სტუმრად პატრიარქთან - ეს ფოტოები 2013 წელსაა გადაღებული სოფელ სნოში, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მშობლიურ რეზიდენციაში და დაუვიწყარ ამბავს მახსენებს.
იმხანად აღმოვჩნდი ქართულ-ფინური საერთაშორისო პროექტის - "მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის, უკეთესი მომავლისთვის, გავეცნოთ, ვენდოთ ერთმანეთს“ მონაწილე. შემეცნებით-საგანმანათლებლო-საინტეგრაციო-კულტურულ-სპორტულ-გამაჯანსაღებელი სკოლა-აკადემია "ევრიკის“ ორგანიზატორებმა ულამაზეს მოგზაურობაში წამიყვანეს - მასპინძელ ქართველებთან და საქართველოში მოწვეულ აფხაზ, ინგუშ, ჩეჩენ და ოს ახალგაზრდებთან ერთად. პროექტის ავტორი და ორგანიზატორი მანანა კვენეტაძე-მაჭავარიანი გახლდათ. სტატიაში, უსაფრთხოების მიზნით, ზოგიერთი ახალგაზრდის შეცვლილ სახელებსა და ინიციალებს დავწერ. რამდენიმედღიანი პროექტის კულმინაცია სნოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან სტუმრობა იყო. უწმინდესმა თავად მიიპატიჟა ახალგაზრდები და კარგა ხანსაც დაყო ჩვენთან ერთად.

ყველაზე თამამი ალექსანდრე აღმოჩნდა - პირველად სწორედ ის გაეცნო პატრიარქს. მახსოვს, იქვე უამბო, რომ სტუდენტი იყო, სოხუმში სწავლობდა და უკვე მეორედ მონაწილეობდა ამ პროექტში, - ისე მომეჩქარებოდა საქართველოში, საათების განმავლობაში საზღვარზე დგომაც არაფრად მიღირდაო, - უთხრა უწმინდესს და დააყოლა, - დიდი მადლობა, რომ თქვენ გვყავხართო.

ალექსანდრეს მეც გავესაუბრე და მითხრა, - ასე თუ წარიმართებოდა პატრიარქთან ვიზიტი, ვერც წარმოვიდგენდი. გავოცდი და გავნერვიულდი, ჩვენი ლექსების, სიმღერებისა და სიტყვების შემდეგ ატირებული პატრიარქი რომ დავინახე. ჩვენც ავტირდით... ავტირდით კი არა, ყველანი ავქვითინდით... ბედნიერებისგან, მასთან რომ მოვხვდითო. მანვე უწმინდესს ქართული ენისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი წაუკითხა და გვიამბო, რომ აფხაზეთში დამწყები პოეტების კონკურსისთვის დაუწერია. სხვათა შორის, ეს ლექსი მეორე ადგილზე გასულა და აფხაზეთშივე ახალგაზრდისთვის ტელეფონიც კი გადაუციათ პრიზად.
ჩემს ახლად შეძენილ აფხაზ მეგობარს, რომელსაც ქართული სისხლიც ურევია ძარღვებში, ლექსის რამდენიმე სტრიქონი "გამოვტყუე“ და დავპირდი კიდეც, პატარა ნაწყვეტის გაურითმავ ქართულ თარგმანს თქვენც წარმოგიდგენთ, ჩვენო მკითხველებო:
"ქართულო ენავ, ცხოვრებავ ჩემო, მამასავით ბრძენი ხარ და დედასავით მოსიყვარულე;
ვგრძნობ, შენში ჩემი მშობლიური მიწის ყველა სურნელია შეზავებული;
ვგრძნობ, ყველა ჩიტმა შენს ხმოვანებას შეუერთა ხმა“...

