New Yorker წერდა, ჰეგსეთმა თანამშრომლები სტრიპტიზ-კლუბში წაიყვანა დასასვენებლად და იმდენად დათვრა, რომ კოლეგებს მისი შეკავება მოუწიათ, რათა სცენაზე არ ასულიყო.

რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა ხელმძღვანელობას შიდა ანგარიში წარუდგინა, სადაც ჰეგსეთის არასათანადო ქცევის სხვა შემთხვევებიც იყო ჩამოთვლილი. ირწმუნებოდნენ, რომ იგი არაერთხელ გამოცხადებულა სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში და ხშირად ღონისძიებებიდან ფაქტობრივად "გაჰყავდათ“. 2015 წლის მაისში კი, ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის საჩივრის მიხედვით, სამუშაო მივლინების დროს ნასვამმა ჰეგსეთმა სკანდირებდა: "სიკვდილი ყველა მუსლიმანს!“.
CVA-ს ყოფილი თანამშრომლები ასევე წერდნენ, რომ ორგანიზაციაში ტოქსიკური გარემო ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით მტრული ქალების მიმართ, რომლებსაც "მხიარულებად“ და "არამხიარულებად“ ყოფდნენ. The New Yorker-ის ინფორმაციით, ჰეგსეთმა ორგანიზაცია 2016 წლის დასაწყისში ზეწოლის ფონზე დატოვა, თუმცა ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება მხარეებს შორის შეთანხმებად იყო წარმოდგენილი.
თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ უფრო სერიოზული ბრალდებაც გაჩნდა - 2017 წელს ერთმა ქალმა იგი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, თუმცა საქმე ბრალის წაყენების გარეშე დასრულდა: Associated Press-ის ცნობით, ჰეგსეთმა მომჩივანს 50 000 დოლარი გადაუხადა შეთანხმების ფარგლებში, თუმცა თავად ამტკიცებდა, რომ ყველაფერი ურთიერთთანხმობით მოხდა.
ალკოჰოლთან და არასათანადო ქცევასთან დაკავშირებული ბრალდებები სენატის მოსმენებზეც განიხილებოდა, თუმცა დემოკრატების დაკითხვამ კანდიდატი არ დააბნია - ჰეგსეთი თავის მართლებას არ ცდილობდა და ბრალდებებს მისი დისკრედიტაციის კამპანიად აფასებდა.
ამ დროისთვის მას საჯარო გამოსვლების მნიშვნელოვანი გამოცდილება უკვე დაგროვილი ჰქონდა.
კარიერული ეტაპი, რომელმაც, სავარაუდოდ, პიტ ჰეგსეთი პენტაგონამდე მიიყვანა, 2014 წელს, ჯერ კიდევ CVA-ში მუშაობის პერიოდში დაიწყო კონსერვატიულ ტელეარხ Fox News თანამშრომლობა, მოგვიანებით კი მისი მუდმივი კომენტატორი გახდა. მაყურებლის წინაშე იგი ახალგაზრდა ვეტერანის იმიჯით წარსდგა, რომელიც უფრო თავისი სტილით, ვიდრე ანალიტიკით იმახსოვრებდა თავს - არ ერიდებოდა მკვეთრ გამონათქვამებს, რთულ თემებს მოკლე და მკაფიო ტელე ეთერებად აქცევდა და კრიტიკოსებს დიდ ყურადღებას არ აქცევდა.

ტელევიზიამ ჰეგსეთს მისცა ის, რაც ვეტერანთა ორგანიზაციებმა ვერ მისცეს - მასობრივი აუდიტორიის წვდომა და რესპუბლიკელი ამომრჩევლის ყურადღება. იგი მუდმივად აკრიტიკებდა პენტაგონის ხელმძღვანელობას და პოპულარული გახდა იმით, რომ საუბრობდა თემებზე, რომელთა განხილვასაც სამხედროები და ჩინოვნიკები ხშირად ერიდებოდნენ.
2017 წლისთვის ჰეგსეთი არხის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახედ იქცა და გადაცემის Fox & Friends Weekend-ის თანაწამყვანი გახდა. ამ როლში იგი, მათ შორის, იმ ინციდენტითაც დაამახსოვრდა, როდესაც ხის სამიზნეში ნაჯახის სროლის სიუჟეტის ჩაწერისას ააცილა და არმიის ორკესტრის მუსიკოსს ხელი მოარტყა (მუსიკოსმა სასამართლოში იჩივლა, თუმცა საქმე მხარეებს შორის შეთანხმებით დასრულდა).
პოლიტიკური სკანდალებიც არ აკლდა - ერთ-ერთი მათგანი იყო მისი კამპანია იმ ამერიკელი სამხედროების დასაცავად, რომლებიც სამხედრო დანაშაულებში იყვნენ ბრალდებულნი ან გასამართლებულნი. ჰეგსეთი აქტიურად მოითხოვდა მათ შეწყალებას და 2019 წელს დონალდ ტრამპი მართლაც შეიწყალა რამდენიმე მათგანი.
ტრამპი, რომელიც თავადაც ხშირად ჩნდებოდა Fox & Friends-ში, ჰეგსეთთან სწრაფად დამეგობრდა - მათ ერთნაირი ხედვა ჰქონდათ პატრიოტიზმზე, არმიასა და ვაშინგტონის ელიტების სისუსტეზე. მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ტრამპი ხანდახან წყვეტდა შეხვედრებს, რათა ჰეგსეთისთვის დაერეკა - მისი პირდაპირობა მოსწონდა.
მომავალი თავდაცვის მინისტრისა და არჩეული პრეზიდენტის მეგობრობაზე არაერთი მედია წერდა, თუმცა ჰეგსეთის კანდიდატურაზე ეჭვები ზოგ რესპუბლიკელსაც ჰქონდა - ტრადიციულად პენტაგონს ხელმძღვანელობენ დიდი მართვის გამოცდილების მქონე ფიგურები, რომლებიც ორივე პარტიის მხარდაჭერით სარგებლობენ. ჰეგსეთს კი არც სერიოზული მენეჯერული და არც პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა.
სენატში საბოლოო კენჭისყრა 50/50 დასრულდა - მის წინააღმდეგ ხმა მისცეს ყველა დემოკრატმა და სამმა რესპუბლიკელმა. გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსი მისცა, რომელმაც კონსტიტუციური უფლება გამოიყენა და სენატში პირადად მივიდა.
მიუხედავად საკუთარი პარტიის ნაწილობრივი წინააღმდეგობისა, დონალდ ტრამპმა საბოლოოდ მაინც მიიღო თავისი "ომის მინისტრი“.

