ავტორი:

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა - არის მსხვერპლი, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა - არის მსხვერპლი, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ

ისრაელის ქალაქ ხაიფაში მაშველები ირანის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებში მოყოლილ ოთხ ადამიანს ეძებენ.

The Times of Israel-ის ინფორმაციით, ხაიფას სახანძრო-სამაშველო სამსახური პოლიციასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობასთან და “მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურთან თანამშრომლობს იმისთვის, რომ ოთხ ადამიანამდე მიაღწიონ, რომლებიც სამაშველო სამსახურებთან კონტაქტზე ჯერრჯერობით არ გამოსულან.

“ამ ომის თვალსაზრისით, ეს არის ყველაზე მძიმე სცენა ჩვენს რაიონში დღემდე, მათ შორის ნგრევის მასშტაბის, სირთულის და, რა თქმა უნდა, მსხვერპლის გათვალისწინებით“, - ნათქვამია კობი მიზრაჰის განცხადებაში.

  • სარაკეტო თავდასხმას ისრაელის ქალაქ ხაიფაში, მსხვერპლი მოჰყვა. მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

“გრძელდება სამაშველო ოპერაცია და მცდელობა კიდევ ორი ​​ჩარჩენილი პირის მოსაძებნად“, - აცხადებენ სამაშველო სამსახურები.

დაშავებულია სულ მცირე ოთხი ადამიანი. The Times of Israel-ის ცნობით ქალაქ ფეთახ თიკვაში, მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს 34 წლის ქალი, რომელსაც რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა.

თელ-ავივში კი 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მსუბუქად დაშავდა.

გამოცემის ინფორმაციით, ირანულ რაკეტას კასეტური ბომბის ქობინი ჰქონდა, რის გამოც ბომბები ფართო ტერიტორიაზე გავრცელდა.

  • ირანის ცენტრალური სამხედრო სარდლობა ისრაელზე მიტანილ იერიშს ოფიციალურად გამოეხმაურა. მათი განცხადებით, “თუ სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმები განმეორდება, საპასუხო ოპერაციები გაცილებით დამანგრეველი იქნება.“

“თუ სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმები განმეორდება, ჩვენი შეტევითი და საპასუხო ოპერაციების შემდეგი ეტაპები გაცილებით დამანგრეველი და ფართომასშტაბიანი იქნება“, - ნათქვამია ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის პრესსპიკერის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის, ქვეყანაში სამშაბათს „ელექროსდგურების და ხიდების დღე იქნება“.

წყარო