ავტორი:

"ნინო შინ, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა... ის საოცარი გოგო იყო, გადაყოლილი მერაბსა და შვილებზე" - რას იხსნებენ ოჯახის მეგობრები მერაბ სეფაშვილის მეუღლეზე?

"ნინო შინ, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა... ის საოცარი გოგო იყო, გადაყოლილი მერაბსა და შვილებზე" - რას იხსნებენ ოჯახის მეგობრები მერაბ სეფაშვილის მეუღლეზე?

ქართული ესტრადის ვარსკვლავის, მერაბ სეფაშვილის ოჯახში ტრაგედიაა - მომღერალს მეუღლე, ნინო ჯურხაძე გარდაეცვალა, რომელთანაც თითქმის 40-წლიანი თანაცხოვრება და საერთო ისტორია აკავშირებდა. ინფორმაცია თავდაპირველად წყვილის უახლოესმა მეგობარმა, პროდიუსერმა გია გოგორიშვილმა გაავრცელა.

ნინო ჯურხაძე წლების განმავლობაში ებრძოდა ჯანმრთელობის პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მისი ინსულტის შესახებ იყო ცნობილი, გარდაცვალების მიზეზი კიდევ უფრო მძიმე სენი აღმოჩნდა.

  • გია გოგორიშვილი: "ნინო შინ, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა“

AMBEBI.GE დაუკავშირდა მერაბ სეფაშვილის უახლოეს მეგობარს, გია გოგორიშვილს, რომელმაც ნინო ჯურხაძის პიროვნებასა და მისი ცხოვრების ბოლო პერიოდზე ისაუბრა:

- ძალიან მეგობრული, თბილი, გადასარევი გოგო იყო. გადაყოლილი იყო მერაბიზე, შვილებზე... ვუყვარდით მერაბის მეგობრებიც, ყველასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მარტო ჩემთან კი არა, სულ ყველასთან. ანგელოზებივით ბიჭები ჰყავს, ისეთი კაი გაზრდილები. იყო კარგი დიასახლისი, მეტი რა გითხრათ.

- თუმცა საზოგადოებაში გამოჩენა მაინცდამაინც არ უყვარდა.

- არ უყვარდა ახლა აფიშირება და კამერები. ჟურნალისტებს არ სწყალობდა, უფრო მეოჯახე იყო. მერაბიც ხომ იცით, ძალიან მოვლილი რომ დადიოდა, ახლა ყველა მეუღლისთვის თავისი მეუღლე განსაკუთრებულია, მაგრამ ეს მაინც სხვა ამბავია - არტისტი რომ ხარ და სულ ლუპის ქვეშ ხარ, იქ სხვანაირად ფასობს ეს ყველაფერი.

- მაია დათუნაშვილი წერს, რომ პირველად რომ დავინახე, რომი შნაიდერს ჰგავდაო. თქვენ თუ გახსოვთ, მათი სიყვარულის ისტორიის დასაწყისი?

- მე ცოტა მერე, უკვე ყმაწვილკაცობაში დავმეგობრდით. ბავშვობის მეგობრები არა ვართ, უფრო ასაკში, უკვე ბავშვები რომ ჰყავდათ, მაშინ დავძმობილდით.

- ბატონო გია, ვიცოდით, რომ რამდენჯერმე ინსულტი ჰქონდა გადატანილი...

- ინსულტი ჰქონდა, კი, და ხომ იცით, ინსულტი როგორც არის - სტანდარტულად მძიმე დაავადებაა, მაგრამ თავის ფეხით გადაადგილდებოდა, მეტყველება ცოტა უჭირდა, მაგრამ მერე აღმოაჩნდა სიმსივნე თავში. ინსულტით კი არ გარდაიცვალა, აი, ამ სიმსივნით.

ნინო ჯურხაძე შვილებთან ერთად

- საქართველოში დაიღუპა?

- კი, კი, სახლში იყო... შინ დაიღუპა.

  • "მისი გვერდით დგომა რომ არა, აქამდე ვერ მოვიდოდით“

მერაბ სეფაშვილი ყოველთვის ხაზს უსვამდა მეუღლის განსაკუთრებულ როლს მის ცხოვრებაში. წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი იხსენებდა:

"23 წლის ვიყავი, როდესაც ნინო ცოლად მოვიყვანე. მისი გვერდით დგომა გადამწყვეტი იყო - რომ არა ნინო, ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით. მისი მადლობელი ვარ, რომ შემინარჩუნა ოჯახი და შვილებთან ასეთი ურთიერთობა".

  • მოგონებები "ქართველ რომი შნაიდერზე“

ნინო ჯურხაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილიც გამოეხმაურა:

"პირველად 35 წლის წინ ვნახე... რომი შნაიდერს ჰგავდა და მაშინ მივხვდი, რატომ მღეროდა მერაბი ასე თავდავიწყებით სიყვარულზე. ახალი შეუღლებულები იყვნენ, მე მერაბთან ინტერვიუზე მივედი "იურმალას" ფესტივალის გამო... მერე ნინიკო მერაბზე მეტად შემიყვარდა - ლამაზი, ერთგული, ნიჭიერი და ოჯახს შეწირული".

ნინო ჯურხაძე მერაბ სეფაშვილისთვის ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელმაც მასთან ერთად 40-წლიანი რთული, თუმცა სიყვარულით სავსე გზა გაიარა.