აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მიერ ჩამოგდებული F-15E ტიპის ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის გადარჩენილი წევრი უსაფრთხოდ და უვნებლად არის.
მისი ინფორმაციით, ეკიპაჟის დაკარგული წევრი, "ძალიან პატივცემული პოლკოვნიკია“, რომელიც ირანის მთებში იმყოფებოდა და "მტერი მას ყოველ საათში უფრო და უფრო უახლოვდებოდა“.
მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა სამხედრო ისტორიაში, როდესაც ორი ამერიკელი პილოტი, ცალ-ცალკე, მტრის ტერიტორიის სიღრმეში გადაარჩინეს.
"ჩემი მითითებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა მის გამოსაყვანად გაგზავნეს ათობით თვითმფრინავი, რომლებიც აღჭურვილი იყო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ლეტალური იარაღით. მან მიიღო დაზიანებები, თუმცა კარგად იქნება. ეს სასწაულებრივი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ემატება გუშინ წარმატებით განხორციელებულ კიდევ ერთი მამაცი პილოტის გადარჩენას, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ დაგვიდასტურებია, რათა საფრთხე არ შეგვექმნა მეორე სამაშველო ოპერაციისთვის. სამხედრო ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ორი ამერიკელი პილოტი, ცალ-ცალკე, მტრის ტერიტორიის სიღრმეში გადაარჩინეს“, - დაწერა ტრამპმა.
"ჩვენ არასდროს დავტოვებთ არცერთ ამერიკელ მებრძოლს! ის ფაქტი, რომ შევძელით ორივე ოპერაციის განხორციელება ერთი ამერიკელის დაღუპვის ან თუნდაც დაჭრის გარეშე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მივაღწიეთ ირანის ცაზე საჰაერო უპირატესობას. ეს არის მომენტი, რომლითაც ყველა ამერიკელმა, "რესპუბლიკელმა“, "დემოკრატმა“ და ყველა დანარჩენმა, უნდა იამაყოს და მის გარშემო უნდა გაერთიანდეს. ჩვენ ნამდვილად გვყავს საუკეთესო, ყველაზე პროფესიონალი არმია მსოფლიო ისტორიაში. ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ჯარები და ყველას გილოცავთ აღდგომას!“- დაწერა ტრამპმა. ცნობისთვის, ამერიკული F-15E ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ირანში 3 აპრილს ჩამოაგდეს. თვითმფრიბავის ეკიპაჟის ერთი წევრი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს, მეორე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.