ავტორი:

ბიბლია, ბლოკნოტი, საქორწინო ბეჭდები და... - ვინ არიან და რა წაიღეს მთვარეზე ბოლო წლების მთავარი მისიის წევრებმა: "არტემიდა 2"-ის ეკიპაჟში 3 კაცი და 1 ქალია

ბიბლია, ბლოკნოტი, საქორწინო ბეჭდები და... - ვინ არიან და რა წაიღეს მთვარეზე ბოლო წლების მთავარი მისიის წევრებმა: "არტემიდა 2"-ის ეკიპაჟში 3 კაცი და 1 ქალია

მთელი მსოფლიო აკვირდება ოთხ ასტრონავტს, რომლებიც მალე პირველი ადამიანები გახდებიან ბოლო 50 წლის განმავლობაში, ვინც მთვარის ორბიტაზე გავლენ. ეს ასტრონავტები არა მხოლოდ გამორჩეული პილოტები, ინჟინრები და მეცნიერები, არამედ მეუღლეები და მშობლებიც არიან, მათი ფრენა კი დიდი რისკია როგორც თავად მათთვის, ისე მათი ახლობლებისთვის.

  • "არტემიდა 2"- ის ეკიპაჟში NASA-ს სამი ასტრონავტი: მეთაური რიდ უაიზმანი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და კანადის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი ჯერემი ჰანსენი შედიან.

აი, რა ვიცით მათ შესახებ.

რიდ უაიზმანი - მისიის მეთაური

რიდ უაიზმანი აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილი მფრინავი - გამომცდელია, რომელიც 16 წლის წინ გახდა ასტრონავტი. 2014 წელს მან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ბორტინჟინრის როლში ექვსი თვე გაატარა. უაიზმანი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ფრენა უყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ მიწაზე ყოფნის დროს სიმაღლის ეშინია.

უაიზმანი მერილენდის შტატში, ბალტიმორში დაიბადა. ის 50 წლისაა. 2020 წელს მისი მეუღლე კიბოთი გარდაიცვალა და ახლა მარტო ზრდის ორ მოზარდ ქალიშვილს. მისი თქმით, მარტოხელა მამობა ერთდროულად ყველაზე დიდი გამოწვევაცაა და ყველაზე დიდი ბედნიერებაც.

რიდს შვილებისთვის არ დაუმალავს, რომ მისი მისია დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. ერთ-ერთი სეირნობის დროს კი ისიც გაუმხილა, თუ სად ინახებოდა მისი ანდერძი და დოკუმენტები, ასევე აუხსნა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ თავად მას რამე შეემთხვეოდა. უაიზმანის თქმით, "ეს ცხოვრების ნაწილია და მსგავსი საუბრები ოჯახებში უფრო ხშირად უნდა მიმდინარეობდეს, რადგან არასდროს იცი, რას მოგიტანს ხვალინდელი დღე".

მეთაური ცდილობს, ისე არ ჩანდეს, თითქოს “არტემიდა-2“ მხოლოდ მისი მისიაა.

"როდესაც ვიქტორს, კრისტინას და ჯერემის ვუყურებ, ვხედავ, რომ მათ ნამდვილად სურთ ამ მისიის შესრულება, ძალიან მოტივირებული და ამავე დროს საოცრად თავმდაბალი ადამიანები არიან. მათთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა".

უაიზმანი იმედოვნებს, რომ ათწლეულების შემდეგ მათი ფრენა აღქმული იქნება, როგორც “პატარა ნაბიჯი კაცობრიობის მთვარეზე დამკვიდრების გზაზე, რასაც საბოლოოდ მარსზე გაფრენა მოჰყვება“.

NASA-მ ეკიპაჟს ნება დართო, თან პირადი, მნიშვნელოვანი ნივთები წაეღო, უაიზმანმა პატარა ბლოკნოტი აირჩია, სადაც მისიის დროს საკუთარი ფიქრების ჩაწერას აპირებს.

კრისტინა კოხი — მისიის სპეციალისტი

კრისტინა კოხი ფიზიკოსი და ელექტროინჟინერია. ის 2013 წელს გახდა ასტრონავტი, ხოლო 2019 წელს ქალებს შორის ყველაზე ხანგრძლივი კოსმოსური მისიის რეკორდიც დაამყარა, როდესაც 328 დღე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაატარა. ის ასევე გახდა პირველი ქალი, რომელიც მთვარეზე გაემგზავრა.

კრისტინა კოხი 47 წლისაა. იგი მიჩიგანის შტატში, ქალაქ გრანდ-რაპიდსში დაიბადა.

მისი გზა კოსმოსისკენ ფოტოსურათით დაიწყო. ბავშვობაში კოხის კედელზე უილიამ ანდერსენის ცნობილი ფოტო ეკიდა, რომელიც მან “აპოლონ-8“-ის მისიის დროს გადაიღო. სურათი მთვარის ზედაპირიდან დანახულ დედამიწის ამოსვლას ასახავს. როდესაც კრისტინამ გაიგო, რომ ფოტო ადამიანმა გადაიღო და არა ავტომატურმა კამერამ, გადაწყვიტა, თავადაც ასტრონავტი გამხდარიყო.

