ავტორი:

“დიდი გადაწყობა“ აშშ-ის ჯარში - პიტ ჰეგსეთმა სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი გაათავისუფლა: რას წერს მედია რენდი ჯორჯის შესახებ

“დიდი გადაწყობა“ აშშ-ის ჯარში - პიტ ჰეგსეთმა სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი გაათავისუფლა: რას წერს მედია რენდი ჯორჯის შესახებ

აშშ-ის ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, გენერალი რენდი ჯორჯი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც მედია წერს, ჯორჯი თანამდებობაზე უფრო დიდხანს - სულ მცირე ზაფხულამდე უნდა დარჩენილიყო. თუმცა, ჰეგსეთის ოფიციალური მოთხოვნის შემდეგ ის გადადგა.

აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის გათავისუფლება პენტაგონმა დაადასტურა.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ პარნელმა X-ზე დაწერა, რომ ჯორჯი “დაუყოვნებლივ გავა პენსიაზე და დატოვებს სახმელეთო ჯარების 41-ე შტაბის უფროსის თანამდებობას“.

როგორც წესი, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსები ამ პოსტზე ოთხი წლის განმავლობაში მუშაობენ - ჯორჯი აღნიშნულ თანამდებობაზე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2023 წელს დანიშნა.

შტაბის უფროსის შეცვლა საკმაოდ არაორდინალურ ნაბიჯად მიიჩნევა იმ მომენტში, როდესაც აშშ ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ ომს აწარმოებს.

  • 61 წლის ჯორჯი კარიერული ოფიცერი და ამერიკის ყველაზე პრესტიჟული სამხედრო აკადემიის, უესტ-პოინტის კურსდამთავრებულია. ის მონაწილეობდა სპარსეთის ყურის პირველ ომში, ასევე ერაყისა და ავღანეთის კონფლიქტებში.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად არ სახელდება მისი გადაყენების მიზეზი. ჯორჯის ნაცვლად არმიის შტაბის უფროსის მოვალეობას დროებით გენერალი კრისტოფერ ლა ნივი შეასრულებს.

  • CBS News-ის ინფორმაციით, ჯორჯთან ერთად ასევე გაათავისუფლეს კიდევ ორი მაღალჩინოსანი ოფიცერი: გენერალი დევიდ ჰოდნე, რომელიც არმიის ტრანსფორმაციისა და სწავლების სარდლობას ხელმძღვანელობდა და გენერალ-მაიორი უილიამ გრინი, კაპელანთა კორპუსის ხელმძღვანელი.

დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ, პოსტები 10-ზე მეტმა მაღალჩინოსანმა სამხედრომ დაკარგა, მათ შორის არიან:

  1. შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი ჩარლზ ბრაუნი;
  2. სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის უფროსი ადმირალი ლიზა ფრანკეტი;
  3. სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსის მოადგილე გენერალი ჯიმ სლაიფი;
  4. სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ჯეფრი კრუზი.

სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის გათავისუფლების მიზეზად დასახელდა ის, რომ ირანზე მიყენებული დარტყმების შედეგების მისეული ანალიზი არ ემთხვეოდა ტრამპის მოსაზრებას.

წყარო

იხილეთ ასევე: