31 წლის ასაკში თურქი მსახიობი რამაზან თეთიკი გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი აორტის დისექცია (გაშრევება) და ოპერაციის შემდგომი გართულებები გახდა. მსახიობი, რომელიც მაყურებელმა ბოლო დროს პოპულარულ სერიალ „ეშრეფის სიზმარში“ ჩაღათაი ულუსოისა და დემეთ ოზდემირის გვერდით იხილა, სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა.
საბედისწერო დიაგნოზი და 13-საათიანი ოპერაცია
თეთიკის ჯანმრთელობის პრობლემები მოულოდნელად დაიწყო. მას აორტის დისექციის დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც სასწრაფო ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. თურქული მედიის ინფორმაციით, ოპერაცია უკიდურესად რთული აღმოჩნდა და 13 საათს გაგრძელდა.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში მსახიობი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელებში მისი კოლეგები და ახლობლები მოსახლეობას სისხლის დონაციისკენაც მოუწოდებდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კოლეგების მოგონებები: "ის კურიერადაც მუშაობდა“
რამაზან თეთიკის გარდაცვალებამ დიდი ტკივილი მიაყენა მის კოლეგებს. მსახიობმა ჩიგდემ თუნჩმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
"ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ზრდილობიანი, მოსიყვარულე და ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობი, ვისაც კი ვიცნობდი. ის არასდროს აცდენდა რეპეტიციებს და პარალელურად კურიერადაც მუშაობდა, რათა თავი შეენახა. ძალიან ვწუხვარ.“
უკანასკნელი გზა
მსახიობის დაკრძალვის ცერემონია 2 აპრილს გაიმართა. შუადღის ლოცვის შემდეგ, იილდიზის მეჩეთში პანაშვიდი ჩატარდა, რის შემდეგაც რამაზან თეთიკი ესქი ჩექმექოის სასაფლაოზე დაკრძალეს.
წაიკითხეთ ასევე: