სინოდის 6-საათიანი სხდომა დასრულებულია - როგორც ირკვევა, პატრიარქობის კანდიდატობის კრიტერიუმების (განათლება და ასაკი) შესახებ გადაწყვეტილებები არ მიღებულა.
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოს მეუფე ზენონის ინფორმაციით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქის კანდიდატის ასაკისა და განათლების საკითხებზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
"ეს იყო 6 - საათიანი სხდომა. ძალიან ცივილიზებულ, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები. ძირითადად განხილვა მოხდა პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. შეიქმნა საარჩევნო კომისია. რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ [გადაწყვეტილება] იქნება მომავალ სხდომაზე.
ზოგადი საუბარი იყო. არ ჩაითვალა, როგორც სინოდის განსახილველი საკითხი, გადაიდო მომავალ სხდომამდე. აზრის გაცვლა-გამოცვლა იყო. ეს არ წარმოადგენს იმპერატიული კატეგორიის საკითხს. კენჭისყრაზე იქნება დამოკიდებული როგორ აირჩევს უმრავლესობა. ყველაფერი ერთ სხდომაზე გადაწყდება. შემდეგი იქნება სინოდის გაფართოებული სხდომა, სადაც ავირჩევთ პატრიარქს“,- განაცხადა მეუფე ზენონმა.
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის თქმით კი, გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება, რომელსაც 2000-მდე ადამიანი დაესწრება და სწორედ იქ აირჩევენ სინოდის წევრები პატრიარქს. მისი თქმით, მანამდე გაიმართება სინოდის სხდომა, რომელზეც სამი კანდიდატი შეირჩევა.
მისივე თქმით, კანდიდატების დასახელების შემდეგ მოხდება ყველა დეტალის დამატებითი განხილვა.
"ერთადერთი საკითხი, რაზე ვიმსჯელეთ ეს არის პროცედურული საკითხი, რომელსაც ბევრი ნიუანსი აქვს, ამიტომ გაგრძელდა დიდხანს. ბევრი ვიმსჯელეთ დაწყებული იქიდან თუ სად შეიძლება ჩატარდეს გაფართოებული სხდომა. დიდი რაოდენობის ადამიანია მოსალოდნელი გაფართოებულ კრებაზე. დაახლოებით, 2000 ადამიანს ველოდებით. ტექნიკური თვალსაზრისით, ამხელა კრების ჩატარება არ არის ადვილი. გადაწყდა, რომ სამების ტაძარში ჩატარდება. ამას დასჭირდება შეზღუდვები, დაცვა და სხვა. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ იმაზე თუ როგორი იქნება პროცედურა. კიდევ ერთი სინოდის სხდომა იქნება, რომელზეც ჩვენ ავარჩევთ კანდიდატებს, ვფიქრობთ, რომ შემდგი სინოდის სხდომაც დიდ ხანს გაგრძელდება. კანდიდატები სათითაოდ იქნება განხილული, კენჭისყრაც, კანდიდატებიდან ყველაზე მეტ ხმას ვინც მოაგროვებს ის იქნება გაფართოებულ სხდომაზე.
რაც შეეხება ასაკსა და განათლებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი სინოდის სხდომაზე ვისაუბრებთ. დავადგენთ საერთოდ ვინ შეიძლება იყოს კანდიდატი. ამ ეტაპზე დებულების შეცვლა გამორიცხულია, შესაბამისად, ამ დებულებით ვიხელმძღვანელებთ.
გაფართოებული სხდომა უფრო საჯაროებისთვის არის. ამ სხდომაზე შეიძლება მოვისმინოთ ვიღაცის მოხსენება, რომელმაც სინოდის წევრების გადაწყვეტილებზე მოახდინოს გავლენა.
გადავწყვიტეთ, რომ როცა დადგებიან კანდიდატები, მაშინ ვისაუბროთ ყველა დეტალებზე“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
იხილეთ ასევე: