"ერთი პერიოდი მჯეროდა, რომ აქედან ვერ გამოვიდოდი და ეს უკვე რაღაც ჩემი განუყოფელი ნაწილი იქნებოდა, მაგრამ დღეს სხვა სურათია," - გვეუბნება 22 წლის ანასტასია ცერცვაძე, რომელიც ანორექსიის დიაგნოზი ფაქტობრივად უკან ჩამოიტოვა.
"მრავალი სოციალური როლი მაქვს - ვარ თანამშრომელი, შვილი, მეგობარი, ბევრი ასპექტია, მრავალმხრივი ინტერესი მაქვს. დასაქმებული ვარ "საქართველოს ბანკში", დისტანციური მომსახურების მენეჯერი ვარ. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ბაკალავრის დიპლომი ავიღე. შემოქმედებითი ადამიანი ვარ, მთელი ცხოვრება, რაც თავი მახსოვს, დღიურებს ვწერდი. წერა ძალიან მიყვარს. ასევე ცეკვა, სიმღერა, კითხვა, ფილმების, სერიალების ყურება, სპორტი. ჩემთვის ნომერ პირველი სახეობა ცურვა და სრიალია, მეორე ადგილას - ჯირითია. მიყვარს პიანინოზე დაკვრა და უცხო ენების სწავლა" - ასე გაგვეცნო ანასტასია, რომელსაც ვთხოვე, გადატანილ პრობლემაზე მოეთხრო...
"სანამ ჩემს ისტორიას მოვყვები, ვიტყვი, რომ დიდი შეცდომაა ის, რომ ადამიანები და ზოგადად სოციუმი პრობლემად აღიქვამს და შეუსაბამო ქართული თარგმანს უკეთებს იმას, რომ ეს „აშლილობაა“. ეს თავდაცვითი მექანიზმია და გამომუშავებულია იმისთვის, რომ ორგანიზმმა ფსიქიკა დაიცვას. ტკივილმა, განცდამ, ემოციებმა, რომელიც გაწუხებს, რაც დიდი ხანი გროვდება, შეუძლებელია, არ ამოხეთქოს. ამის გამო ადამიანის ფსიქიკას თუ ჯანმრთელობას ბევრად უარესი შეიძლება დაემართოს, ვიდრე ამ დიაგნოზით. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რაც გამოცდილებამ და დრომ მანახა. ამასთან გამკლავება ბევრი გზით შეიძლება, მაგრამ ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ძალიან დიდ დროს და რესურსს მოითხოვს, ისაა, რომ საკუთარ თავთან იყო გულწრფელი და საკუთარ ტკივილებს, გულს, ტვინს მოუსმინო, რას გეუბნება. ჩვენს შინაგან სამყაროში თუ წლების მანძილზე ის ჩავიკალით, რაც გვაწუხებს, არ გამოვუშვით იმიტომ, რომ სხვის დასანახად კარგები, ბედნიერები, წარმატებულები, ჯანმრთელები ვჩანდეთ, საბოლოოდ ეს ჩვენს ჯანმრთელობას და ფსიქიკას დიდ დაღს დაასვამს. შესაბამისად, ეს არ არის აშლილობის ფორმა, ერთ-ერთი თავდაცვის მექანიზმია იმ სტრესის, განცდის თუ ართქმული სიტყვების პასუხი. აქვე ჩვენი მცველი - როგორც ამას ჩემი თერაპევტი იტყოდა,“ - განმარტავს ჩვენი რესპონდენტი.

- ამბავი როგორ დაიწყო...
- გამხდარი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ყოველთვის მინდოდა, რომ გამხდარი ვყოფილიყავი. პუტკუნადაც არ ვითვლებოდი, საშუალო აღნაგობა მქონდა. ცოტას თუ მოვიმატებდი, ამას მეგობრები, ახლობლები სხვადასხვა ფრაზებით ეხმაურებოდნენ: რომ წონა დასაკლები მაქვს, ურიგო არ იქნებოდა, ცოტა რომ დამეკლო და ა.შ. ვინაიდან ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ვარ, ის კომენტარები გულთან ახლოს მიმქონდა. რამდენიმე მწარე კომენტარიც მახსოვს და ხუმრობით ნათქვამიც... მოკლედ აქტიური „ზეწოლა“ იყო. ერთი პერიოდი „ჭამის ქალღმერთიც“ შემარქვეს. ისე, გემრიელი ჭამა ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო. გურმანიც ვარ. კერძების მომზადებაც მიყვარს... პანდემიის დროს სახლში რომ ჩავიკეტეთ, ძალიან მოვიმატე და მაგ დროს წონის მომატებას ბევრი უჩიოდა...
მაღალი თვითშეფასება არასდროს მქონია და ამის ფონზე კიდევ უფრო წამოვიდა კომენტარები და გამოხმაურება, მათ შორის, ოჯახის წევრებისგანაც (ცხადია, არა ცუდი განზრახვით), მაგრამ ის ნათქვამი ჩემში ხომ ილექებოდა და თავის საქმეს მაინც აკეთებდა?!ერთი პერიოდი ინტენსიური ვარჯიში და დიეტა დავიწყე. შეიძლებოდა სამი დღე არ მეჭამა იმისთვის, რომ როგორმე წონაში დამეკლო. მერე იმას მოსდევდა გადაჭარბებული საკვების მიღების ეპიზოდები... ხან ვიმატებდი, ხან ვიკლებდი და წონის ასეთი მერყეობაც მაწუხებდა. ლოქდაუნი რომ გამოცხადდა, აბიტურიენტი ვიყავი. ეს აქტიური ადამიანი ერთ ადგილას ჩაკეტილი რომ აღმოვჩნდი, ეს მდგომარეობა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი აღმოჩნდა. უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი. კომენდანტის საათმა განსაკუთრებით იმოქმედა. ვიჯექი და მხოლოდ ვმეცადინეობდი, მქონდა ონლაინგაკვეთილები.
- ამასობაში სტრესის დონეც სავარაუდოდ იზრდებოდა, ხომ?...
- იმიტომ, რომ "ეროვნულები" ახლოვდებოდა. მოწოდებით პერფექციონისტი და მაქსიმალისტი ვარ. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, საკმარისი არ არის. საკუთარი თავისგან გადაჭარბებული მოლოდინები მქონდა, რადგან მიმაჩნდა, რომ სამყაროს ასეთივე მოლოდინები ჰქონდა ჩემგან... დედისერთა შვილი ვარ, 7 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. მისგან დამოკიდებულების ხაზი სულ მომყვებოდა და ესეც თავისას შვრებოდა.

- ალბათ თქვენი ოჯახის ტრაგედიამაც თავის კვალი დატოვა, როდესაც მცირეწლოვანი ძმა დაკარგეთ, ხომ? შემდეგ კი, როგორც ვიცი, ჯანმრთელობის პრობლემა დედასაც შეექმნა...
- ჩემი ძმა რომ დაიღუპა, 1 წლის ვიყავი და თან ეგ ამბავი ჩემი დაბადების დღის მეორე დღეს მოხდა. მოკლედ, ამ ყველაფრის გამო დედისერთად გავიზარდე. ჩემს თვითშეფასებაზე გავლენა ბევრმა რამემ იქონია. ეს ტკივილი კი საბოლოოდ კვებამდე დავიდა. მერე ძალიან ერთბაშად მომიწია ყველაფრის გააზრება, თუნდაც იმის, რას ნიშნავს დამოკიდებულება, რასაც მამაჩემი ებრძოდა და საბოლოოდ შეეწირა კიდევაც. რას ნიშნავს ტრავმირებული ადამიანი, ტკივილი და ბევრი რამ. მოკლედ, ამ ყველაფერმა გამოსავალი იპოვა და ამ კუთხით ამოხეთქა. ყველაზე სუსტი წერილი, აქილევსის ქუსლი სადაც იყო, იმ ადგილს დაარტყა...აბიტურიენტობის პერიოდში სტრესის ფონზე ყველაზე მძიმე პერიოდი მქონდა. ჩემი პერფექციონიზმიდან გამომდინარე, სკოლა იდეალურად უნდა დამემთავრებინა და წარმატებით ჩამებარებინა გამოცდები. მასწავლებლებისთვის იმედები არ უნდა გამეცრუებინა, 100%-იანი გრანტით უნდა მოვხვედრილიყავი თავისუფალ უნივერსიტეტში. სხვა ვარიანტს, ალტერნატივას არც განვიხილავდი.
- სკოლა, როგორც ვიცი, წარმატებით დაამთავრეთ...
- ოქროს მედალზე. „ეროვნულები“ საუკეთესო შედეგით დასრულდა. თუმცა ამასობაში ჩემს კვებით აშლილობას ბულემიის სახეს გულისრევის ეპიზოდები დაემატა.

- ეს ხელოვნურად იყო გამოწვეული?
- არა. არანაირი საშუალებისთვის არ მიმართავს. ყველაფერი ძალდატანების გარეშე ხდებოდა. შეიძლება სურვილი ჩემგან მოდიოდა, ანუ ტვინი აძლევდა ამას იმპულს და ყოველი კვების შემდეგ გული მერეოდა. ფაქტობრივად არაფერი მერგებოდა. ის ყველაფერი 2021 წლის მარტში დაიწყო და ახლა დასრულდა.
- და ეს იყო წონაში საგრძნობი კლება?
- ჩემი ჯანმრთელობა ნელ-ნელა რეგრესისკენ მიდიოდა. დაიწყო თმის ცვენა, პრობლემები გაჩნდა კბილებზე, წამოვიდა კანის სიმშრალე, ფრჩხილები მემტვრეოდა, მუცლის არეში მუდმივი წვა მქონდა, ასევე სიმძიმე კუჭის არეში. ვცდილობდი, რამე შემერგო, მაგრამ გამორიცხული იყო. ამასთან ყოველდღიურობაში მქონდა კონცენტრაციის ნაკლებობა, გაღიზიანება, აგრესიასაც, ზედმეტი ემოციურობა... წონა სულ მერყეობდა, ხან ვიმატებდი, ხან ვიკლებდი, მაგრამ 2024 წელს ზაფხულში 40 კილოზე ჩამოვედი და მუდმივად გული მიმდიოდა. ფაქტობრივად განადგურებული ვიყავი...

- დიაგნოზი მაშინვე დაისვა?
- დიდი ხანი დიაგნოზს არავინ მისვამდა, ყველა მედიკოსი ძირითადად რეფლექსს, გასტრიტს, სტრესს აბრალებდა... დიაგნოზი იყო კვებითი აშლილობა, მაგრამ ექიმები ამას გვერდს უვლიდნენ, არ ამბობდნენ. მერე ჩემს თავს თვითონ დავუსვი დიაგნოზი, რადგანაც მივხვდი, ეს ყველაფერი საით მიდიოდა... ჩემი თვითდასმული დიაგნოზი ნერვული ანორექსია - 2 წლის მერე დადასტურდა, თურმე მართალი ყოფილა. იმ პერიოდში ჩემს ყოველდღიურობას და საკუთარ თავს გავურბოდი, ჩემს სახეში სილუეტს ვეღარ ვხედავდი და ვერ ვცნობდი. გაქცევას ვცდილობდი. ამის პარალელურად უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი, თან მოსწავლეებს უცხოურ ენებში ვამეცადინებდი, რომ არაფერზე მეფიქრა, არ მეგრძნო, არ განმეცადა...
- და მერე რა მოხდა?
- მერე კლინიკაში აღმოვჩნდი იმიტომ, რომ ერთ დღეს გული წამივიდა ისე, რომ რამდენიმე საათი ვერ მომასულიერეს. ეს ეპიზოდი დედაჩემის ხელში მოხდა. წარმოგიდგენიათ, მარტოხელა დედისთვის, რომელსაც ერთადერთი შვილი ჰყავს, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა მასაც რომ აქვს და ეს ჩემთვისაც რას ნიშნავდა?! მაშინ როცა იმ მენტალობით გავიზარდე, რომ დედა ზედმეტად არ უნდა ვანერვიულო, იმედები არ გავუცრუო... სამი თვე კლინიკაში ვიყავი, ანუ მენტალური ჯანმრთელობის რეაბილიტაციის ცენტრში.
პირველი თვე გადასხმები მიკეთდებოდა. მხოლოდ იქიდან გამოსვლაზე ვფიქრობდი, რადგან ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ჩემი ცხოვრება წამერთვა. არადა, 24-საათიან კონტროლი მქონდა. 2024 წლის 12 ოქტომბერს 26 დეკემბრამდე იქ ვიყავი. ექიმებმა ძალიან იყოჩაღეს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დაღი და გახსნილი იარა მქონდა. მათ თავსა და ბოლოში ვერავინ ჩადიოდა, გასაღებს ვერ პოულობდა, რომ საბოლოოდ ეშველათ. შიგნიდან ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს დიდხანს არ დამთავრდებოდა, სანამ საკუთარ თავს არ მოვუსმენდი და საკუთარ თავთან ჰარმონიას ვერ დავიჭერდი. ჩემი თავი უნდა მიმეღო, შემეყვარებინა, პატივი მეცა. არ იყო ადვილი, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე, ამას მოვერიე. რეალურად გამორჩეულად სასიამოვნო პროცესი საკუთარ თავთან დაახლოებაა, საკუთარი თავის გაცნობა, თავთან მარტო დარჩენა და მისი გაგება.

