ავტორი:

ირანის თავზე ამერიკული F-15 ჩამოაგდეს - ანონიმური წყაროების თანახმად, ეკიპაჟიდან ერთი წევრი გადარჩა, მეორის ბედი უცნობია

ირანის თავზე ამერიკული F-15 ჩამოაგდეს - ანონიმური წყაროების თანახმად, ეკიპაჟიდან ერთი წევრი გადარჩა, მეორის ბედი უცნობია

ომის 35-ე დღეს, პარასკევს, ირანის თავზე პირველად ჩამოაგდეს ამერიკული თვითმფრინავი F-15E.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი განაცხადა, რომ ირანში ფოლადის მრეწველობის სიმძლავრეების 70% განადგურებულია. ირანმა კი დარტყმებს რაკეტებისა და დრონების გაშვებით უპასუხა - საამიროებსა და ქუვეითში უკვე მერამდენედ დაზიანდა გაზის კომპლექსი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და გამამტკნარებელი სადგური.

  • აშშ-მა პირველი თვითმფრინავი დაკარგა

პარასკევს, ირანის დასავლეთით, ამერიკული თვითმფრინავი F-15E Strike Eagle ჩამოაგდეს. ომის 35 დღის განმავლობაში, ეს არის ირანის მოწინააღმდეგეების (ისრაელისა და აშშ-ის) პირველი საჰაერო დანაკარგი.

ამერიკელმა სამხედროებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს ირანის თავზე მფრინავი ოთხძრავიანი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი. BBC-იმ მოახდინა ვიდეოს გეოლოკაცია - იგი გადაღებულია ხუზესტანის პროვინციაში, მდინარე კარუნზე მდებარე ხიდთან, იმ რაიონის მახლობლად, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა. სამხედრო ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ მსგავსი ავიაჯგუფი ნამდვილად შეიძლება ახორციელებდეს სამძებრო-სამაშველო ოპერაციას.

  • საღამოს, ამერიკულმა ანონიმურმა წყაროებმა ტელეკომპანია CBS-ს განუცხადეს, რომ ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთი გადარჩენილია. მეორე პილოტის ბედი საღამოსთვის ჯერ კიდევ უცნობი რჩებოდა.

სავარაუდოდ, კატაპულტირებული პილოტების ძებნა დაუყოვნებლივ დაიწყო "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმაც“ (IRGC). ამავდროულად, ირანულმა პრესამ გამოაცხადა, რომ ქოჰგილუიე და ბოიერაჰმედის პროვინციის ბიზნესმენებმა (სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა) 100 მილიარდი რიალის (დაახლოებით 50 ათასი დოლარი) ოდენობის ჯილდო დააწესეს მათთვის, ვინც პილოტებს იპოვის.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია მომხდარის შესახებ.

ცნობისთვის:

F-15E Strike Eagle არის ორადგილიანი გამანადგურებელ-ბომბდამშენი, ძველი F-15-ის 1988 წლის მოდიფიკაცია. მისი ღირებულება, დაახლოებით, 100 მილიონ დოლარამდე აღწევდეს.