ავტორი:

2 500 წლის წინანდელი ოქროს ნივთები, რომლის დაკარგვამ ორ ქვეყანას შორის უთანხმოება გამოიწვია, ნაპოვნია - რა დეტალებს ასაჯაროებს ნიდერლანდების პროკურატურა

2 500 წლის წინანდელი ოქროს ნივთები, რომლის დაკარგვამ ორ ქვეყანას შორის უთანხმოება გამოიწვია, ნაპოვნია - რა დეტალებს ასაჯაროებს ნიდერლანდების პროკურატურა

დაახლოებით 2 500 წლის წინანდელი ოქროს მუზარადი, რომელიც რუმინეთის ერთ-ერთ მთავარ საგანძურად ითვლება, ნაპოვნია. ნაკეთობა ერთი წლის წინ ნიდერლანდებში მუზეუმის ძარცვის დროს მოიპარეს.

მუზარადი და ორი ოქროს სამაჯური, რომლებიც დაახლოებით ძვ.წ. 450 წლით თარიღდება, ხუთშაბათს მუზეუმში დაბრუნდა და ისინი მინის ვიტრინაში, შეიარაღებული დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ იყო გამოფენილი.

კოცოფენეშტის მუზარადის და სამაჯურების ქურდობამ, რომელიც შეიარაღებულმა ბანდამ ასენის ქალაქში მდებარე დრენტეს მუზეუმში შეჭრისას ჩაიდინა, რუმინეთში აღშფოთება გამოიწვია და კითხვები გააჩინა იმ ფასდაუდებელი არტეფაქტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომლებიც სხვა ქვეყნებში გამოიფინება.

ქურდობის ფაქტს ორ ქვეყანას შორის უთანხმოება მოჰყვა, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდების მთავრობამ რუმინეთს სადაზღვევო ანაზღაურების სახით დაახლოებით 5.7 მილიონი ევრო გადაუხადა. რუმინეთის ოფიციალურმა პირებმა უარი განაცხადეს ეთქვათ, თუ რა ბედი ეწევა აღნიშნულ თანხას.

ჩრდილოეთ ნიდერლანდებში მდებარე დრენტეს მუზეუმის დირექტორმა, რობერტ ვან ლანგმა განაცხადა, რომ მუზარადს მცირე ჩაღრმავება აქვს, თუმცა მისი აღდგენა შესაძლებელია. სამაჯურები კი, მისი თქმით, იდეალურ მდგომარეობაშია შენახული.

ნიდერლანდელი პროკურორის კორიან ფანერმის განაცხადებით, საგანძურის დაბრუნება პროკურატურასა და ეჭვმიტანილთა ადვოკატებს შორის წინასასამართლო შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს.

დამნაშავეები, ორი დაახლოებით 30 წლის მამაკაცი და ერთი 21 წლის პირი რამდენიმე დღეში დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ მუზეუმში ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით მოახერხეს შეღწევა, თუმცა იმ დროისთვის მოპარული ნივთების კვალი უკვე დაკარგული იყო.

ითვლება, რომ ლეგენდარული მუზარადი პირველად 1926 წელს რუმინეთის სოფელ პოიანა-კოცოფენეშტში მწყემსმა ბიჭმა აღმოაჩინა . ბავშვი მუზარადს ორი კვირის განმავლობაში ატარებდა და სათამაშოდ იყენებდა, რის შედეგადაც მას ზოგიერთი დეტალი დაუზიანდა. 1970-იანი წლებიდან მუზარადი რუმინეთის ეროვნული ისტორიის მუზეუმში ინახებოდა. დადგინდა, რომ იგი უცნობი, ადგილობრივ დაკელი მეფის ან არისტოკრატის კუთვნილება იყო.

წყარო