"ის ფაქტი, რომ კამერის უკან ადამიანი იდგა, ამ სურათს ბევრად უფრო ღრმა მნიშვნელობას ანიჭებს და საკუთარი პლანეტის შესახებ ჩვენს აღქმას ცვლის, მთვარე მხოლოდ სიმბოლო არ არის, ის ასევე მეცნიერებისა და ჩვენი წარმოშობის გააზრების გზამკვლევია" - აცხადებს ასტრონავტი.

კოხის 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა “აპოლონის“ პროგრამის ვეტერანებთან. მისი თქმით, მთავარი, რაც მათგან ისწავლა, არის გუნდურობის მნიშვნელობა.

კრისტინამ თან ახლობლების ხელით დაწერილი წერილები წაიღო, მისთვის ეს დედამიწაზე დარჩენილ ადამიანებთან “ტაქტილური კავშირის“ საშუალებაა, სახლში კოხს მეუღლე ელოდება, ვისთანაც მისი თქმით, ხშირად საუბრობდა კოსმოსურ ფრენებზე, განსაკუთრებით იმაზე, რომელი ეტაპებია ყველაზე მნიშვნელოვანი და რომელი , ყველაზე სარისკო.

ჯერემი ჰანსენი — მისიის სპეციალისტი

ჯერემი ჰანსენი კანადის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სამხედრო პილოტი და ფიზიკოსია. ის 2009 წელს შეუერთდა კანადის კოსმოსურ სააგენტოს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კოსმოსში არ უფრენია, პირველი კანადელი გახდა, რომელსაც NASA-ში ასტრონავტების მომზადების ჯგუფის ხელმძღვანელობა ანდეს.

ჰანსენი 50 წლისაა, დაოჯახებულია და სამი შვილი ჰყავს. თავისუფალ დროს იახტით ცურვა, კლდეზე ცოცვა და სამთო ველოსპორტი უყვარს.

როგორც კრისტინა კოხი, ჰანსენიც კოსმოსის მიმართ თავის ინტერესს “აპოლონ-8“-ის მისიას უკავშირებს. ბავშვობაში ჯერმის ხეზე აშენებული პატარა სახლი ჰქონდა, რომელიც ბაზი ოლდრინის მთვარის ფოტოს ნახვის შემდეგ, მისი წარმოსახვაში კოსმოსურ ხომალდად იქცა.

ჯერემი ჰანსენი ცდილობდა მომავალი მისიისთვის საკუთარი ოჯახი წინასწარ შეემზადებინა, საშობაოდ ერთად უყურებდნენ "არტემიდა-1"-ის გაშვების ჩანაწერს და ასტრონავტი ოჯახის წევრებს უხსნიდა, თუ რა ხდებოდა ფრენის დროს.

ჰანსენი პირველი არამერიკელია, რომელიც მთვარეზე მიფრინავს, ეს კი საერთაშორისო თანამშრომლობაში დიდი პროგრესის ნიშანია.

ჯერემი ჰანსენმა თან ოთხი მთვარის ფორმის მედალიონი წაიღო. ყოველ მათგანში ქვებია ჩასმული, სადაც ოჯახის დაბადების წლებია მითითებული, უკანა მხარეს კი ამოტვიფრული წარწერებია “მთვარემდე და უკან“. როგორც ჭეშმარიტმა კანადელმა ჰანსენმა თან ასევე ნეკერჩხლის სიროფი და ნეკერჩხლისვე ორცხობილა წაიღო.

ვიქტორ გლოვერი — პილოტი

ვიქტორ გლოვერი აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილი სამხედრო პილოტი და მფრინავი - გამომცდელია. ის 49 წლისაა და 2013 წელს გახდა NASA-ს ასტრონავტი. გლოვერს SpaceX Crew-1-ის მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომლის დროს მან თითქმის ექვსი თვე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაატარა.

ვიქტორ გლოვერი კალიფორნიაში, პომონაში დაიბადა. დაოჯახებულია და ოთხი შვილი ჰყავს. ის პირველი შავკანიანი ადამიანი გახდება, რომელიც მთვარეზე გაფრინდება.

ვიქტორს ეკიპაჟის ყველაზე ქარიზმატულ წევრად იცნობენ, მისი მეტსახელი IKE (I Know Everything ), კი მის სამ სამაგისტრო ხარისხს უკავშირდება.

მისიისთვის მზადების პროცესში გლოვერი “ჯემინისა“ და "აპოლონის" პროგრამების მასალებს სწავლობდა, რადგან მიაჩნია, რომ ისინი დღემდე აქტუალურია.

"კვლევის სურვილი ჩვენი ბუნების საფუძველია, ჩვენ ვიკვლევთ, რათა გავიგოთ, სად ვართ, რატომ ვართ აქ და რა არის ჩვენი ადგილი სამყაროში" - აცხადებს ასტრონავტი.

ვიქტორმა თან ბიბლია, საქორწინო ბეჭდები, ოჯახური რელიქვიები და შთამაგონებელი ციტატების კრებული წაიღო.

წყარო