ავტორი:

წყალდიდობა, მეწყრები და წყალსაცავის დამბის დაზიანებით გამოწვეული საფრთხე - რა ხდება დაღესტანში, სადაც ლამის ერთი კვირა გადაუღებლად წვიმდა?

წყალდიდობა, მეწყრები და წყალსაცავის დამბის დაზიანებით გამოწვეული საფრთხე - რა ხდება დაღესტანში, სადაც ლამის ერთი კვირა გადაუღებლად წვიმდა?

უკვე კვირაზე მეტი დაღესტანში წყალდიდობას ებრძვიან - 2026 წლის მარტის ბოლოდან მოყოლებული ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია სახლებისა და ელექტროსადგურების დატბორვა, ასევე მეწყრები. რუსეთის სინოპტიკური სამსახურების ცნობით, ასეთი მასშტაბის ნალექი რეგიონში დიდი ხნის განმავლობაში არ მოსულა. რესპუბლიკაში ათიათასობით ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე, დაზიანდა საავტომობილო გზები და რკინიგზის ინფრასტრუქტურა. მაჰაჩყალაში მრავალი ქუჩა დაიტბორა, ხოლო სხვადასხვა რაიონში დაფიქსირდა ღვარცოფების ჩამოწოლა.

რესპუბლიკის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა არაერთ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში, მათ შორის მაჰაჩყალაში.

დაღესტნის დერბენტის რაიონში ძლიერი წვიმებით გამოწვეული მდინარის გადმოსვლისა და გეჯუხის წყალსაცავის დამბის დაზიანების გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

ხელისუფლების განცხადებით, დერბენტის რაიონიდან პრევენციულად გეგმავენ 4165 ადამიანის ევაკუაციას, მათ შორის 823 ბავშვის. ისინი დროებითი განთავსების პუნქტებსა და ნათესავებთან გადაჰყავთ. დერბენტის რაიონის ხელმძღვანელის, ელმან ალაჰვერდიევის თქმით, კვირა საღამოს მდგომარეობით უკვე დაახლოებით 800 ოჯახი იყო ევაკუირებული.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?23" data-telegram-post="mchsrd/5147" data-width="100%" data-single></script>

რეგიონული ხელისუფლების განცხადებით, დაკარგული საცხოვრებლის კომპენსაციასა და დაზიანებული სახლების კაპიტალურ შეკეთებას 4 მილიარდ რუბლზე მეტი დასჭირდება.

წყლის დონის მატებამ დერბენტის რაიონში ფედერალური ავტომაგისტრალის მონაკვეთის დატბორვაც გამოიწვია. როგორც რეგიონის მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ისრაფილ ისრაფილოვმა "ინტერფაქსს" განუცხადა, მომხდარს ორი ადამიანი იმსხვერპლა.

"ძლიერმა დინებამ ავტომობილები წაიღო გზაზე მამედკალასა და გეჯუხს შორის. ადამიანები წყალში აღმოჩნდნენ როგორც დერბენტის, ისე მაჰაჩყალას მხრიდან. სამაშველო ოპერაციის დროს შვიდი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. სამწუხაროდ, გვაქვს ორი ლეტალური შემთხვევა“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, კაიტაგის რაიონის სოფელ კირკში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც ერთი სახლი სრულად განადგურდა, კიდევ ორი კი ნაწილობრივ დაზიანდა. ნანგრევებში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს, - წერს ТАСС საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.

მაჰაჩყალაში ძლიერი წვიმების შედეგად 5 აპრილს სამსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის, რადგან ყველა მცხოვრები დროულად იყო ევაკუირებული.

ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებით, ამ დროისთვის კიდევ ოთხი მეზობელი სახლის ნგრევის "პოტენციური საფრთხე“ არსებობს, რადგან საფუძვლები წყლისგანაა დაზიანებული. მათი მცხოვრებლებიც უკვე ევაკუირებულნი არიან.

წყალდიდობის ფონზე დაღესტანში დაიწყო A ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რათა თავიდან აიცილონ ინფექციის შესაძლო გავრცელება. პირველ რიგში აიცრებიან კვებისა და ვაჭრობის ობიექტების თანამშრომლები, საკანალიზაციო ქსელების მუშაკები, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული პირები და დროებით საცხოვრებელ პუნქტებში მყოფი მოსახლეობა.

მედიის ინფორმაციით, კარაბუდახკენტის რაიონში უკვე 30-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა ექიმს მოწამვლის სიმპტომებით. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება სუფთა სასმელი წყლის პრობლემას.