ავტორი:

რა თქვეს კობახიძემ და ალიევმა შეხვედრის შემდეგ?

რა თქვეს კობახიძემ და ალიევმა შეხვედრის შემდეგ?

საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად სტუმრობს. მან შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

რა ითქვა ერთობლივ პრესკონფერენციაზე?

  • კობახიძე: "უპირველეს ყოვლისა, მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ ილჰამ ალიევს..."

ჩვენ გამოვხატეთ მზაობა მაღალი დონის დიალოგის გაგრძელებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის - საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან, კონსტრუქციულ თანაცხოვრებას და ახალ ინიციატივებს. საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

როგორც კობახიძემ საუბრისას აღნიშნა, საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ „დაამტკიცა, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლობიანი პარტნიორები“.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ ილჰამ ალიევს, საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ის გახლავთ საქართველოს ძვირფასი მეგობარი და მისი საქართველოში ჩამობრძანება არის განსაკუთრებული პატივი თითოეული ჩვენგანისთვის. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, გიმასპინძლოთ საქართველოში და განვიხილოთ როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ისე რეგიონში მიმდინარე პროცესები. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ თქვენი სამძიმრისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და პირადად თქვენი და აზერბაიჯანელი ხალხის მხრიდან გამოხატული თანაგრძნობისთვის. ჩვენ ამ მხარდაჭერას განსაკუთრებულად ვაფასებთ.

ასევე, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ პირად ძალისხმევას და თქვენს პირად ჩართულობას. მინდა მადლობა გადავუხადო დელეგაციების წევრებს, ჩვენს მინისტრებს, მთავრობების წარმომადგენლებს, ჩვენს ელჩებს, რომლებსაც განსაკუთრებული როლი შეაქვთ ამ ურთიერთობების განვითარებაში.

მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველოში, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ყოველთვის იყო, არის და იქნება აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი.

დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს.

ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გვინდა მივესალმოთ აზერბაიჯანისა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანაცხოვრებას. ასევე, ახალ ინიციატივებს. საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს.

ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნების, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა ქმნის ახალა პერსპექტივებს მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ ვაკვირდებით გლობალურ პოლიტიკურ პროცესებს და ეს ცვლილებები კიდევ უფრო მეტად ზრდის შუა დერეფნის მნიშვნელობას, მათ შორის შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის, როგორც სტრატეგიული სივრცის მნიშვნელობას.

ჩვენი ქვეყნები როგორც აზიის წევრობის დამაკავშირებელი ხიდები, საკვანძო როლს ასრულებენ დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ამ კონტექსტში ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურულ განვითარებას და მოდერნიზაციას. ჩვენ, საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლობიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში.

ჩვენ ასევე, შეხვედრის დროს განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობები, ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება მათ შორის, თანამშრომლობა ინვესტიციების ზრდის მიმართულებით.

ჩვენ გამოვხატეთ მზაობა მაღალი დონის დიალოგის გაგრძელებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ ფურო მეტად განვითარდება, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ. ამაში პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ასევე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც პირადად თქვენ შეგაქვთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში და განვითარებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

  • ალიევი: "ახალი რეალობა, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში, ამაზეც გვქონდა საუბარი"

სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები - ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი, არ უნდა იყოს დანაკარგი და მსგავსი მოვლენები არ უნდა შეეხოს. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ წარმოვჩინდებით როგორც მშვიდობის, სტაბილურობის და თანამშრომლობის რეგიონი,- ამის შესახებ კი ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მან საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას რეგიონში მშვიდობის დამყარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

"ახალი რეალობა, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში, ამაზეც გვქონდა საუბარი. ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, იმიტომ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები. ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი, არ უნდა იყოს დანაკარგი და მსგავსი მოვლენები არ უნდა შეეხოს. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ წარმოვჩინდებით როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. დღეს განსაკუთრებით უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს.

ბატონო პრემიერო, თქვენ ბრძანეთ სამშვიდობო პროცესის შესახებ, რომელიც ჩვენსა და სომხეთს შორის ვითარდება, მე მინდა ვთქვა, რომ ის შეთანხმებები, რომლებსაც ხელს ვაწერთ, არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ სამომავლოდ, ყველა ნაბიჯი უნდა იქნას გაძლიერებული და მშვიდობას აძლიერებდეს. ეს შეხვედრები, ეს ვიზიტები ამ მიმართულებით კეთდება. ჩვენ დავიწყეთ სომხეთთან ურთიერთობა საქართველოს გავლით და მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის ამ ხელშეწყობისთვის. რაც შეეხება ენერგეტიკას, ბევრი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იყო სანდო მხარდამჭერი ენერგოუსაფრთხოებისა ბევრი ქვეყნისა და ერისა, დღეს ჩვენი ბუნებრივი აირი გადის 16 ქვეყანაში ექსპორტზე, მაგრამ ექსპორტი იწყება საქართველოდან და საქართველოს გავლით, საქართველო არის პირველი ქვეყანა ამ მარშრუტზე, სადაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე, საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი. ასევე, ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის და ამაზე საუბარი გვქონდა, არსებულ ინფრასტრუქტურაზე, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ბაქო- თბილისი- ჯეიჰანის მილსადენი წარმატებით მუშაობს, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფანიც კარგად მუშაობს, ეს ინფრასტრუქტურა დიდი მნიშვნელობისაა ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ, ასევე, სატრანსპორტო კორიდორები განვავითარეთ. შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს და ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერიაა, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებთ, რომ გაძლიერდება და განვითარდება. საერთო ჯამში, ჩვენი დღის წესრიგი მსუყე და ფართომასშტაბიანია, ახალი თემები ემატება, ახალი იდეები და პროექტები ემატება ამ დღის წესრიგს და ჩვენ საერთო ძალისხმევით ამას ყველაფერს განვახორციელებთ.

კიდევ ერთი პირობა არის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც შეიძლება გამოდგეს მაგალითად ყველა მეზობელი სახელმწიფოსთვის, იმიტომ, რომ ურთიერთპატივისცემის და ურთიერთნდობის საფუძველზე ხდება ყველაფერი, საერთო ინტერესებს ვუფრთხილდებით და მეგობრობას და ეს არის კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობა.

დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებულ გზაზე ვივლით ყოველთვის და მინდა ვუსურვო ქართველ ძმურ ერს მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა“, - განაცხადა ალიევმა.