სოხუმში მცხოვრები ა. ლ. პროექტში მეორედ მონაწილეობდა. მახსოვს, იგი განსაკუთრებით ემოციურად ესაუბრა პატრიარქს, თუმცა ამას "საუბარსაც“ ვერ დაარქმევდი: რამდენიმე სიტყვის შემდეგ ისე ამოუჯდა გული, სლუკუნ-სლუკუნით ძლივს შეძლო, მოსიყვარულებოდა უწმინდესს. მითხრა კიდეც, განა მინდოდა, მეტირა, მაგრამ უცებ ძალიან განვიცადე, რომ თქვენ - ქართველებს ჩვენთან ჩამოსვლა არ შეგიძლიათ... რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ისევე ტკბილად დაგხვდეთ და გიმასპინძლოთ, როგორც თქვენ აკეთებთ ამას... თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ სწორედ ჩვენი - სტუდენტების, ახალგაზრდების მეშვეობით ისე შეიცვლება ცხოვრება, რომ თავისუფლად ჩამოხვალთ, ჩვენც გულთბილად დაგხვდებით და აფხაზეთის დიდი ხნის უნახავ და მონატრებულ ადგილებსაც გაჩვენებთო. პატრიარქთან მისი შეხვედრა ძალიან ემოციური აღმოჩნდა - მან ცრემლებით გამოხატა თავისი გულისტკივილი აფხაზეთისა და საქართველოს დაშორების გამო, ასევე - სინანული იმის გამო, რომ ქართველებს არ შეუძლიათ აფხაზეთში თავისუფლად ჩასვლა, ხოლო აფხაზებს - მათი მასპინძლობა. მიუხედავად ამისა, ა. ლ. იმედიანად იყო, რომ სწორედ ახალგაზრდების მეშვეობით შეიცვლებოდა სიტუაცია, მოვიდოდა დრო, როდესაც პატრიარქი კვლავ თავისუფლად ჩავიდოდა აფხაზეთში და მასპინძლები სტუმრებს მონატრებულ ადგილებს მოატარებდნენ.
ძალიან თბილი და მოსიყვარულე ფატიმა პანკისში ცხოვრობდა - ჩეჩნეთიდან ჩამოვიდა. გაცნობისას რუსულად დაველაპარაკე, რადგან ქართული არ ესმოდა, გამოსამშვიდობებელ საღამოს კი შეხვედრისთანავე ვკითხე, ფატიმა, ქართული ისწავლე-მეთქი? და კისკისით ქართულადვე მიპასუხა: ცოტა-ცოტაო. დღესაც ყურში ჩამესმის მისი ტკბილი სიმღერა, რომელიც, თურმე, სამშობლოს სიყვარულსა და სილამაზეზე იყო. გარდა სიმღერისა, ჩეჩენმა ფატიმამ უწმინდესს სამშობლოსადმი მიძღვნილი ჩეჩნური ლექსიც წაუკითხა.

დიანა აიოზბა ბათუმში ცხოვრობდა, მამა აფხაზი ჰყავდა, დედა კი - აჭარელი. ეამაყებოდა, რომ ძალიან დიდი ხნის წინ აჭარაში იძულებით გადასახლებული და ფერიას მთაზე დასახლებული პირველი აფხაზის - ჰასან აიოზბას შთამომავალი იყო; ეამაყებოდა, რომ უკვე ქრისტიანიც გახდა - სწორედ მაშინ, პროექტის დღეებში, დარიალის ხეობაში მოინათლა აფხაზეთიდან ჩამოსულ ა. ლ.-სთან ერთად. მისი ერთი ნათლია სოხუმიდან ჩამოსული აფხაზია, მეორე - თბილისელი.
ულამაზესი სოხუმელი აფხაზი გოგონა, რომლის მშობლები სოხუმში ცხოვრობდნენ, საკუთარი გადაწყვეტილებით გადმოპარულა თბილისში, ეროვნული გამოცდები ჩაუბარებია და ერთ-ერთ უნივერსიტეტში მოწყობილა კიდეც. იმხანად მან მხოლოდ აფხაზური და რუსული იცოდა, თუმცა სულ მალე ქართულის სწავლასაც აპირებდა. გოგონა თითქმის არ ლაპარაკობდა და მხოლოდ პატრიარქთან გავიგონეთ პირველად მისი ხმა. ცრემლები ახრჩობდა, ხმა უკანკალებდა და თან მადლობას უხდიდა უწმინდესს დალოცვისთვის და იმედისთვის, რასაც უნერგავდა ახალგაზრდებს. პირველად სწორედ მისი სიტყვების შემდეგ შევნიშნეთ პატრიარქს ცრემლები: - უწმინდესო, უკვე მეორედ მოვხვდი თქვენთან. პირველი შეხვედრისას თქვენ მე დამარწმუნეთ, რომ ყველაფერს შევძლებდი და შევძელი კიდეც: გამოცდები წარმატებით გავიარე საქართველოში, აფხაზური ენა ჩავაბარე და დღეს უკვე სტუდენტი ვარ. აქ წამოსვლის წინ დედას ველაპარაკე და რომ ვუთხარი, სად მოვდიოდი, მითხრა, ეს საუკეთესოა, რაც შეიძლება მომხდარიყო შენს ცხოვრებაშიო. დიდი მადლობა, რომ თქვენ გვყავხართ. იმედი მაქვს, მალე სხვა აფხაზი ახალგაზრდებიც მოვლენ აქ, თქვენთან და ისინიც ისეთივე ბედნიერები გავლენ თქვენთან შეხვედრიდან, როგორი ბედნიერიც მე ვარ ამ წუთსო.
მახსოვს, პატრიარქის რეზიდენციიდან გამოსულ, 16 წლის ტყვარჩელელ მ. ნ.-ს რომ გამოველაპარაკე, მითხრა, - პატრიარქს რომ მივუახლოვდი, ძალიან ავნერვიულდი. ისე დავიბენი, აფხაზეთიდან ჩამოტანილი სუვენირი, ახალი ათონის მღვიმის გამოსახულებით, ძლივს გადავეცი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, პატრიარქმა რომ ჩამიხუტა და მაკოცაო.
კიდევ ერთ აფხაზს, ოჩამჩირელ ა.ზ.-ს ალექსანდრესთვის უთქვამს, როგორ მებრალებიან აფხაზეთში მცხოვრები აფხაზები. მათ არ იციან, რა არის საქართველო და როგორი კულტურა აქვსო.
გასაოცრად ლამაზი ხმის ტემბრის მომღერალს, იმხანად 16 წლის ხობელ ნინო გოთოშიას "ავე მარია“ უნდა შეესრულებინა უწმინდესისთვის, ძალიან ღელავდა და რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ ძლივს დაიწყო კიდეც, მაგრამ ცრემლებმა ლამის დაახრჩო და აქვითინებული გადგა გვერდით. თუმცა დამშვიდობების წინ მაინც მიეახლა პატრიარქს, დაუჩოქა და რაღაც არაბუნებრივი, უჩვეულო ხმით ამღერდა: "მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა...“ ამ უშუალო, თბილ და გულწრფელ ახალგაზრდებთან შეხვედრით ისედაც გულაჩუყებული პატრიარქისთვის ნინოს სიმღერა კულმინაცია აღმოჩნდა - მანამდე თუ მალულად იმშრალებდა ცრემლს, ნინოს სიმღერისას უკვე აღარც მალავდა... ოთახში მყოფთაგან არც არავინ ვმალავდით ცრემლს, სიყვარულს, ემოციას - ტიროდნენ ვაჟებიც და ვტიროდით გოგონებიც, უფროსებიც და უმცროსებიც და პატრიარქთან სტუმრობა იყო დღესასწაული, რომელიც თითოეულს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგვყვება.

დამშვიდობებამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ახალგაზრდებს საჩუქრად თავისი საგალობლების დისკები დაურიგა და რამდენიმე საგულისხმო სიტყვაც უთხრა:
"11 წელიწადს ვმსახურობდი აფხაზეთში და არასდროს დავივიწყებ იმ სიყვარულს, რაც იქ აფხაზებისგან დავინახე. ეს ნამდვილი სიყვარული იყო, ხოლო რაც შემდეგ მოხდა, ქართველებისა და აფხაზების მტრებმა გააკეთეს. მიმაჩნია, რომ ჩვენ კარგად ვიცნობთ და გვიყვარს ერთმანეთი. ის წლები კი უბედნიერესი იყო ჩემს ცხოვრებაში. მე ყოველთვის ვლოცულობ თქვენთვის - აფხაზეთისთვის, ცხინვალის მოსახლეობისთვის. კარგად ვიცნობ აფხაზებსაც და ოსებსაც... ჩვენ მართლმადიდებლები ვართ. ღვთის შემწეობისა და კურთხევის იმედი მაქვს. ვიმედოვნებ, მალე ჩამოვალ აფხაზეთში. სოხუმში, ნინოშვილის 13 ნომერში ვცხოვრობდი. იქ, ჩვენს ნაყიდ სახლში ახლა ვიღაც ცხოვრობს... გადაეცით აფხაზებს, რომ ძველებურად მიყვარან და ყველაფერს ვპატიობ ქართველებსაც, რუსებსაც, აფხაზებსაც და ოსებსაც. ღმერთმა გვაპატიოს ყველას", - . ისეთი დამაჯერებელი იყო უწმინდესის სიტყვები, რომ წამში ყველას ჩუმად აღმოხდა "ამინ!“
16 დღის განმავლობაში "ევრიკელებმა" სამხრეთ საქართველოდან დარიალის ხეობამდე, ჩრდილოეთ საქართველომდე მრავალი ადგილი მოინახულეს. მახსოვს, ფასანაურის კულტურის სახლში მთიულების მიერ "ევრიკის“ წევრების პატივსაცემად მოწყობილ დღესასწაულზე სნოში, უწმინდესისგან სიყვარულით სავსე მომავლის იმედით გამხნევებული ერთ-ერთი "ევრიკელი გოგონა" საღამოსთვის შერჩეული ლექსის ნაცვლად ექსპრომტად იმ დღეებში დაწერილი საკუთარი ლექსით წარმოგვიდგა: "...აღარ გვინდა, ნუ გვახსენებთ აქ ჩვენამდე რა იყო,/ ჩვენ თვითონაც განვიცადეთ, რაც კი ომმა წაიღო.../ და იქნება... ის დღეც მალე იქნება/ და მე ჩავალ სოხუმში,/ არა მარტო ფიქრებად და სიზმრებად,/ ამას ჩვენი ერთად ყოფნა მპირდება.../ და თუ ღმერთმა მართლა ასე ინება,/ საქართველო სულ მალე ერთიანი იქნება“.
იმხელა იმედი იგრძნობოდა სტუმარ-მასპინძლისგან, რომ უფლებაც არ გვქონდა, უწმინდესისა და უნეტარესი და კიდევ - ამ გულანთებული ახალგაზრდების არ გვერწმუნა.
ირმა ხარშილაძე