იუტას შტატის ხელისუფლებამ ოფიციალურად დახურა 51 წლის წინანდელი საქმე. დნმ-ის ახალი ტექნოლოგიების წყალობით დადასტურდა, რომ მოკლული გოგონა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელის, ტედ ბანდის მსხვერპლი იყო.
გაუჩინარება ჰელოუინის ღამეს
17 წლის ლორა ენ ეიმი 1974 წლის ჰელოუინის ღამეს, წვეულებიდან წასვლის შემდეგ გაუჩინარდა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, მისი ცხედარი ტურისტებმა ამერიკან-ფორკის კანიონში აღმოაჩინეს.

ოთხშაბათს, იუტას ოლქის შერიფის ოფისმა განაცხადა, რომ თანამედროვე ანალიზებმა „უდავოდ დაადასტურა, რომ ლორას სხეულიდან აღებული დნმ ბანდის ეკუთვნის“.
ბანდის აღიარება დეტალების გარეშე
1974 წლიდან 1978 წლამდე ტედ ბანდიმ სულ მცირე 30 ქალი მოკლა, თუმცა მას კიდევ მრავალ სხვა მკვლელობასთან აკავშირებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით.
1989 წელს, ფლორიდაში სიკვდილით დასჯამდე, ბანდიმ აღიარა ლორას მკვლელობა, თუმცა უარი თქვა დეტალების დაზუსტებაზე ან დანაშაულის აღწერაზე. სწორედ ამიტომ, შერიფის დეპარტამენტმა გადაწყვიტა საქმე ღიად დაეტოვებინა მანამ, სანამ გამომძიებლები ეჭვგარეშე არ დაამტკიცებდნენ მის ბრალეულობას.

"ეს საქმე ახლა ოფიციალურად დახურულია“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე იუტას ოლქის შერიფმა მაიკ სმიტმა. მან ასევე დასძინა, რომ ბანდი ცოცხალი რომ ყოფილიყო, მის წინააღმდეგ კვლავ სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ.
ვინ იყო ტედ ბანდი?
ბანდი აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მანიაკია. ის მსხვერპლს ხშირად საზოგადოებრივ ადგილებში ხვდებოდა, ნდობას საკუთარი მომხიბვლელობით ან ტრავმის სიმულირებით მოიპოვებდა, რის შემდეგაც ისინი განმარტოებულ ადგილებში მიჰყავდა და კლავდა.
ლორას მკვლელობის დროს ის სოლტ-ლეიკ-სიტიში ცხოვრობდა და იუტას უნივერსიტეტში სამართალს სწავლობდა. ის ორჯერ გაიქცა პატიმრობიდან - ერთხელ ციხის ბიბლიოთეკის ფანჯრიდან გადახტა. ბოლო გაქცევის შემდეგ მან მკვლელობები განაგრძო, სანამ 1978 წელს საბოლოოდ არ დააკავეს. გამომძიებლების განცხადებით, ლორა ენ ეიმი იყო „კომუნიკაბელური, თავისუფლებისმოყვარე გოგონა, რომელსაც უყვარდა ბუნება, ჯირითი, ნადირობა და ზრუნავდა თავის და-ძმებზე“. ნახევარი საუკუნის შემდეგ, მისმა ოჯახმა საბოლოო პასუხი მიიღო.