ავტორი:

თბილისის “პირველი დაღმართი“, რომელიც ტერორისტის სახელს ატარებდა, მოგვიანებით კი მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქუჩად იქცა - თბილისის “გულის“, ელბაქიძის ქუჩის ისტორია

თბილისის “პირველი დაღმართი“, რომელიც ტერორისტის სახელს ატარებდა, მოგვიანებით კი მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქუჩად იქცა - თბილისის “გულის“, ელბაქიძის ქუჩის ისტორია

ათწლეულების მანძილზე, დროსთან ერთად, ქუჩებს, გამზირებს, პროსპექტებს, აღმართ-დაღმარებს, ჩიხებს, შესახვევებს, სანაპიროებს, მოედნებს სახელწოდება ეცვლება. ერთ საუკუნეში ისეთიც ყოფილა, რომ ერთი ობიექტისთვის დასახელება რამდენჯერმეც შეუცვლიათ. თუმცა ადამიანების გარკვეული ნაწილი მაინც ძველი სახელი მოიხსენიებს იმ ადგილებს. მაგალითად ელბაქიძის აღმართი, თუ დაღმართი (მე რომ მკითხოს კაცმა, მარჯანიშვილის ქუჩიდან აღმართია, რუსთაველის გამზირიდან - დაღმართი), რომელიც მოკლედ, დღეს მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქუჩაა, ზოგიერთი, ისევ ელბაქიძედ მოიხსენიებს...

მოკლედ, მიხეილ ჯავახიშვილის სახელს ვერის უბნის ის მონაკვეთი ატარებს, რომელიც “პირველი რესპუბლიკის“ მოედნიდან გალაკტიონის ხიდამდე გრძელდება. ისტორიული ადგილი და ქუჩაა. ის თბილისში XIX საუკუნეში გაჩნდა. მაგალითად 1876 წლის თბილისის გეგმაზე დატანილია როგორც “პირველი დაღმართი,“ 1897 წლის გეგმაზე - “ვერის დაღმართი,“ 1910 წლის გეგმაზე კი - “ვერის ხიდის“ ქუჩა...

1923 წლიდან მას “არკადი ელბაქიძის დაღმართი“ დაერქვა. მიხეილ ჯავახიშვილის სახელი კი 1995 წელს უწოდეს (მწერალი ამ ქუჩაზე 1931–1937 წლებში ცხოვრობდა). ქუჩის #21 ნომერში მწერლის მემორიალური სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს.

  • ქუჩის ისტორია

როგორც აღვნიშნეთ, ქუჩის ადრეული სახელი “ვერის დაღმართი“ - ვერის დაღმართის გაჭრის შემდეგ ეწოდა და “ვერის ხიდის“ მნიშვნელობაც იმ პერიოდიდან გაიზარდა. ამ გზით თულუხჩები ქალაქში წყალს ეზიდებოდნენ, ხოლო გზის მიმდებარე ფერდობები ნაგავსაყრელად იყო გამოყენებული. ვერის ახლანდელი “გალაკტიონის ხიდის“ აგების შემდეგ “კონკის“ ხაზი გაიყვანეს, 1905 წლიდან კი - ტრამვაის ხაზი.

1932 წელს დაღმართი გაფართოვდა, აიგო ახალი შენობები და ეს ადგილი მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი სერიოზული მაგისტრალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთად იქცა. ამით კავშირი მარტივად დამყარდა გოლოვინის პროსპექტთან (დღეს რუსთაველის გამზირი). ამან ასევე ხელი შეუწყო ახლო კავშირს ვერის უბანსა და რკინიგზის სადგურს შორის. ამ დაღმართზე იდგა თბილისის ცირკის ძველი შენობა...

  • როდის ეწოდა ამ ადგილს არკადი ელბაქიძის სახელი

1919 წლის 13 სექტემბერს ვერის დაღმართზე არკადი ელბაქიძის მიერ ტერორისტული აქტი მოეწყო, რომლის შედეგადაც ყუმბარით მძიმედ დაიჭრა საქართველოში გენერალ ანტონ დენიკინის პირადი წარმომადგენელი გენერალი ნიკოლოზ ბარათოვი. ტერორისტულ აქტში არკადი ელბაქიძესთან ერთად მონაწილეობდნენ - ვასილ (ვასიკო) წივწივაძე, ტიტე ლორთქიფანიძე, დანდუროვი და სხვ. ტერორისტული აქტის დროს დაიღუპა თვით არკადი ელბაქიძეც.

  • ვინ იყო არკადი ელბაქიძე

არკადი ყარამანის ძე ელბაქიძე დაიბადა 1879 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ წესში. ის იყო ტერორისტი, საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, 1905 წლიდან ბოლშევიკური პარტიის წევრი.

1905-1907 წლების რევოლუციის დროს მონაწილეობდა შორაპნის მაზრის გლეხთა შეიარაღებულ აჯანყებაში. ორჯერ დააპატიმრეს, მაგრამ ორჯერვე გაიქცა. არკადი ელბაქიძე მონაწილეობდა 1907 წლის 13 ივნისს თბილისში, ერევნის მოედანზე მომხდარ გახმაურებულ ტერორისტულ აქტში, როდესაც პოლიციასთან შეიარაღებული შეტაკებისას გაიტაცეს 250.000 მანეთის ოდენობის თანხა. 1912 წელს ნოვოჩერკასკში დააპატიმრეს და მუდმივი კატორღა მიესაჯა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არკადი ელბაქიძე საპყრობილედან გათავისუფლდა და ტერორისტულ საქმიანობას დაუბრუნდა. 1918 წელს მონაწილეობდა რაჭა-ლეჩხუმის ამბოხებაში, რომლის დამარცხების შემდეგ საშა გეგეჭკორის რაზმს შეუერთდა. ამ რაზმთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღო 1918 წლის დუშეთის აჯანყებაში. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულმა ხელისუფლებამ დააპატიმრა და ჩრდილოეთ კავკასიაში გასახლეს. მუშაობდა თერგის საბჭოთა რესპუბლიკის საკანგებო კომისიაში (ჩეკაში).

1919 წლის შემოდგომაზე ელბაქიძე არალეგალურად დაბრუნდა თბილისში. 1919 წლის 13 სექტემბერში კი, როგორც აღვნიშნეთ თბილისში, ვერის დაღმართზე თავდასხმა მოაწყო გენერალ ანტონ დენიკინის პირადი წარმომადგენელზე, გენერალ ბარათოვზე, რომელიც ყუმბარით მძიმედ დაჭრა. საპასუხო სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი ელბაქიძე მდინარე მტკვარში ჩავარდა და დაიღუპა.

1928 წელს, სიკვდილის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ დააჯილდოვა წითელი დროშის ორდენით, ხოლო ვერის დაღმართს, მის პატივსაცემად, ელბაქიძის დაღმართი უწოდეს.

როგორც ცნობილია მიხეილ ჯავახიშვილი XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ, ამასთან 1921-1924 წლებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო ლიდერი გახლდათ.

მისი ერთ-ერთი ციტატაა: “შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი“. ჯავახიშვილის ნაწარმოებებში ასახულია იმ პერიოდში ერისთვის მტკივნეული საკითხები, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მისი პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოქვეყნდა.

წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში. 17 წლის მანძილზე ის ხალხის მტრის და ქვეყნის მოღალატის სახელს ატარებდა და მხოლოდ რეაბილიტაციის შემდეგ შეძლო ამ იარლიყის მოშორება.

  • ქუჩა, რომელზეც მიხეილ ჯავახიშვილი ცხოვრობდა

მიხეილ ჯავახიშვილს შეეძლო 1924 წლის მოვლენების შემდეგ საზღვარგარეთ წასულიყო და ბოლშევიკურ ხელისუფლებას გარიდებოდა. ის საფრანგეთში სწავლობდა და ფრანგული იცოდა, მაგრამ თავად არ ისურვა სამშობლოს დატოვება. ის ხედავდა, რომ ქვეყანაში არსებობდა დიქტაქტურა, განუკითხაობა და ცდილობდა, რაღაცით მაინც ეშველა თავისი ხალხისთვის.

1988 წელს მინისტრთა საბჭოს დადგენილების თანახმად ელბაქიძის დაღმართზე N 21-ში მდებარე სახლში გადაწყდა სახლ-მუზეუმის გახსნა.

მიხეილ ჯავახიშვილი ამ შენობაში 1913-1937 წლებში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. 1937 წლის რეპრესიების შემდეგ, საცხოვრებელი ბინა დაილუქა და მოხდა პირადი ნივთებისა და ავეჯის კონფისკაცია. მწერლის ოჯახი ცხოვრებას შუშაბანდიან ოთახში განაგრძობდა (25 კვ.მ), ხოლო, ბინის დანარჩენი ფართი საკუთრებაში მწერალ-კრიტიკოსს - შალვა რადიანს გადაეცა, რომელიც 1955 წლამდე, მწერლის რეაბილიტაციამდე ცხოვრობდა. პოლიტიკური რეპრესიების შედეგად ნივთების მცირე ნაწილი გადარჩა, დიდი ნაწილი კი განადგურდა. დაიკარგა მწერლის ხელნაწერები, ბიბლიოთეკის ნაწილი, უნიკალური პირადი ნივთები და სხვა.

1988 წელს, მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის გახსნის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 1997 წელს ბინა, მუზეუმის შესაქმნელად გადაეცა მწერლის უმცროს ქალიშვილს - რუსუდან ჯავახიშვილს, რომელიც ქალაქის მთავრობასთან შეთანხმებით, ოჯახთან ერთად თავის კუთვნილ ბინაში გადავიდა. მას მხარი მწერალთა კავშირმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა დაუჭირეს. მუზეუმში მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალების ნაწილი განთავსდა, ხოლო ძირითადი საარქივო მასალა მემკვიდრეთა საკუთრებაში დარჩა. მუზეუმში დაცულია მწერლის პირადი და მემორიალური ნივთები, უნიკალური საარქივო მასალა და საარქივო ჩანაწერები, ბიბლიოთეკა, ფონდი რომელიც ივსება და მდიდრდება მასალებით, მუზეუმის გამოცემები: რუსუდან ჯავახიშვილის ,,ილუსტრირებული ბიოგრაფიები“, მწერლის ფოტო-ალბომი, მიხეილ ჯავახიშვილის “უბის წიგნაკი“.

***

ასეა, ქალაქში გარკვეულმა ადგილმა შეიძლება, რაღაც ეტაპზე ტერორისტის სახელიც ატაროს და გარკვეული პერიოდის შემდეგ დიდი ქართველი მწერლისა და ეროვნული მოღვაწის... ეს ყველაფრი კი იმან გამახსენა, იმ დღეს ერთ-ერთი ქალბატონისგან რომ მოვისმინე - “ელბაქიძეზე“ ვიყავიო...