პოლიციამ თბილისში მძევლად ხელში ჩაგდებისა და ყაჩაღობის ბრალდებით 7 პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული 7 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შვიდივე პირი ბრალდებულის სახით მარნეულში და გორში დააკავეს.
ხოლო, დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე და 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ანგარებით, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას, მძევლად ხელში ჩაგდებასა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით განხორციელებულ ყაჩაღობას გულისხმობს და 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.