ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული.
საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები, თუმცა შსს დასძენს, რომ სადიგოვის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.