- ეს როგორ ხდება?
- ადამიანი ხომ მდიდარი შინაგანი სამყაროს მქონეა, რომელიც საკუთარ თავს სწავლობს, მაგრამ მაინც ამოუწურავი ფიალაა მისი შინაგანი სამყარო. ყველა თავისებურად უნიკალურია. შესაბამისად სანამ ამ უნიკალურობას არ აღმოაჩენ, რა ხდის ადამიანს უნიკალურად, მანამდე, რაღაც დონეზე თვითკმარი ვერ იქნები. ეს რომ მოხდეს, საჭიროა, საკუთარ თავში ის დეტალები, ის სინათლე და უნიკალურობა დაინახო, რაც გვაქვს. ამ დიაგნოზმა რამდენი ტკივილი და პრობლემაც მომიტანა, იმდენადვე მადლიერი ვარ. ხანგრძლივი პროცესი გავიარე. ჩემმა დაქალმა ასეთი ფრაზა მითხრა და გონებაში ჩამრჩა - "ჩვენი ცხოვრება არის პროცესი აფრენიდან დაცემამდე"... ამ ციკლში ბევრი დაცემა იყო, მაგრამ იმდენად სასიამოვნოა აფრენის პროცესი, ამაღლების, თითქოს ერთდროულად ყველა მწვერვალს იპყრობ. დღეს საკუთარ თავთან კომფორტულად ვარ, მომწონს ჩემი თავი.
- სხვებს რა რჩევას მისცემდით... ვინც მსგავსი პრობლემის წინაშეა...
- კომპლექსური საკითხია. ეს ისეთი დიაგნოზი არ არის, როგორც მაგალითად, რომელიმე დამოკიდებულება. ეს დიაგნოზი ბევრ სხვა ასპექტს მოიცავს. ამიტომ დაინახეთ საკუთარი თავი ისე, როგორც სხვები გხედავენ, დაინახეთ ის სინათლე და უნიკალურობა, რაც ყოველ ჩვენგანშია და არ მისცეთ სოციუმს და ნეგატიურ დამოკიდებულებას რომ გმართოთ. ბევრს არწმუნებენ, ეს დიაგნოზი თავზე მოხვეულიაო, რაც იმას გულისხმობს, რომ აკვიატებასავით არის და ამას ადამიანები თავს თვითონ დამართებენ ხოლმე. ეს ჰაერიდან და ციდან მოტანილი აკვიატება სულაც არ არის. იმის აფირმაციაა, რომ რაღაც არასწორად არის, რაღაც საშველია, მისახედია. გარკვეული ჭანჭიკი თავის ადგილას არ ზის, მაგრამ ეს დროებითი შეფერხებაა. ეს არის პროტესტის გამოხატულება და იმის გამოხატულება, რაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ითქვა და დაგროვდა.
ამიტომ, მინდა ყველამ გაიაზროს და არავინ თქვას, რომ ეს ვინმეს მიერ ძალითაა გამოწვეული. ყველას ვურჩევ, არ დასტრესონ ადამიანი, რომელიც ისედაც ძალიან დიდ ტკივილს ატარებს და ბევრის გადატანა უწევს. ახსოვდეთ, რომ ეს სამუდამო პრობლემა არ არის. სხვათა შორის დღეს როგორც ბევრი გოგო, ასევე ბიჭიც არის ამ დიაგნოზის პირისპირ. ამიტომ სასურველია, ამაზე ყველამ გახსნილად ილაპარაკოს. არ შერცხვეთ და არ იფიქრონ, რომ ამ პრობლემასთან პირისპირ მარტო არიან... ძალიან მნიშვნელოვანია, ინდივიდუალურად ვიპოვოთ ისეთი ფსიქოთერაპევტი იმ მოცემულობაში, რომელიც ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი იქნება. ჩემ შემთხვევაში ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა.