ავტორი:

ფაგოთერაპია  - აკნესა და ფოლიკულიტების მკურნალობის ინოვაციური, უსაფრთხო მეთოდი

ფაგოთერაპია  - აკნესა და ფოლიკულიტების მკურნალობის ინოვაციური, უსაფრთხო მეთოდი

მსოფლიოში ანტიმირობული რეზისტენტობა სულ უფრო მზარდი პრობლემა ხდება. სწორედ ამ ფონზე, სამედიცინო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მკურნალობის ისეთი უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი, როგორიც ფაგოთერაპიაა. ის სხვადასხვა მიმართულებაში წარმატებით გამოიყენება და არაერთი უპირატესობითაც ხასიათდება. მათ შორისაა დერმატოლოგიაც, რაზეც დეტალურად ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის - ბაქტერიოფაგის კლინიკის დერამტოლოგი ნანა ყანჩელი გვესაუბრება.

რატომ გახდა ფაგოთერაპია ასეთი აქტუალური უკანასკნელ პერიოდში და რა განასხვავებს მას ტრადიციული ანტიბიოტიკოთერაპიისგან?

ფაგოთერაპია ანტიბაქტერიული მკურნალობის ბიოლოგიური მეთოდია, რომელმაც ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მზარდი ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამო მიიპყრო. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ფაგები, ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, არ ანადგურებენ სასარგებლო, „მეგობარ“ მიკრობებს. ისინი მიზანმიმართულად კლავენ მხოლოდ სამიზნე, დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს. გარდა ამისა, ფაგური პრეპარატები უსაფრთხოა, გვერდითი მოვლენები და ალერგიული რეაქციები მინიმალურად აქვთ გამოხატული და მათი დანიშვნა ანტიბიოტიკებთან და სხვა წამლებთან კომბინაციაშიც შესაძლებელია.

ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, დადგენილია, რომ გარდა ანტიბაქტერიული მოქმედებისა, ფაგებს გააჩნიათ აგრეთვე იმუნომოდულატორული თვისებები, რომელიც კანის მიკრობიომისა და იმუნური სტატუსის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.

რომელი დერმატოლოგიური პათოლოგიების დროს გამოიყენება ფაგური პრეპარატები კლინიკაში?

ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის - ბაქტერიოფაგის კლინიკაში ინტენსიურად ვმკურნალობთ სხვადასხვა ორგანოთა სისტემების ბაქტერიულ ინფექციებს. დერმატოლოგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კანისა და კანქვეშა ქსოვილის ისეთ პათოლოგიებს, როგორიცაა: კანის აბსცესი, ფურუნკული, კარბუნკული, აკნე, როზაცეა, ჩირქოვანი ჰიდრადენიტი და ფოლიკულიტები.

როგორია პრეპარატის გამოყენების ფორმები და გზები?

ფაგების ადმინისტრირების სხვადასხვა მეთოდს ვიყენებთ: როგორც ორალურს, ასევე ლოკალურს. აპლიკაციებისთვის გამოიყენება პრეპარატის თხიერი ფორმა და მალამოები. თუმცა, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ყველაზე პოპულარული პროცედურა, ფაგების შეყვანა მეზოთერაპიის ტექნიკით. ეს გულისხმობს მიზანმიმართულ ინექციებს კანის ღრმა ფენაში (დერმაში), რაც საშუალებას გვაძლევს მინიმალური დოზით მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ.

ფაგი ყოველთვის ინდივიდუალურად შეირჩევა წინასწარი ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე, რაც გამომწვევის იდენტიფიკაციასთან ერთად, ფაგების მიმართ მგრძნობელობასაც განსაზღვრავს.

რომელია ყველაზე პოპულარული დიაგნოზები, სადაც ფაგოთერაპია წარმატებულია?

ყველაზე ხშირად ფაგოთერაპიის შედეგებს აკნეს, ფოლიკულიტების და თმის ცვენის მკურნალობისას ვხედავთ, ამ დროს ჩვენ ვიყენებთ სამკურნალო პლაზმოთერაპიას მეზოთერაპიასთან კონბინაციაში, რაც მიღწეულ შედეგებს ბევრად უფრო თვალსაჩინოს ხდის. რაც შეეხება მკურნალობის კურსის ხანგრძლივობასა და ჯერადობას, მას ექიმი ყოველთვის ინდივიდუალურად ადგენს პაციენტის ზოგადი მდგომარეობის, დიაგნოზის ხანგრძლივობის და სხვა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

R