ადვოკატი, თამთა მიქელაძე განმარტავს, რა ვითარებაში მოხდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაკავება.
"ბოლო დღეებში მოულოდნელი და მძიმე მოვლენები ვითარდებოდა აფგან სადიგოვის საქმეზე. 1-ელ აპრილს აზერბაიჯანის სახელმწიფომ გამოაგზავნა წერილი, სადაც ის აცნობებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ აფგან სადიგოვის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და ის ექსტრადიციის პროცესს უკან ითხოვდა.
2 აპრილს ჩვენ ამის შესახებ გვეცნობა. 3 აპრილს საქართველოს პროკურატურა შევიდა სასამართლოში შუამდგომლობით სადიგოვის მიმართ გირაოსა და ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვის მოხსნის შესახებ.
მოულოდნელად, შაბათს, ღამით მას შეუვარდნენ სახლში, გატეხეს კარი, აგრესიული მანერით დააკავეს. ჩვენთვის ბუნდოვანი იყო რა ხდებოდა მის თავს. მოგვიანებით გავიგეთ, რომ შსს სადიგოვს მის სრულიად უწყინარ პოსტზე ედავებოდა, რომელიც პოლიციისთვის შეურაცხყოფად იყო მიჩნეული. ამ სიტყვაში ერთი შეურაცხყოფაც კი არ არის. უფრო მეტი, პოეტურად გამოხატავს გარკვეულ ირონიას საპოლიციო რეპრესიის მიმართ. პოლიციის მხრიდან საეჭვო მობილიზაციამ აჩვენა სუს-ის ჩართულობა, რომელმაც მიუთითა, რომ სადიგოვი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. სავარაუდოდ, მათ დეპორტაციის პროცესის დაწყება უნდოდათ. ეს ასე მოხდა და სასამართლომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სრული უგულებელყოფით, მათ შორის იმის უგულებელყოფით, რომ სადიგოვს ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვება შეეძლო, მისი პირდაპირ და დაუყოვნებლივ აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს“,-განაცხადა მიქელაძემ.
მისი განმარტებით, სასამართლომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ტესტი არც წაიკითხა და საქმეს არც კი დაურთო.
"შსს-ის განმარტება არის ტყუილი, უკანონო და ევროპული კონვენციის სრულიად შეუსაბამო ინტერპრეტაცია - თითქოს აზერბაიჯანის მხრიდან ექსტრადიციის გამოთხოვნამ ძალა დაუკარგა დროებით ღონისძიებას. ეს ასე არ ხდება ფორმალურადაც და პროცედურულადაც კი. სასამართლოს სჭირდება გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას შსს და ქართული სასამართლო ვერ დაადასტურებს. ვნახეთ, რომ მას ქვეყნიდან ნებაყოფლობითი გასვლის უფლებაც არ მისცეს. ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი აქვს და ძალიან ადვილად შეიძლებოდა მისი ქვეყნიდან გასვლა. ამას რამდენიმე დღე სჭირდებოდა, მაგრამ ჩვენ ერთი დღეც არ მოგვცეს, რომ წარგვედგინა დოკუმენტები და გარკვეული წერილები იმ ევროპული სახელმწიფოსთვის, სადაც მისი გადაყვანა მზადდებოდა“,-განაცხადა მიქელაძემ.
მისი თქმით, სამართლიანობის აღსადგენად ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებენ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება ღამის 4:00 საათზე მიიღო.
საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები, თუმცა შსს დასძენს, რომ სადიგოვის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.