“ირანმა სიკვდილით დასაჯა 18 წლის მუსიკოსი, რომელიც ანტისამთავრობო დემონსტრაციების მიმდინარეობისას დააკავეს,“ - ამის შესახებ დასავლური მედია წერს.
არსებული ინფორმაციით, გიტარისტი ამირჰოსეინ ხათამი 8 იანვარს, თეირანში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების დროს, დაჯგუფება “ბასიჯის“, ბაზისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით დააკავეს.

ის რამდენიმე კვირის განმავლობაში სამარტოო საკანში იმყოფებოდა. საკანში თმა გადაპარსეს და სასიკვდილო განაჩენი ოთხშაბათს აღსრულდა. როგორც მედია წერს, ამირჰოსეინი დედაქალაქის გარეთ, ცნობილ ღეზალ ჰესარის ციხეში ჩამოახრჩვეს.
ამირჰოსეინი 6 თებერვალს “მოჰარების“ ანუ “ღმერთის წინააღმდეგ ომის წარმოების“ ბრალდებით იქნა დამნაშავედ ცნობილი, ოთხშაბათს კი სასამართლომ განაცხადა, რომ ის “გამთენიისას ჩამოახრჩვეს“.
ირანის სასამართლო ვებსაიტმა “მიზან ონლაინმა“ განაცხადა, რომ მან “ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ“ იმოქმედა ისრაელისა და შეერთებული შტატების სახელით.
“ამნესტი ინტერნეშენალის“ განცხადებით, “აღშფოთებულია მოზარდი მომიტინგეს სიკვდილით დასჯით“.
ახლა ქვეყანაში იზრდება შიში ათობით სხვა სიკვდილმისჯილი პატიმრის ბედის შესახებ, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ ოთხი მამაკაცი გადაიყვანეს სამარტოო საკანში სიკვდილით დასჯამდე.
სამარტოო საკანში ახლა იმყოფებიან 19 წლის მოჰამედ ამინ ბიგლარი, 23 წლის ალი ფაჰიმი, 51 წლის აბოლფაზლ სალეჰი სიავაშანი და 30 წლის შაჰინ ვაჰედპარასტ კოლორი.
გადასახლებულმა მემკვიდრე პრინცმა რეზა ფეჰლავიმ ამირჰოსეინის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე მისი ფოტოები გაავრცელა და დაწერა: “ირანის სისხლისმსმელი რეჟიმი კიდევ ერთი მიუტევებელი დანაშაულის ჩასადენად ემზადება“.
ოპოზიციური ჯგუფის ცნობით, ორშაბათიდან მოყოლებული ირანში სიკვდილით დასაჯეს სულ მცირე 4 მაღალი რანგის ანტისამთავრობო ფიგურა, ხოლო ბოლო დღეებში კიდევ 15 პოლიტპატიმარს მიესაჯა სიკვდილით დასჯა.
იხილეთ ასევე: