ირანში ჩარჩენილი მფრინავის პოვნის მიზნით აშშ-ის მიერ განხორციელებული მისიის დროს მტრის რამდენიმე თვითმფრინავი განადგურდა, - ამის შესახებ "ირანის რევოლუციური გვარდიის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა.
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის "ხატამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ჩამოგდებულ თვითმფრინავებს შორის იყო C-130 ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი, ასევე Black Hawk-ის ტიპის ორი ვერტმფრენი.
ცნობისთვის, ირანში 3 აპრილს ამერიკული F-15E ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თვითმფრინავის ეკიპაჟის ერთი წევრი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს, მეორე კი დაკარგულად ითვლებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეერთებული შტატების სამხედროებმა აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაბედული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახორციელეს და დაკარგული პილოტი ნახეს.
"ჩემი მითითებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა მის გამოსაყვანად გაგზავნეს ათობით თვითმფრინავი, რომლებიც აღჭურვილი იყო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ლეტალური იარაღით. სამხედრო ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ორი ამერიკელი პილოტი, ცალ-ცალკე, მტრის ტერიტორიის სიღრმეში გადაარჩინეს“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი მტკიცებით, ორივე ოპერაცია ისე ჩატარდა, რომ არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.