ირანში, ქალაქ ქარაჯში, B1 ხიდზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა.
მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 95 ადამიანი დაშავდა.
ხიდზე თავდასხმას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამოქალაქო ნაგებობების დაბომბვა ირანელებს დანებებას ვერ აიძულებს.
„სამოქალაქო ნაგებობების, მათ შორის დაუმთავრებელი ხიდების დაბომბვა ირანელებს დანებებას ვერ აიძულებს. ეს მხოლოდ არეულობაში მყოფი მტრის დამარცხებასა და მორალურ კოლაფსს მოწმობს. ყველა ხიდი და შენობა უფრო ძლიერი აშენდება. რაც არასდროს აღდგება: ამერიკის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანია“, - დაწერა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში.
ირანულ მედიაში თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეირანის მახლობლად მდებარე ხიდზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ირანში მნიშვნელოვანი ხიდის აფეთქების შემდეგ, აცხადებს, რომ შემდეგი სამიზნე ელექტროსადგურები იქნება.
„ჩვენს არმიას - მსოფლიოში უდიდესს და ყველაზე ძლიერს (უზარმაზარი სხვაობით!) - ჯერ არც კი დაუწყია იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა. შემდეგი ხიდებია, შემდეგ -ელექტროსადგურები! ახალი რეჟიმის ხელმძღვანელობამ იცის, რა უნდა გაკეთდეს - და ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.