30 მარტს, პარიზში დაიწყო სასამართლო პროცესი "მასონური მაფიის“ საქმეზე. 22 ადამიანს, მათ შორის პარიზის გარეუბან პიუტოს მასონური ლოჟა "ათანორის“ რამდენიმე წევრს, ბრალი ედება მთელ რიგ დანაშაულებში - გამოძალვიდან შეკვეთილ მკვლელობამდე. პოლიცია მასონების კვალზე სრულიად შემთხვევით გავიდა.
ისტორია 2020 წლის 24 ივლისს დაიწყო, როდესაც პარიზის გარეუბან კრეტეის მცხოვრებს შვილი ბაგაში მიჰყავდა, - წერს ფრანგული გამოცემა BFM TV. მან შეამჩნია საეჭვო ავტომობილი, რომელშიც ორი ადამიანი თავს იმძინარებდა, თანაც ცხელი ამინდის მიუხედავად, მათ ხელთათმანები ეკეთათ. ახალგაზრდა მამამ პოლიცია გამოიძახა.
მისულმა პოლიციელებმა საეჭვო მამაკაცები იქვე დააკავეს. ავტომობილზე ყალბი სანომრე ნიშნები სკოჩით იყო გადაკრული. თავად მანქანა 2019 წლის სექტემბრიდან მოპარულად ითვლებოდა. შიგნით პოლიციამ, სხვა ნივთებთან ერთად, სათვალთვალო მოწყობილობები და 9 მმ-იანი პისტოლეტი იპოვა.
ერთ-ერთმა დაკავებულმა, 28 წლის პიერ ბურდენმა, განაცხადა, რომ ისინი საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ კოდური სახელებით - "დაგომარი“ და "აბელარი“ და ასრულებდნენ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მისიას: უნდა "მოეცილებინათ“ მარი-ელენ დინი, რომელიც თითქოს ფარულად მუშაობდა ისრაელის დაზვერვა "მოსადზე“.
60 წლის დინი - ორი შვილის დედა და მეწარმე, რომელიც ქოუჩინგის სერვისებს სთავაზობდა კლიენტებს, განცვიფრებული დარჩა, როდესაც პოლიციამ მასზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ აცნობა. ფრანგ ქალს "მოსადთან“ საერთო არაფერი ჰქონდა - იგი ისრაელში ნამყოფიც კი არ იყო.
ბურდენის მონაყოლის მეორე ნაწილი კი სიმართლე აღმოჩნდა. საგარეო უსაფრთხოების გენერალურ დირექტორატში (DGSE) დაადასტურეს, რომ ისიც და მისი თანამზრახველიც - 25 წლის კარლ ენო (კოდური სახელით "აბელარი“) ნამდვილად მსახურობდნენ იქ. თუმცა, ისინი მხოლოდ სამხედრო ბაზას იცავდნენ და მათთვის რაიმე საიდუმლო მისია არასდროს მიუნდვიათ.
პიერ ბურდენი - "დაგომარი“ DGSE-ში 2014 წელს მივიდა. თავიდან კარგი რეპუტაცია ჰქონდა, თუმცა მალევე სულ სხვაგვარად წარმოაჩინა საკუთარი თავი - კოლეგები მას ახასიათებდნენ, როგორც პათოლოგიურ მატყუარას.
2018 წელს ბურდენმა გაიცნო იანიკ ფამი, დაზვერვის რეზერვისტი, რომელმაც მას "საიდუმლო მისიების“ შესრულება შესთავაზა და დააკავშირა კერძო დაცვის თანამშრომელ სებასტიან ლერუასთან.
სწორედ ლერუამ მისცა ბურდენს მარი-ელენ დინის "ლიკვიდაციის“ დავალება. მკვლელობისთვის ლერუა მათ 30 ათას ევროს ჰპირდებოდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, სებასტიან ლერუა მუშაობდა დანიელ ბოლიეზე - DGSE-ის ყოფილ ოფიცერსა და მასონური ლოჟა "ათანორის“ წევრზე.
სასამართლოს წინაშე ლოჟა "ათანორის“ სამი წევრი წარსდგა: ჟან-ლუკ ბაგიური, ფრედერიკ ვალიო და დანიელ ბოლიე.
ლოჟა 2008 წელს დაარსდა და მასში 20-მდე ადამიანი ირიცხება. ბაგიურმა, რომელსაც ლოჟაში მაღალი იერარქიული საფეხური ეკავა, ვალიოს (ყოფილი ჟურნალისტი და დაცვის კომპანიების მფლობელი) მარი-ელენ დინის მკვლელობა
სთხოვა. რეალური მიზეზი არა "ჯაშუშობა“, არამედ ბიზნეს-ინტერესთა კონფლიქტი იყო: დინის ქოუჩინგის ბიზნესი ბაგიურის კომპანიას უწევდა კონკურენციას. მკვლელობისთვის ბაგიურმა ვალიოს 70 ათასი ევრო გადაუხადა.
ვალიომ საქმე დანიელ ბოლიეს დაავალა, ბოლიემ კი - ლერუას.
"მოსადის“ შესახებ ისტორია მე მოვიგონე, რომ ლერუასთვის მოტივაცია მიმეცა და ეფიქრა, რომ ეს სახელმწიფო შეკვეთა იყო“, - აღიარა მოგვიანებით ბოლიემ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მარი-ელენ დინი მათი პირველი მსხვერპლი არ იყო. მასონებს ბრალად ედებათ 2018 წელს, ავტომრბოლელ ლორან პასკუალის მკვლელობის შეკვეთა.
პასკუალი პრესტიჟულ შეჯიბრებებში მონაწილეობდა, თუმცა ფუფუნებაში ცხოვრება უყვარდა და დიდ ვალებში ჩაეფლო. 2018 წლის ბოლოს იგი გაუჩინარდა, 2019 წელს კი ტყეში მისი ნეშტი იპოვეს.
გაირკვა, რომ 2011 წელს პასკუალმა ერთი მდიდარი წყვილისგან 100 ათასი ევრო ისესხა და არ დაუბრუნა. 2016 წელს წყვილმა გაიცნო ფრედერიკ ვალიო, რომელიც დაჰპირდა, რომ მრბოლელის პოვნაში და ფულის დაბრუნებაში დაეხმარებოდა. ვალიომ საქმე კვლავ ბოლიეს დაავალა, რომელმაც ოპერაციას "911“ (Porsche-ს მოდელის პატივსაცემად) დაარქვა.
ბოლიემ კვლავ ლერუა დაიქირავა და უთხრა, რომ მრბოლელი "სახელმწიფო საფრთხეს“ წარმოადგენდა. 2018 წლის შემოდგომაზე ლერუამ და მისმა მეგობარმა პასკუალი ავტოფარეხში მოკლეს.
საერთო ჯამში, დაჯგუფებას ბრალად ედება:
სამრეწველო ჯაშუშობა;
მეწარმეებზე თავდასხმა და კომპიუტერების მოპარვა;
ბაგიურის თანამშრომლის ავტომობილის დაწვა (რომელმაც მის კომპანიაში ფინანსური თაღლითობა აღმოაჩინა);
პროფკავშირის წარმომადგენლის მკვლელობის მცდელობა.
საქმეზე 22 ბრალდებულია - 30-დან 73 წლამდე ასაკის. მათ შორის არიან მასონები, დაზვერვისა და პოლიციის თანამშრომლები, ტოპ-მენეჯერები და ექიმიც კი. მთავარ ფიგურანტებს (ბაგიურს, ვალიოს, ბოლიეს და ლერუას) სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. სასამართლო პროცესი 17 ივლისამდე გაგრძელდება.