ავტორი:

"საშინელი შეტევები მქონდა, ეს ჩემი ცოდვების სარკე იყო" - თბილისში მომხდარი ავიაკატასტროფა და დაავადება, რომელსაც წლები ებრძოდა: პავლიაშვილი მძიმე წლებს იხსენებს

"საშინელი შეტევები მქონდა, ეს ჩემი ცოდვების სარკე იყო" - თბილისში მომხდარი ავიაკატასტროფა და დაავადება, რომელსაც წლები ებრძოდა: პავლიაშვილი მძიმე წლებს იხსენებს

ცნობილმა მომღერალმა, სოსო პავლიაშვილმა ტელეკომპანია "Беларусь 1"-თან გულახდილ ინტერვიუში საკუთარი ცხოვრების ყველაზე რთული და დრამატული ეპიზოდები გაიხსენა. თბილისური ქუჩის აკადემიიდან დიდ სცენამდე განვლილი გზა, საბედისწერო ავარია და სენი, რომელიც წლების განმავლობაში ტანჯავდა - მომღერალი საკუთარ წარსულზე დაუფარავად საუბრობს.

ქუჩის ბიჭი ვიოლინოთი ხელში

პავლიაშვილმა გაიხსენა ბავშვობა თბილისში, სადაც ის ორი, რადიკალურად განსხვავებული სამყაროს ნაწილი იყო. ერთი მხრივ, ის იყო ტიპური თბილისელი "ქუჩის ბიჭი", მეორე მხრივ კი - უნიჭიერესი მევიოლინე. პედაგოგები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსისთვისაც კი ამზადებდნენ.

მომღერლის თქმით, მას არანაირი დისკომფორტი არ ჰქონდა მრავალსაათიანი რეპეტიციებისა და ქუჩური ცხოვრების შეთავსებისას. მეტიც, მის მეგობრებს ეამაყებოდათ კიდეც, რომ მათ გვერდით ასეთი ნიჭიერი ადამიანი იზრდებოდა.

საბედისწერო ავარია და 7-წლიანი ტანჯვა

სოსო პავლიაშვილისთვის წარმატების მწვერვალი 1989 წელს იურმალას კონკურსზე მიღებული გრან-პრი გახდა, თუმცა ამას მოჰყვა მძიმე 90-იანები. 1996 წელს თბილისში მომხდარმა ავარიამ მომღერლის ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მართალია, საჭესთან თავად არ იჯდა, მაგრამ მიღებულმა მძიმე ტრავმამ და ტვინის შერყევამ კვალი დატოვა - მომღერალს ეპილეფსიის მძიმე შეტევები დაეწყო.

„ეს არ არის მისტიკა. ვფიქრობ, ეს ან ბოროტი ძალებისგან იყო, ან - ღვთისგან. მან უბრალოდ შემაჩერა და გამომიყვანა იმ ცხოვრებიდან, რომლითაც მაშინ ვცხოვრობდი. 90-იანი წლები... გიჟური, შეშლილი წლები იყო. საშინელი შეტევები მქონდა, ახლაც შიშით ვიხსენებ. თუმცა, ეს ტრაგედია არ ყოფილა - ეს ჩემი ცოდვების სარკე იყო, რადგან ზედმეტად მშფოთვარე ცხოვრებით ვცხოვრობდი,“ - იხსენებს მომღერალი.

„სასწაული“ - სენი, რომელიც შვილის დაბადებამ განკურნა

სოსო პავლიაშვილი დარწმუნებულია, რომ დაავადებისგან ის შვილის დაბადებამ იხსნა. ეპილეფსიამ 7 წლის შემდეგ, ზუსტად იმ დღეს დაიხია უკან, როდესაც მის მეუღლეს, ირინა პატლახს, ქალიშვილი ლიზა შეეძინა.

„ლიზა დაიბადა და ჩემი ავადმყოფობა თითქოს არც არასდროს ყოფილა, ყველაფერი გაქრა!“ - ამბობს სოსო.

ოჯახი და შვილები

ლიზას შემდეგ, 2004 წელს, წყვილს კიდევ ერთი ქალიშვილი - სანდრა შეეძინა. მომღერალს პირველი ქორწინებიდან ასევე ჰყავს უფროსი ვაჟი, ლევანი.

დღეს სოსო პავლიაშვილი შვილებით ამაყობს. აღსანიშნავია, რომ ლევანმა სუვოროვის სასწავლებელი და სამხედრო უნივერსიტეტი დაამთავრა, თუმცა საბოლოოდ მაინც მამის გზა აირჩია - ის დღეს სოსოსთან ერთად სცენაზე დგას და მღერის. პავლიაშვილის თქმით, მისი ყველა შვილი ხელოვნებასთან და მუსიკასთანაა დაკავშირებული.

წაიკითხეთ ასევე: