ახალი სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ყოფილი სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაური დაკვეთილი მკვლელობების შესრულებისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან მილიონობით დოლარს იღებდა.
სავარაუდოდ, სწორედ დაქირავებული მებრძოლი აბრაამ გოლანი დგას იემენის წარმომადგენელთა პალატის წევრის ანსაფ ალი მაიოს მკვლელობის წარუმატებელი მცდელობის უკან, გოლანის წინააღმდეგ სარჩელი თავად სასწაულებრივად გადარჩენილმა ალი მაიომ შეიტანა.

2015 წლის აგვისტოში გოლანმა, ყოფილ "Navy SEAL" -ის წევრ ისაკ გილმორთან ერთად, სან-დიეგოს რანჩო "სანტა ფეში", "სპეციალური ოპერაციების" ჯგუფი დააარსა.
ჯგუფს თვეში $1.5 მილიონს უხდიდნენ, დამატებითი ბონუსები ირიცხებოდა წარმატებული მკვლელობებისთვის.
დოკუმენტების მიხედვით, შეთანხმება აბუ-დაბიში, სამხედრო ბაზის ოფიცერთა კლუბში მდებარე იტალიურ რესტორანში, ლანჩის დროს გაფორმდა. მხარეებს შორის შუამავლის როლს მუჰამედ დაჰლანი, პალესტინის ავტონომიის ყოფილი უსაფრთხოების ხელმძღვანელი ასრულებდა.
"იემენში არსებობდა მიზნობრივი მკვლელობების პროგრამა. მას მე ვხელმძღვანელობდი" - მოყვანილია სარჩელში გოლანის სიტყვები.
შეთანხმების შემდეგ ჯგუფში ყოფილი სამხედროები აიყვანეს, რაც მნიშვნელოვან არგუმენტს წარმოადგენდა საამიროებისთვის წინადადების შეთავაზებისთვის. ახალ წევრებს შორის იყო დეილ კომსტოკი, აშშ-ის სპეციალური ძალების ყოფილი მებრძოლი, რომელსაც მკვლელთა ჯგუფის ხელმძღვანელობისთვის თვეში $40,000 და ბონუსები უხდიდნენ.

ჯგუფი დეკემბრისთვის შეიკრიბა. მათი თქმით, ისინი იემენში ნიუ-ჯერსის ტეტერბოროს აეროპორტიდან ჩარტერული რეისით გაფრინდნენ, თან წაიღეს ჯავშან-ჟილეტები და სპეციალური მოწყობილობები ასაფეთქებელი ნივთიერებების მოსამზადებლად. ჯგუფის ბარგი რამდენიმე კვირის სამხედრო საკვებისა (“ready-to-eat“) და სამ ყუთ ვისკის ითვლიდა, რადგან იემენში ალკოჰოლის შოვნა შეუძლებელი იქნებოდა.
სარჩელის მიხედვით, დაქირავებული მკვლელების მთავარი სამიზნე მაიო იყო, რომელიც გასანადგურებელთა სიაში პირველ ადგილზე იდგა. ანსაფ ალი იემენის სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფის წევრი იყო, რომელიც საამიროების მოწინააღმდეგე “მუსლიმთა საძმოსთან“ იყო დაკავშირებული.
გეგმა ადენში, ალ-ისლაჰის შტაბ-ბინაში, სადაც მაიო მუშაობდა, აფეთქების მოწყობას ითვალისწინებდა, რის შემდეგაც გადარჩენილების ლიკვიდაცია უკვე მცირე იარაღით უნდა მომხდარიყო.

დრონით გადაღებულმა კადრებმა დრამატული თავდასხმა დააფიქსირა, ჯგუფი შტაბთან მივიდა, სადაც კომსტოკმა, სავარაუდოდ, შრაპნელით დატვირთული ასაფეთქებელი დაამონტაჟა და ააფეთქა.

ძლიერმა აფეთქებამ შენობა შეარყია, გაისმა სროლის ხმა, შემდეგ კი მეორე აფეთქება მოხდა, რა დროსაც დანაღმული პიკაპი აფეთქდა, რომელიც დამატებითი ნგრევის გამოსაწვევად იყო განკუთვნილი.
„ვაპირებდი კარის გაღებას, რამდენიმე ხელყუმბარის შეყრას, შემდეგ შიგნით შესვლას და ყველასთვის სროლის ატეხას" - აცხადებს კომსტოკი დოკუმენტების მიხედვით.

ამჟამად ანსაფ ალი მაიო საუდის არაბეთში, ემიგრაციაში ცხოვრობს და ამტკიცებს, რომ "ფსიქოლოგიური და ემოციური ტრავმა" მიიღო.
სარჩელის მიხედვით, გოლანი საამიროებისთვის მკვლელობის გეგმებს სან-დიეგოს პრესტიჟულ გარეუბანში მდებარე იმ $7 მილიონიან სასახლეში ადგენდა, რომელიც მდიდრულ გოლფის მოედანს ესაზღვრებოდა.
სწორედ ამ სასახლეში შეხვდა გოლანი კომსტოკს და საამიროებისთვის დაქირავებული მკვლელობის შესრულების მიზნით შექმნილი კომპანია “Spear“ -ის ხელმძღვანელობა შესთავაზა. კომსტოკი დათანხმდა და მეთაურის თანამდებობა მიიღო, $40,000 და ბონუსებთან ერთად.

ჯგუფის კიდევ ერთი წევრი ისაკ გილმორი “Spear“ -ის ოპერაციების დირექტორად 2015 წლის ოქტომბერში დაინიშნა, მანამდე ის “Navy SEAL“-ში მსახურობდა, საიდანაც შემთხვევით დაჭრის ფაქტის გამო გაათავისუფლეს.
თავად მაიო ამჟამად განმარტოებით ცხოვრებას ეწევა, ოჯახს რომელიც იემენში დარჩა, ის წელიწადში ერთხელ ხვდება. მის სარჩელში მოპასუხეებად გოლანი, გილმორი და კომსტოკი არიან დასახელებული. გილმორი აშშ-ის მოქალაქეა და სან-დიეგოში ცხოვრობს, გოლანი ისრაელ-უნგრეთის მოქალაქეა და კონექტიკუტის ვესტპორტში იმყოფება, ხოლო აშშ-ის მოქალაქე კომსტოკი ინდონეზიაში ცხოვრობს.
სარჩელის მიხედვით, მაიოზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ ჯგუფმა საამიროების დაკვეთით იემენში მიზნობრივი მკვლელობები გააგრძელა . “Spear“-ი რამდენიმე გახმაურებულ ლიკვიდაციაზე არის პასუხისმგებელი.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფს განცხადების თანახმად “არსებობს საკმარისი საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ადენში ჩატარებულ 10 მკვლელობაზე არიან პასუხისმგებელი.“