ავტორი:

ვის და რატომ ემუქრება ტრამპი დაპატიმრებით და ვინ არის ისრაელელი ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, რომ დაკარგული ამერიკელი მფრინავის შესახებ ინფორმაცია პირველმა გაასაჯაროვა

ვის და რატომ ემუქრება ტრამპი დაპატიმრებით და ვინ არის ისრაელელი ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, რომ დაკარგული ამერიკელი მფრინავის შესახებ ინფორმაცია პირველმა გაასაჯაროვა

ისრაელელი ჟურნალისტის, ამიტ სეგალის განცხადებით, ის არის პირველი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანში F-15-ის ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შედეგად მეორე მფრინავი დაკარგული იყო. ამერიკელები ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებდნენ და დაკარგული მფრინავის პოვნასა და გადარჩენას ცდილობდნენ.

  • მეორე დაკარგული ავიატორის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის განსაკუთრებით მგრძნობიარე პერიოდში.

ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგი გამართა და ინფორმაციის გავრცელების პირველწყაროს დაემუქრა დაპატიმრებით, თუკი ის წყაროს არ გაამხელდა.

  • თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, თეირანმა ამერიკელი მფრინავის დაჭერისთვის ჯილდო დააწესა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, "ხელისუფლება იპოვის იმ პიროვნებას, რომელმაც ეს ინფორმაცია პირველმა გაასაჯაროვა".

მან საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებაში ამერიკული მედია დაადანაშაულა, თუმცა კონკრეტული მედიაორგანიზაციები არ დაუსახელებია.

აშშ-ის პრეზიდენტის ბრიფინგიდან რამდენიმე საათში, ისრაელელმა ჟურნალისტმა ამიტ სეგალმა "ტელეგრამის" არხზე დაწერა, რომ სწორედ ის იყო, პირველი ადამიანი, რომელმაც დაკარგული ამერიკელი ავიატორის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა ეს პოსტი სისხლის სამართლებრივი დევნის აშკარა შეშფოთების გარეშე გამოაქვეყნა. თუმცა როდესაც "ნიუ იორკ პოსტმა" კითხვები დაუსვა, სეგალმა გარკვეულწილად უკან დაიხია და თქვა, რომ დარწმუნებული არ არის იყო, თუ არა პირველი, რომელმაც ეს ამბავი გაავრცელა, შემდეგ პოზიცია შეცვალა და თქვა - "მე დავიცავ ჩემს წყაროებს“.

  • უცნობია, როგორ შეუძლია აშშ-ის ხელისუფლებას ისრაელის მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, ან ისრაელის საინფორმაციო საშუალებას წყაროების დასახელება აიძულოს.

43 წლის სეგალი ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტია. ის არის Channel 12-ის პოლიტიკური მიმომხილველი და Yedioth Ahronoth-ის სვეტის ავტორი. სეგალს აქვს ტელეგრამის არხი 300 000-ზე მეტი გამომწერით და ასევე ყოველთვიურად წერს სვეტს The Wall Street Journal-ისთვის.

იგი ისრაელის პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ხმად ითვლება.