პენტაგონში მოსვლისთანავე ჰეგსეთმა დაიწყო საკადრო წმენდა და შიდა პოლიტიკის შეცვლა: გაუქმდა ინკლუზიურობის პროგრამები, სასწავლო დაწესებულებებიდან ამოიღეს წიგნები რასასა და გენდერზე. მან ასევე დააწესა ახალი, მკაცრი წესები ჟურნალისტებისთვის.
ჰეგსეთმა პენტაგონის შენობაში პირველი ქრისტიანული სამლოცველო მსახურება ჩაატარა. 2026 წლის მარტში, ირანთან ომის ფონზე, ის ლოცულობდა, რომ "სიმართლისაყოველი გასროლა ჩვენი დიდი ერის მტრების წინააღმდეგ მიზანში მოხვედრილიყოს“.
ჰეგსეთმა თავიდანვე განაცხადა, რომ უკრაინის დაბრუნება 2014 წლის საზღვრებში არარეალისტურია. მან ტრამპის ინაუგურაციიდან მალევე შეაჩერა უკრაინისთვის უკვე დამტკიცებული იარაღის მიწოდება, თუმცა მოგვიანებით მიწოდება განახლდა.
რაც შეეხება ირანთან ომს, რომელიც 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყო და ამერიკელებში მეტად არაპოპულარულია (მხოლოდ 35% უჭერს მხარს), ჰეგსეთი იწონებს,
საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები დავობენ, შეეძლო თუ არა ადმინისტრაციას კონგრესის თანხმობის გარეშე ომის დაწყება და რამდენად არის სამართლებრივად გამართლებული ასეთი მასშტაბის დარტყმები თვითდაცვის არგუმენტით.
თავად ჰეგსეტი ამ კითხვებს ჩვეულ სტილში პასუხობს: მისი თქმით, ოპერაცია "წერტილოვანია“, "არ არის უსასრულო“ და მიზნად ისახავს ირანის სარაკეტო შესაძლებლობების, ფლოტისა და სხვა ინფრასტრუქტურის განადგურებას.
19 მარტს, კრიტიკაზე პასუხად, რომ კონფლიქტი იწელება, მან განაცხადა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

მარტის ბოლოს The Washington Post წერდა, რომ ოთხ კვირაში აშშ-მა 850-ზე მეტი Tomahawk-ის რაკეტა გამოიყენა, რამაც პენტაგონის ნაწილში შეშფოთება გამოიწვია, საქმე ისა, რომ ზუსტი იარაღის მარაგი შეზღუდულია. იმავე დღეს, Reuters-თან საუბარში სადაზვერვო წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ოპერაციის შედეგად მხოლოდ ირანის ბალისტიკური რაკეტების არსენალის დაახლოებით მესამედის განადგურება დადასტურდა.
ამერიკელ სამხედროებს ასევე ჰბრალდებათ ირანში სკოლაზე დარტყმა, სადაც ოფიციალური მონაცემებით 168 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, დაახლოებით, 110 ბავშვი. ამაზე ჰეგსეთმა განაცხადა, რომ არმია სამოქალაქო მოსახლეობას არ ესხმის თავს და შემთხვევის გარემოებები გამოძიების პროცესშია.
როგორც CNN იუწყება, თებერვლის ბოლოს, ვიდრე ირანისკენ პირველ რაკეტებს გაუშვებდნენ, პრეზიდენტი გადაწყვეტილებებს მრჩეველთა ვიწრო წრეში განიხილავდა.
ტელეკომპანიის წყაროების თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა ოპერაციის შესაძლო რისკებზე განსაკუთრებული ყურადღება არ გაამახვილეს.
მათივე ინფორმაციით, პიტ ჰეგსეთი ტრამპს ომს არ ახვევდა თავს, თუმცა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი მთავარი მხარდამჭერი გახდა.
იხილეთ ასევე: